მთავარი,სიახლეები

რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება

15.10.2025
რატომ გაიზარდა პურის ფასი? – ეკონომისტის განმარტება

საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პურის გაძვირების მიზეზად ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატება დაასახელა BMG – სთან საუბარში პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ.

ეკონომისტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ პურის ფასი აქამდეც იზრდებოდა, მაგრამ ამაზე საქსტატი დუმდა, ხოლო ახლა პურის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ფასის ზრდის საკითხი საჯარო გახადა.

„პურზე ფასების ზრდას ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებდა წინასაარჩევნოდ. ამ ერთ წელიწადში ორი არჩევნები მოილია და ახლა მისცა ამის უფლება მეპურეებს, ოღონდ მეტ-ნაკლებად ზომიერ ფარგლებში.

მთავრობა ერევა თავისუფალ ფასწარმოქმნაში და გავლენას ახდენს ბიზნესზე, რათა დაფაროს ფასების ზრდის შიდა მიზეზები. ეს შეკუმშულ ზამბარას ჰგავს, მაინც ვერ დარჩება ასეთ მდგომარეობაში.

კონკრეტულად პურის ფასის ამჟამინდელი მატების მიზეზი არის ზოგადად ინფლაციის ზრდა ქვეყანაში, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ამას საქსტატი აჩვენებს. პურის მწარმოებლებს გაეზარდათ ხარჯები,“ – ასე განმარტავს ეკონომისტი რომან გოცირიძე პურის ფასის ზრდის მიზეზს. 

ეკონომისტის აზრით, არა მხოლოდ პურზე, არამედ ზოგადად, ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.

„გასულ წელს წინასაარჩევნოდ 800 მილიონ დოლარამდე უცხოური ვალუტის რეზერვები გაყიდა, რამაც კრიტიკული ვითარება შექმნა. წელს იგი ავსებს ამ რეზერვებს (სადაც  რუსულ ფულს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს). სწრაფი ტემპით რეზერვების შევსება ანუ დოლარის შესყიდვა,   ერთი მხრივ, არ აძლევს ლარს საბაზრო ნიშნულამდე გამყარების საშუალებას, რაც მნიშვნელოვანია იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის, მეორე მხრივ, იზრდება ფულის მასა მიმოქცევაში.

ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან იყიდა დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი, რაც მიმოქცევაში თითქმის 4 მილიარდი ლარის გაშვებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებს ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას და დიდძალ სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს ყოველკვირეულად (ე. წ. რეფინანსირების სესხები).

ფასების ზრდა ისეთ პირობებში, როცა საგარეო უარყოფითი ფაქტორი თითქმის მინიმალურია, მთლიანად მთავრობის (მათ შორის ბიუჯეტის) და ეროვნული ბანკის ცუდი საფინანსო და საკრედიტო პოლიტიკითაა გამოწვეული,“ – მიიჩნევს რომან გოცირიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: