მთავარი,სიახლეები

„ოცნების ეს ნაბიჯი ნიშნავს ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს“ – ინტერვიუ

09.02.2026
„ოცნების ეს ნაბიჯი ნიშნავს ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს“ – ინტერვიუ

„დაუშვებელია იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრთან იყოს ანგარიშვალდებული… ეს ნაბიჯი ნიშნავს ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს,“ – აცხადებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი. ის იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერ-მინისტრზე დაქვემდებარებას აპროტესტებს.

ეს ის სამსახურია, რომელიც სოციალურად დაუცველ ადამიანებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას.

„ადვოკატები უყურებენ, როგორ მიდიან ნელ-ნელა იუსტიციის სამინისტროსკენ… ყველაფერი დაახშეს და გაანადგურეს. რჩება მარტო ეს სეგმენტი – ადვოკატთა ასოციაცია. როგორც კი, იტყვი, მაგალითად, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იუსტიციის მინისტრი მეორე დღეს გაგრიცხავს,“ – ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

რატომ არის საფრთხე იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერ-მინისტრთან ანგარიშვალდებულება? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე ადვოკატს, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა:

  • ბატონო ზაზა, დღეს, 9 თებერვალს, კანცელარიასთან გამართულ ადვოკატების ბრიფინგზე აღნიშნეთ, რომ იურიდიული სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლა ნიშნავს „ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს“. რა საფრთხეს ხედავთ კონკრეტულად? 

იურიდიული დახმარების სამსახურში ყველა არის ადვოკატი, ხომ? ადვოკატი არის დამოუკიდებელი პროფესია, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში ჩარევის უფლება არავის აქვს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს იურიდიული სამსახურის დირექტორს, ანუ, დამოუკიდებელი ადვოკატების დირექტორი უნდა დანიშნოს და გაათავისუფლოს პრემიერ-მინისტრმა.

აქამდე იურიდიული სამსახურის მონიტორინგის საბჭო ირჩევდა დირექტორს და ამ საბჭოს შემადგენლობაში ნახევარზე მეტი იყო არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი. სახელმწიფო იქ ვერავის ვერ გაიყვანდა ვერასდროს. მონიტორინგის საბჭოს დაკომპლექტების წესიც იცვლება და იქ უკვე აბსოლუტურ უმრავლესობას გააკონტროლებს სახელმწიფო.

ადვოკატების ბრიფინგი კანცელარიასთან. 2026 წლის 9 თებერვალი

  • რატომ დასჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, თქვენი აზრით, „ქართულ ოცნებას“? რას უპირებს „ოცნება“ ადვოკატებს? 

დღეს პარლამენტი არის მთლიანად „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში. ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება თუ პარლამენტის წინაშე, ამით სამართლებრივად დიდი სასწაული არ ხდება. თუ რაღაც ჩანაფიქრი არ არის, ამ ნაბიჯზე რატომ წავიდოდნენ?

გაეროს პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, რომელიც მიღებულია 1990 წელს ჰავანაში, ჩაწერეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ის, რომ ადვოკატებმა თავიანთი საადვოკატო საქმიანობა განახორციელონ შიშის, ჩარევის და დაბრკოლების გარეშე. ეს დაცული იქნება, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის კურაციის ქვეშ იქნებიან? ეს არის პირდაპირ კონვენციის დარღვევა, გაეროს პრინციპების ადვოკატთა როლის შესახებ. ამიტომაც, ამას მე კი არ ვამბობ მხოლოდ, ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა.

ადვოკატურა არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ამ დროს ადვოკატურის კონკრეტული სეგმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადადის, ანუ ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე. რა ხდება რუსეთში, ბელარუსში, ან ყაზახეთში, პოსტსაბჭოთა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში? – ადვოკატთა ასოციაცია არის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში.

უკვე ორი კვირაა ვამბობ, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადადის ადვოკატთა ასოციაცია. ფაქტობრივად, ყველაფერი დაახშეს და გაანადგურეს. რჩება მარტო ეს სეგმენტი – ადვოკატთა ასოციაცია.

დაახლოებით 400 ადვოკატამდეა იურიდიული დახმარების სამსახურში…. საქართველოს ადვოკატთა კორპუსი თუ არ გამოფხიზლდა, ერთ დღეს გავიღვიძებთ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში.

2016 წელს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი და ბრიუსელში მთხოვეს, დამეცვა ბელარუსი ადვოკატი, რომელიც ბელარუსის იუსტიციის მინისტრმა გარიცხა. იცით, რას ედავებოდნენ იმ ადვოკატს? – ლუკაშენკოს ერთ-ერთ არჩევნებში მოწინააღმდეგე ჰყავდა და მისი სამართლებრივი დაცვა გაბედა. ამ ადვოკატის ცოლი და დედაც ადვოკატები იყვნენ. სამივე გარიცხეს ადვოკატთა ასოციაციიდან ყოველგვარი განმარტების გარეშე. ადვოკატის ცოლმა როცა იკითხა, მე რა შუაში ვარო, უთხრეს: ქმარს თუ გაეყრები, აღგადგენთო. აი, ეს არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა.

ჩვენს შემთხვევაშიც ეს იქნება: როგორც კი, იტყვი, მაგალითად, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იუსტიციის მინისტრი მეორე დღეს გაგრიცხავს.

როგორც გამოცდილი ადამიანი და ყოფილი თავმჯდომარე, რისკს ვხედავ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადაყვანის. ერთ დღეს გაიღვიძებს ადამიანი და იტყვის, რომ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში უნდა გადავიდეთ. არის რამე შემაკავებელი ბერკეტი?

  • ფიქრობთ, რომ ამას ადვოკატები წინააღმდეგობას არ გაუწევენ?

არ ვიცი. ახლა მარტო ვყვირი და კიდევ დაახლოებით ათი ადამიანი. ასი ადვოკატი მილაიქებს ამ განცხადებას, 6000 ადვოკატს კი, სავარაუდოდ სძინავს. ხელისუფლება ამას უყურებს, ხომ?!

„ოცნებას“ თუ არ უნდა ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, ეს ცვლილება რაში სჭირდებოდათ? პარლამენტში ხომ მათი აბსოლუტური უმრავლესობაა? ეს რომ გაბედეს და ამაზე ხმა არავინ არ ამოიღო, იმასაც მიაყოლებენ.

ეს პირველი ნაბიჯია, მოსინჯეს ნიადაგი — აღმოჩნდა, რომ მარტო ხატიაშვილი ყვირის და ერთი 30 კაცი უჭერს მხარს, უიმე, ადვოკატებს თურმე მოსწონთ ეს, რა კარგია. აი, ეს მომენტია.

  • რატომ არ ისმის თავად იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ხმა? 

ისინი ჩემი კოლეგები არიან და ვერ ვისაუბრებ, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე მეტი გამამართლებელი განაჩენი, მაგალითად, გამოაქვთ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს.

გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს იმას, რომ ადვოკატმა პროკურატურას საქმე დაუნგრია და ზედმიწევნით ზეპირად იცოდა საქმე, თითოეულ ფურცელს ჩაჰკირკიტებდა.

  • თუმცა ბოლო ტენდენცია აჩვენებს, რომ მთლად ასეც არაა: მაგალითად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რაც გამამართლებელი განაჩენების ძირითადი ნაწილია, ადვოკატები მოქმედებენ სქემით: მთავარია, დაზარალებულად ცნობილი ქალი გაჩუმდეს და ბრალდებულის გამართლება ხელში გაქვს…

მხოლოდ ოჯახში ძალადობას არ ვგულისხმობ. დამერწმუნეთ, იურიდიული დახმარების სამსახური საკმაოდ კვალიფიციური კორპუსია, საკმაოდ კვალიფიციურად ახორციელებენ დაცვას. უბრალოდ სახელმწიფომ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო: ბევრი საქმე აქვთ ძალიან.

პროცესი მიდის იქითკენ, რომ ადვოკატთა ასოციაცია გახადონ იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. თუ რომელიმე ადვოკატი იტყვის, რომ სინდისის პატიმარს იცავს, მეორე დღეს გარიცხავენ.

„გრანტების შესახებ“ კანონს ხომ იღებენ? – თუ იტყვი, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, ამის გამოც შეიძლება ჩაჯდე ციხეში. ადვოკატთა ასოციაცია რომ გადაიყვანონ იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, ჭკუა დაუშლით, თუ გონება? ბოლო სეგმენტი რჩება ადვოკატთა ასოციაცია. დებილები ხომ არ არიან, რომ ეს დატოვონ?

ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი სახაზინო ადვოკატებიდან. 18 მილიონი აქვთ წელიწადში დაფინანსება და „ჩვენ ვუხდით ფულსო“, წარმოგიდგენიათ? სახელმწიფო ბიუჯეტი ქირაობს ადვოკატებს, რომ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება გაუწიონ სოციალურად დაუცველ ფენას. „ქართული ოცნება“ არის ბიუჯეტი?

ადვოკატები უყურებენ, როგორ მიდიან ნელ-ნელა იუსტიციის სამინისტროსკენ და ეს ძალიან გულს მტკენს.

________________________________________________

ფოტოზე: ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: