ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს.
ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა.
როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო.

საპროექტო და საწარმოო დანიშნულებით ასათვისებელი საზღვრები / ფოტო სკრინინგის განცხადებიდან.
„საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა დანადგარები უკვე განთავსებულია“- წერს „ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა.
სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ჩატარება იმ საქმიანობაზე, რომელიც „ამბასადორს“ უკვე დაწყებული აქვს.
„ინფრასტრუქტურის მოწყობამდე ტერიტორია გაიწმინდა ბუჩქნარისგან და დაიფარა ინერტული მასალის რამდენიმემეტრიანი ფენით. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურა განთავსებულია სწორედ ინერტული მასალის მოსწორებულ ფენაზე“ – წერია განცხადებაში.

საწარმოო ზონაში არსებული საფარველი / ფოტო სკრინინგის განცხადებიდან
„სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადებაზე“ თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ამბასადორთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საიჯარო ხელშეკრულებები 2024 და 2025 წლებში აქვს გაფორმებული სხვადასხვა ნაკვეთზე.
იჯარის ვადა 7 და 6 წელია.
„ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში წერს, რომ 34-მდე ჰექტარი ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, თუმცა ამავე განცხადებაში უთითებს, რომ გარკვეული ტერიტორიის [რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაშია] იჯარით აღების საკითხი დასრულებული არ არის:
„კომპანიამ მიმართა სს „საქართველოს რკინიგზას“ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან, იჯარის უფლებით ჯამში 6 343 კვადრატული მეტრი ფართობის გადმოცემის თაობაზე, რაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“.
„გაცნობებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ნაკვეთებზე იჯარის უფლებით სარგებლობა გვესაჭიროება 12 წლის ვადით,“ – წერს „ამბასადორი“ საქართველოს რკინიგზას.
„ამბასადორის“ განცხადებით, ობიექტის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს ბეტონისა და სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალის დამზადება, რომელიც გამოყენებული იქნება ხელოვნური კუნძულის სამშენებლო მიზნებისთვის:
„საწარმოში დამონტაჟდა MB-K145 მოდელის სასაქონლო ბეტონის დანადგარი, რომელიც, საპროექტო მაჩვენებლებით, უზრუნველყოფს საათში 140 კუბური მეტრი [333,2 ტ/სთ] ბეტონის მიღებას. ბეტონის წარმოება გულისხმობს ცემენტის, ინერტული მასალის [ღორღი და ქვიშა], ქიმიური დანამატის და წყლის შესაბამისი პროპორციით შერევას ბეტონშემრევ დანადგარში“.
სკრინინგის განცხადება მოიცავს მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და შესაძლო ზემოქმედების თაობაზე.
„საწარმოს ტექნოლოგიური პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და მისი მართვა ხორციელდება სპეციალური საკონტროლო კაბინიდან ოპერატორების მიერ.
ინერტული მასალა დატვირთული იქნება ხალას და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში. გადაზიდვები დღის განმავლობაში განხორციელდება მაშინ, როცა სატრანსპორტო მოძრაობა ხელსაყრელია, ხოლო გადატვირთულ დროს – ღამით. მიღებული ნედლეული შეინახება მარაგების ტერიტორიაზე. ქარხანა იმუშავებს ძირითადად დღის ცვლაში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა,“ – წერია სკრინინგის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, „ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშით თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ბეტონის კვანძის განთავსება უშუალოდ კუნძულის სამშენებლო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით. მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული ინფრასტრუქტურა გადატანილია უკვე არსებულ სამრეწველო ზონაში – ბენზეს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს უფრო ხელსაყრელ ალტერნატივას, ვინაიდან შემცირებულია ზღვის აკვატორიასა და სანაპირო ეკოსისტემებზე პირდაპირი ზემოქმედების რისკები“.
„ამბასადორის“ ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია საცხოვრებელი ბანაკი დასაქმებული პერსონალისთვის [ამ ბანაკში კი განთავსდება როგორც სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს პერსონალი, ასევე ხელოვნური კუნძულის მშენებლობისათვის საჭირო პერსონალი] და საოფისე შენობა – ნაგებობა.
უშუალოდ სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში სულ დასაქმებული იქნება 12 ადამიანი.
„სოციალური და ეკონომიური თვალსაზრისით, საწარმოს საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც დადებითი. საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე 12 ადამიანი იქნება დასაქმებული. მოცემული ციფრი ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკის ჭრილში სერიოზულ ეკონომიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, თუმცა გარკვეული პერიოდით დასაქმებული პერსონალის ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება.
გარდა აღნიშნულისა, საწარმოს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხების მობილიზებას, საწარმოს ფუნქციონირებისას გადასახადების სახით ბიუჯეტში შევა გარკვეული რაოდენობის თანხები“ – წერს „ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში.
გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელ ზემოქმედებას რაც შეეხება, სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რადგან საპროექტო ტერიტორიაზე წარმოებისათვის საჭირო ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია, მოსალოდნელი ზემოქმედება შეფასდება წარმოების პროცესისთვის…“ ამ შეფასებას კი გარემოს სააგენტო შეისწავლის.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 50 სატრანსპორტო ოპერაციაა მოსალოდნელი [იგულისხმება ინერტული მასალის შემოტანის და დამუშავებული მასალის ტერიტორიიდან გატანის პროცედურები], რამაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს ბათუმის სატრანსპორტო ნაკადების ზრდაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ტურისტული სეზონი, როდესაც ქალაქ ბათუმში სატრანსპორტო ნაკადების იზრდება და ადგილი აქვს გადაადგილების სერიოზულ შეზღუდვებს. წარმოების პროცესში, მასალების ტრანსპორტირების გეგმა შედგენილია იმგვარად, რომ არიდებული იყოს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვა. მასალების ტრანსპორტირება, გარდა აუცილებელი შემთხვევების, არ ხორციელდება პიკის საათებში.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ალტერნატიული მარშრუტები. საპროექტო ტერიტორიის საწარმოო დანიშნულებით შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ სატრანსპორტო ნაკადების და სიახლოვის პრინციპის გათვალისწინება გახდა. საწარმოო ობიექტი მასალებით ამარაგებს ბათუმის ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს, ხელოვნური კუნძულის ტერიტორია რამდენიმე ასეულ მეტრშია წარმოდგენილი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ნაკადებზე უარყოფითი ზემოქმედება დაბალი მნიშვნელობისაა“ – წერს „ამბასადორი“.

1 – ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია ზღვაში. 2 – ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია სადაც „ამბასადორი“ ბეტონის ქარხანას აწყობს [ამ ტერიტორიებს შორის რკინიგზა („ბათუმი ცენტრალი“) და ბათუმი-მახინჯაურის ავტომაგისტრალია].
„დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 11 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112, ან ელ/ფოსტით: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“ – წერს სააგენტო.
ბათუმში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი 22 წლის წინ დაიწყო.
მოგვიანებით, ყოფილი ბნქ-ს [ე.წ. „ბენზე“] ტერიტორიით სამომავლო სარგებლობის ოთხი სავარაუდო სცენარიდან უპირატესობა მის საცხოვრებელი დანიშნულებით სარგებლობის ფორმას მიენიჭა.
ამ თემაზე ვრცლად:
ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება






