მთავარი,სიახლეები

მადლობა გერმანიას და სოლიდარობა ელჩ ფიშერს – პეტიცია 

15.09.2025
მადლობა გერმანიას და სოლიდარობა ელჩ ფიშერს – პეტიცია 

საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება change.org-ზე პეტიციას აქვეყნებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად. საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ ელჩ  ფიშერს ესხმიან თავს ინტენსიურად „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები. 

პეტიციას უკვე გამოეხმაურა თავად ელჩი – პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „გერმანია და მე მადლიერები ვართ იმ სიყვარულის და მხარდაჭერის გამო, რომელიც ამ პეტიციაშია გამოხატული. ეს ტექსტი აჩვენებს რამდენ რამეს მიაღწია გერმანიამ და საქართველოს ერთად ბოლო 30 წელში. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიათ საერთო ხედვისკენ. მოდი დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინ სიარული“.

უცვლელად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს, რომლის ხელმოწერაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია:

„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გაჟღერებულ საჯარო თავდასხმებს გერმანიის ელჩის, ბატონ პეტერ ფიშერის წინააღმდეგ.

უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც გერმანიის მხარდაჭერას არ გრძნობს – იქნება ეს ბათუმისა და აჭარის რეგიონის წყლის მომარაგების სისტემების გაძლიერებით, გერმანელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სტუდენტების/მეცნიერების სტიპენდიებით, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამებით.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანიამ ჩვენს ქვეყანას არაერთ მნიშვნელოვან სფეროში დაუჭირა მხარი – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საზოგადოებრივად:

  • GIZ – ის , KfW – ს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო სამსახურის განვითარებას, სამართლებრივ რეფორმებს, დემოკრატიის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ინფრასტრუქტურის, ენერგომომარაგების, პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  • პოლიტიკური ფონდების საქმიანობით, რომლებიც წლებია უჭერენ მხარს პარტიული პლურალიზმს, პოლიტიკურ განათლებას და საჯარო დისკუსიის განვითარებას, ასევე ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში დახმარებით და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიებით, განსაკუთრებით DAAD-ის მეშვეობით;
  • და ბოლოს, გერმანიის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, ინსტიტუტების გაძლიერება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, ამ მასშტაბებით ვერ განხორციელდებოდა. ამისთვის საქართველო გერმანელი ხალხის მადლიერია.

ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში ამ პარტნიორობის სიმბოლოა. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას. მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არსებული მუქარები, მათ შორის მისი შესაძლო გაძევების საკითხის წამოწევა, ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.

ვუცხადებთ სოლიდარობას ელჩ პეტერ ფიშერს და გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დიპლომატიური პროტოკოლი, შეწყვიტოს უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმები და აღიაროს გერმანიის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაში.

საქართველო საჭიროებს ძლიერ პარტნიორებს და არა კონფრონტაციას!

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: