მთავარი,სიახლეები

პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

14.11.2025
პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა.

სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლო  პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა.

„მზია ამაღლობელის ტელეფონზე დანიშნული იყო ექსპერტიზა. დასრულდა ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ. ვითხოვთ ამ დასკვნის საქმეზე დართვას“- თქვა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – თქვა პროცესზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

მზია ამაღლობელს პირადი ნივთები, გასაღები, საბანკო ბარათი და მობილური ტელეფონი 12 იანვარს, დაკავებისას ჩამოართვეს.

მოგვიანებით, მზია ამაღლობელის წინა სასამართლო სხდომაზე, პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს მიმართა, ამაღლობელის საქმისთვის დაერთოთ მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.

როგორც აღმოჩნდა, მზია ამაღლობელის საქმეში გაჩნდა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომელმაც 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს მისწერა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.

პროკურატურამ სწორედ ამ პატაკით მოითხოვა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თითქმის 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ექსპერტიზა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში არ აღმოჩნდა არანაირი ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა ცრუ ინფორმაციას, რომ სილა თითქოს „წინასწარ იყო დაგეგმილი“.

მოგვიანებით, პროკურატურამ მზია ამაღლობელის საქმიდან 8 მოწმე ჩახსნა, მათ შორის დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია.

დღეს კი სახელმწიფო ბრალდებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მზია ამაღლობელის ტელეფონში დიფ სტეიტი ვერ იპოვა“.

ამავე თემაზე:

ცრუ მოწმე პოლიციელი, ვლადიმერ ჩიტაია მზია ამაღლობელის საქმეში – „მე არაფრის მეშინია“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: