სინდისის პატიმარი, საბა სხვიტარიძე ეხმიანება გელა ხასაიას დაკავებას და მის ნათქვამს, რომ დაკავებისას პოლიციელები ახსენებდნენ საბა სხვიტარიძესა და მზია ამაღლობელს. საბა სხვიტარიძის წერილი მის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
„გუშინ ჩემი მეგობარი გელა ხასაია შეუერთდა სინდისის პატიმართა რიგებს.
დიდი ხანია ვიცნობ გელას – იშვიათად თუ შეხვდები ისეთ გულანთებულ და სანდო ადამიანს, როგორიც ის არის.
ჩვენ ერთად ბევრი აქტივობა განვახორციელეთ.
დაპატიმრების დღიდან გელა გვერდიდან არ მოშორებია არც ჩემ და არც პატიმრების მშობლებს – აი, ასეთია გელა ხასაია.
დღეს კი რეჟიმმა ის დაატყვევა.
გავიგე, რომ განყოფილებაში ჩემი სახელი უხსენებიათ გელასთვის. როგორც ჩანს, ვერ მოვუნელებივარ ჩემ მწამებელ პოლიციელებს. ჰგონიათ, რომ ჩემი დაჭერით ან გელას დაჭერით რამეს დაგვაკლებენ.
ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს დაჭერას მხოლოდ გაძლიერება მოაქვს ჩვენთვის.
ამას ისინი ვერასდროს მიხვდებიან.
სოლიდარობას ვუცხადებ გელას და გამძლეობას ვუსურვებ.
Welcome to the club, bro“ – წერს საბა სხვიტარიძე.
გუშინ, 1 ოქტომბერს, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
სასამართლოში გელა ხასაიამ მისი დაკავების ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, პოლიციაში იძულებით წაიყვანეს და არც უფლებები განუმარტავთ.
„მანქანაში პოლიციის ერთი თანამშრომელი ვიცანი. ვხედავ წლებია აქციებზე და მეუბნებოდა, ძალიან კარგად ვიცი, რა დააშავეო, მაგრამ არავინ მეუბნებოდა, რისთვის მივყავდი. ხომ დაგპირდი, რომ სისხლით დაგიჭერდი და აგისრულეო. გავარკვევ ამ ადამიანის სახელს და გეტყვით.
არც განყოფილებაში მეუბნებოდნენ, რისთვის მიმიყვანეს. ერთხელ სხვა ოთახში გამჩხრიკეს, მთლიანად გამაშიშვლეს. არც ამის უფლება ჰქონდათ. 20 წუთის მერე გააკეთეს იგივე, ოღონდ სხვა ოთახში. იყო დამცინავი კომენტარები, ახსენებდნენ მზია ამაღლობელს. ღირსეულ ადამიანს მოიხსენიებდნენ უღირსები. მიხსენებდნენ საბა სხვიტარიძეს, ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო“, – განაცხადა გელა ხასაიამ.
გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გელა ხასაიასადმი წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არ დევს ვიდეო-ჩანაწერები და ნეიტრალური მტკიცებულებები.
ამავე თემაზე:






