მთავარი,სიახლეები

ბორჯომში, „პლატოზე“, 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს შეუწყვეტენ და გაყიდიან

09.10.2025
ბორჯომში, „პლატოზე“, 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ტყის სტატუსს შეუწყვეტენ და გაყიდიან

ქალაქ ბორჯომში, „ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, 4,9 ჰექტარ მიწის ნაკვეთს შეუწყდა ტყის სტატუსი და მას პირობებიან აუქციონზე გაყიდიან. საწყისი გასაყიდი ფასი 3,94 მილიონი ლარი იქნება. მომავალმა მესაკუთრემ აქ „გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსი“ უნდა შექმნას.

„განხორციელდეს სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება და სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ მდებარე 49 246.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურწეო [სახელმწიფო ტყის ფონდი] დანიშნულების მიწის ნაკვეთს“ – აღნიშნულია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

მთავრობის განკარგულებიდან

ამავე განკარგულებით მოწონებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული მიწის ნაკვეთის პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების და საწყის გასაყიდ ფასად 3 მილიონ 940 ათასი ლარით განსაზღვრის თაობაზე.

ბორჯომის „პლატოზე“ მდებარე ნაკვეთი შემდეგი პირობებით გაიყიდება:

საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში;

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში 500 ათასი ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაციის გადახდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსის შექმნას (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ღია ან/და დახურული ტიპის აუზ(ებ)ს, სპორტულ მოედნებს (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ჩოგბურთის და პადელის სათამაშო მოედნებს),

არანაკლებ 30 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომ(ებ)ს, გარე განათების მოწყობას, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გამწვანებას), საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და გამაჯანსაღებელ-დასასვენებელი კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება;

ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნება/დაცვა“.

ბორჯომი. წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, რომელსაც ტყის სტატუსი შეუწყვიტეს. ამ ნაკვეთს აუქციონზე პირობებით გაყიდიან.

ამავე თემაზე:

კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: