მთავარი,სიახლეები

“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვახო სანაია” – ეთიკის ქარტია

19.10.2025
“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვახო სანაია” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.

ვახო სანაია დღეს, 19 ოქტომბერს დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, პოლიცია მას, სავარაუდოდ, 18 ოქტომბერს, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავება.

„ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას.

ის, თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება – „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე, ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა.

მედია უკვე დიდი ხანია „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ვახო სანაიას დაკავებას და მას მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს.

უსამართლო კანონების საფუძველზე, რომლებიც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება, ჟურნალისტს ხელი ეშლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ის დღეს ვერ შეძლებს „ფორმულას“ საღამოს ეთერში გადაცემის წაყვანას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვახო სანაია და მომავალშიც თავი შეიკავოს ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისგან,“ – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა – კოალიცია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: