„რესურსი აღარ აქვს რუსეთს, რომ მასიური შეტევა განახორციელოს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, უკრაინელებს უკვე მოკავშირეები ჰყავს რუსეთში. ამას აჩვენებს უკრაინელების ბოლოდროინდელი თავდასხმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და ეს ძალიან საინტერესო საყურებელიაო, დასძენს პოლკოვნიკი.
„უკრაინა საკმაოდ კრეატიულია თავის შეტევაში და რუსეთის ენერგომატარებლებს საკმაოდ ზუსტად ურტყამს. უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ბევრი დარტყმა განახორციელეს უკვე. ეს, ასევე, აჩვენებს იმას, რომ ძალიან კარგი ქსელი აქვს უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის შიგნით,“ – გვიყვება პოლკოვნიკი.
საითკენ მიდის რუსეთ-უკრაინის ომი, რა შეიძლება აღმოჩნდეს გარდამტეხი? – „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.
- ბატონო ლაშა, რა სიახლეებია ფრონტის ხაზზე უკრაინაში, რა იცვლება?
გარკვეული ტაქტიკური სიახლეებია, მაგრამ სტრატეგიული ჯერჯერობით არაფერი. რუსეთი ისევ ცდილობს, მოაგროვოს ხალხი, რაღაც დაჯგუფება შექმნას და დიდი შეტევა წამოიწყოს, მაგრამ უკრაინელები რუსების ამ გეგმას წარმატებით შლიან. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება.
რუსებს ჰქონდათ გარკვეული სამზადისი, რომ ზაფხულში შეტევა განეხორციელებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამიტომაც, ძირითად მიმართულებად აქციეს დონეცკი, პოკროვსკი-ლიმანი. აქ აქვთ გარკვეული მცდელობები – რამდენიმე სოფელს აიღებენ, მერე კარგავენ. ძირითადად ეს დინამიკაა.
უკრაინა კარგად არის ფორტიფიცირებული და დაცული. გარდა ამისა, რესურსი აღარ აქვს რუსეთს, რომ მასიური შეტევა განახორციელოს. დანაღმულია ველები, ბოგირები. რთულია წინსვლა. თანაც, ურბანულია დონეცკის ოლქია, ამიტომაც აქ ბრძოლა რუსებისთვის დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული.
- დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლის რესურსიც აღარ აქვს რუსეთს, თქვენი აზრით?
არა მგონია, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოახერხოს რუსეთმა გასვლა: გარკვეული მნიშვნელოვანი პუნქტები ისევ უკრაინას უკავია. უკრაინელები საკმაოდ კარგად ახერხებენ თავდაცვას.
- შემოდგომის დადგომა რამდენად ცვლის მოცემულობას მხარეებისთვის? მაგალითად, უკრაინელები რამდენად წარმატებით შეძლებენ ისევ გამოიყენონ დრონები რუსეთში, სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე?
ტექნოლოგიები იქამდე მივიდა, რომ ბუნებრივი შენიღბვა უკვე ბევრს არაფერს ცვლის.
როდესაც წვიმებია და ცუდი ამინდი, ორივე არმიას უჭირს გადაადგილება, მოქმედება, მანევრირება. კიდევ უფრო შეზღუდულია წინსვლა ცუდ ამინდში.
- რა გამოჩნდა გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრებზე თქვენთვის? რა იცვლება უკრაინის სასიკეთოდ?
რუსეთმა ეს ომი აქცია არა უკრაინა-რუსეთის, არამედ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებად. რეალურად დასავლეთს მართლა არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმაროს.
ძალიან კარგია, რომ შეიცვალა თვითონ დონალდ ტრამპის რიტორიკა რუსეთის მიმართ. ტრამპმა აშკარად დაინახა, რომ რაღაც წითელი ხალიჩების დაგებით და წითელი კვერცხების გადაგორებით არ გამოდის რუსეთთან საუბარი. საჭიროა უფრო და უფრო მტკიცე ენა, ბულინგი, უფრო მეტი შეტევაა რუსეთზე.
რუსეთი არ აპირებს, თავის მხრივ, დათმობებზე წასვლას. მან საკმაოდ არარაციონალურად იბრძოლა ამ ომში, მაგრამ, რაც არის, ეგ არის.
- რა გამოჩნდა ტრამპის ბოლო განცხადებებით, აშშ-ის როლი ამ ომში რამდენად შეიძლება შეიცვალოს?
არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებების გამო შეიძლება დრამატულად შეიცვლება ამერიკის როლი, თუმცა პოზიცია, რომ უკრაინას უნდა დაეთმო თურმე ტერიტორიები – ამ რიტორიკიდან გადასვლა იმ რიტორიკაზე, რომ უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიები გაათავისუფლოს, ბევრი რამ იცვლება. ამით მოკავშირეებში რწმენა ბრუნდება და ეს უკვე პოლიტიკის დონეზეც ჩამოყალიბდა ტრამპის ადმინისტრაციაში.
მიუხედავად იმისა, რა რიტორიკა და მძიმე დღეები გაგვივლია ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რეალურად ტრამპის ადმინისტრაციას არანაირი დახმარება უკრაინისთვის არ შეუწყვეტია. იმედია, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაიზრდება.
უკრაინის სამხედრო მრეწველობა ომის პირობებში სერიოზულად დაიხვეწა, მას ბევრი რამის წარმოება შეუძლია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო გაზრდიან თავის შესაძლებლობებს. მთლიანად უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დამსახურებაა, რომ გარკვეულ მიმართულებებზე ტექნოლოგიური უპირატესობა სწორედ უკრაინის მხარესაა და არა რუსეთის – დრონების ტექნოლოგიური უპირატესობა, მთლიანად უკრაინის მხარეს არის.
- რა განზრახვით მოქმედებს რუსეთი ნატოს წევრ ქვეყნებთან სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენით? როიტერსის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ [NORAD] ოთხშაბათს გამანადგურებლები ააფრინა ალასკის მახლობლად ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და ჩაჭრის მიზნით.
რუსეთმა ამჯერად ამერიკასაც მოუსინჯა კბილი: როგორ იმოქმედებენ ნატოს ძალები? აშშ-ს და ევროპასაც ჰყავს საკმარისი სამხედრო ძალები, რომ პასუხი გასცეს რუსეთს. მაგალითად, პოლონეთმა პირდაპირ თქვა, რომ ჩამოვაგდებთ რუსულ თვითმფრინავებს, თუ ისინი საზღვრებს გადმოკვეთენო.
ეს არის რუსეთის მხრიდან მოსახლეობის დაშინების მცდელობა, მოსახლეობის განწყობებზე ზემოქმედება: ომი გელოდებათ, თუ ისევ დაუჭერთ მხარს უკრაინას. რუსებმა იციან, რომ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიაა და აისახება ხალხის აზრი, მაგრამ ჩემი აზრით, რუსეთის ეს მოქმედება არაპროდუქტიულია: ევროპის ქვეყნებში მთავრობებს უადვილდებათ უკვე თავდაცვაზე ფული დახარჯვა, იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ რუსეთია საფრთხეა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპული კონტინენტისთვის.
არ არის ევროპაში ის განწყობა, რომ მოდი, უკრაინას აღარ დავეხმაროთ. ყველა კარგად ხვდება, რომ უკრაინა არის კედელი, რომელსაც შეუძლია რუსული აგრესიის შეჩერება. მთავარია, უკრაინას დაეხმარონ. უკრაინის უსაფრთხოება გადაბმულია ევროპულ უსაფრთხოებაზე, ძალიან მჭიდროდ არის გადაბმული და ყველას კარგად ესმის, რომ თუკი უკრაინაში პროცესები არ განვითარდება კარგად, მაშინ ყველა ევროპულ ქვეყანას ექნება დიდი გამოცდა, ძალიან დიდი პრობლემები რუსეთთან.
ორბანი და ვიღაცები იძახიან, რომ რუსეთს ამის თავი არ აქვს, ევროპასთან კონფლიქტი შექმნას, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლებლობების მიუხედავად, რუსეთს ამის სურვილი აქვს.
რუსეთის ამ დაშინების ტაქტიკას, მეტად ხისტი პასუხი უნდა გაეცეს.
- მინდა გკითხოთ უკრაინელების შეტევაზე. ბაშკირეთში უკრაინელებმა უკვე ორჯერ შეუტიეს „გაზპრომის“ ქარხანას, ასევე რუსეთში სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტს. რა მასშტაბის ზარალი მიადგა ამით რუსეთს?
უკრაინა საკმაოდ კრეატიულია თავის შეტევაში და რუსეთის ენერგომატარებლებს ზუსტად ურტყამს. უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში ბევრი დარტყმა განახორციელეს. ეს აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მოკავშირეების ქსელი აქვს უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთში. აშკარაა, რომ ბევრი მეკავშირე ჰყავთ რუსეთის შიგნით და ისინი ამ პროცესს ეხმარებიან.
ეს ძალიან საინტერესო საყურებელია.
- პუტინის პრესსპიკერის, პესკოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკა დიდწილად შესანიშნავად უმკლავდება ფრონტის საჭიროებებს. თქვენი დაკვირვებით, რა მდგომარეობაშია რუსეთის სამხედრო რესურსები?
რუსეთის ეკონომიკა ომის ეკონომიკაზე ნამდვილად გადაერთო, მაგრამ ისეთი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, ომის ეკონომიკით დიდხანს ვერ იმუშავებს. გრძელვადიან ომს რუსეთი ვერ გაუძლებს, მას ძალიან გაუჭირდება და სხვა მიმართულებებზე ექნება სერიოზული ჩავარდნები.
კოლოსალური თანხები სჭირდება ამხელა ფრონტის შენარჩუნებას. ვფიქრობ, რუსეთს ძალიან გაუჭირდება რესურსების მობილიზება და მართვა. მე ამის მჯერა.
