დღეს, 26 ივლისს, თურქეთში, ქალაქ შანლიურფაში, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს, 55 გრადუსს მიაღწია – წერს თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“.
შანლიურფა სამხრეთ ანატოლიაში მდებარეობს და თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქად ითვლება. „ანადოლუ“ წერს, რომ ხელისუფლება ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანდაზმულებსა და ბავშვებს ურჩევს სახლიდან არ გავიდნენ საღამომდე.
ამავე დროს თურქეთში უკვე სამ დღეზე მეტია ტყის ხანძრებს ებრძვიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ბოლო ცნობების თანახმად, ქვეყანაში ტყის ხანძრის 11 კერაა, მათგან 7 ხანძრის კერა ექვს რეგიონში, ხელისუფლების განცხადებით, უკვე კონტროლს ექვემდებარება.
ასევე, ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მიმდინარეობს ანტალიაში, ქარაბუქსა და მერსინში.
თურქული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის ახალი კერების გაჩენას ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. რიგ ადგილებში განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
___________
ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“






