„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია.
16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული ხმის მიცემის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპარლამენტი აქვეყნებს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში არიან:
- ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან;
- ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატს, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
- სერბი სტუდენტები.
განცხადების მიხედვით, გამარჯვებული გამოვლინდება 22 ოქტომბერს, სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტების კონფერენციის მიერ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას და პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებისგან შედგება.
სახაროვის პრემიის დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება. სახაროვის პრემიის ჯილდო 50 000 ევროა.
ანდრეი სახაროვის სახელობის სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების სფეროში. მას ევროპარლამენტი ყოველწლიურად გადასცემს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის სფეროში მათი მოღვაწეობის აღიარების მიზნით.