უკრაინა კი, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, მოიგებს.
- რამდენად მნიშვნელოვანია ამ ომში რუსეთის ყოფილი მოკავშირის, სირიის უკრაინასთან დაახლოება? უკრაინამ სირიასთან აღადგინა ბაშარ ასადის რეჟიმის მმართველობის დროს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა.
რუსეთმა ახლო აღმოსავლეთიდან, ფაქტობრივად, მთლიანად დაიხია, იგი ვერაფრით ვერ დაეხმარა თავის მოკავშირე ირანს. ასევე, ვხედავთ რა ხდება კავკასიაში: აზერბაიჯანმა და სომხეთმა დიდი, თამამი ნაბიჯები გადადგეს რუსეთის გავლენისგან გასათავისუფლებლად, ვხედავთ შუა აზიაში რუსეთის შესუსტებას. ეს ემართება ქვეყანას, როდესაც ასეთ მძიმე ომში იჭედება – ის სხვა მიმართულებებზეც სუსტდება. ეს არის ბუნებრივი პროცესი.
მოკავშირეების გარეშე თანამედროვე სამყაროში არავინაა. რუსეთს, რეალურად მოკავშირე აღარ ჰყავს ბელარუსს თუ არ ჩავთვლით და ჩრდილოეთ კორეას. დანარჩენი ყველა რუსეთთან თანამშრომლობს ერთჯერადად. ყველა ცდილობს იაფად იყიდოს, მაგალითად, რუსული პროდუქცია, სარგებელი ნახოს.
- საითკენ მიდის რუსეთ-უკრაინის ომი. რამ შეიძლება შექმნას გარდამტეხი მომენტი და როდის?
ეს ომი, ალბათ რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება ასეთივე ინტენსივობით. ეს აწყობს თუ არა რუსეთს, სხვა საკითხია – რაციონალურ გადაწყვეტილებებს რომ იღებდნენ რუსეთში, დათანხმდებოდნენ ცეცხლის შეწყვეტას პირობების გარეშე. ეს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა რუსეთს, მაგრამ ამ მომენტმა უკვე ჩაიარა, თამამად შეიძლება ითქვას და ამაზე რუსეთმა თვითონ თქვა უარი.
ის შესაძლებლობები, რაც რუსეთს თავიდან ჰქონდა, ახლა არ აქვს. რა თქმა უნდა, რუსებმაც ბევრი რამ ისწავლეს, ბევრი რამ ახალი აწარმოვეს, მაგრამ ეს გრძელი ომია. ომი რაც უფრო გაიწელება დროში, მით უფრო მეტი სირთულე იქნება.
ყველა წარსულ ომს რომ დავაკვირდეთ, დიდ სახელმწიფოს ყოველთვის გაუჭირდა პატარა ქვეყნებთან კონფლიქტის გადაწყვეტა.
პუტინს ალბათ მაინც სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს, თუმცა, ნათელია, მაგათი მიზანი არის არა დონბასის დაპყრობა, არამედ მთელი უკრაინის დაპყრობა. როგორ მიაღწევენ წარმატებას, ჩემთვის პირადად გაუგებარია – რუსეთის აზროვნებაში რაციონალურის დანახვა ძალიან რთულია.
- არ განიხილავთ ვერსიას, რომ უკრაინა ისე გაძლიერდეს სამხედრო აღჭურვილობით, თავად გადავიდეს მასობრივ კონტრშეტევაზე და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები?
რუსეთისნაირ სახელმწიფოსთან უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევას ვერ შეძლებს. არცერთი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ აქამდე დაიბრუნა, დიდი კონტრშეტევით არ დაუბრუნებია, რეალურად დაბრუნდა იმით, რომ ყველა მიმართულებაზე მიაყენა დარტყმა და რუსეთმა თვითონ ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, გამოიფიტა და თვითონ გადაჯგუფდა. გაიხსენეთ, კიევის ალყა თვითონ მოხსნეს, რადგან აღარ შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელება, ხერსონიც თვითონ დატოვეს და იზიუმიც. დაახლოებით ამ სცენარით დატოვებენ სხვა მიმართულებებსაც.
ახალი სტრატეგიით, რაც რუსებს თავის დროზე სუროვიკინმა შესთავაზა, რუსეთი უპირატეს მდგომარეობაში გადავიდა – ძირითადად დაკავებული ტერიტორიების დაცვას ცდილობენ, ასევე, ფოკუსირება გააკეთეს ერთ პატარა მიმართულებაზე – დონბასზე.
რაც დრო გავა, რუსეთი ვეღარ შეძლებს ომის გაგრძელებას ყველა მიმართულებაზე და ნელ-ნელა მოუწევს იმ მიმართულების მიტოვება, ან ჩამოიშლება. ყველაფერი დროის საკითხია. ამას კი დიდი დრო სჭირდება.






