მთავარი,სიახლეები

„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას“ – გერმანიის ელჩი ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშზე

29.09.2025
„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას“ – გერმანიის ელჩი ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშზე

პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ, 28 სექტემბერს, „ქართულ-გერმანული მეგობრობის“ მარშში მონაწილეობდნენ. მსვლელობა პეტერ ფიშერის მხარდასაჭერად გაიმართა.

„დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა – ჩემ მიმართ.

მადლობა უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და  დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. ევროკავშირი უხმობს საქართველოს. გერმანია და ევროკავშირი ამისთვისაა აქ“ – წერს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში X-ზე.

გერმანიის ელჩი საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა „ოცნების“ მთავრობის თავდასხმის სამიზნეა.

24 სექტემბერს პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო უწყებაშიც კი დაიბარეს.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ვენის კონვენციის დარღვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაში“ ადანაშაულებს, რასაც დიპლომატები უარყოფენ  და „ოცნებას“ ადანაშაულებენ დეზინფორმაციული ნარატივის გატარებაში.

იმავე დღეს, 24 სექტემბერს, ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურა გერმანიის მთავრობა.

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: