მთავარი,სიახლეები

3 წლის ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა – საია

12.06.2025
3 წლის ბავშვზე ზიანის მიყენებისთვის ექიმს 6 თვით პროფესიული საქმიანობა შეუჩერდა – საია

საიას ინფორმაციით, სამი წლის ბავშვისთვის გაწეული არასწორი, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაევალა სამედიცინო დაწესებულებას.

სამი წლის ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭირო იყო მისი  ამოღება.

უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში, რომლის ამოღებაც ვეღარ მოხერხდა. აღნიშნულის შედეგად ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი. ბავშვის დიაგნოზია სმენის მეორე ხარისხის დაქვეითება მარჯვენა ყურში, რის გამოც მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი“, – წერს საია.

მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და სასამართლოს.

„სააგენტომ გაწეული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად დაადგინა მთელი რიგი დარღვევები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ბავშვის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის/გასინჯვის მოთხოვნები, დიაგნოსტიკური ტესტების ერთდროული გამოყენების შედეგად არ იქნა შეფასებული რისკები და განხორციელებული მკურნალობა და სხვ.

პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას, ექიმს 6 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვისა და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გაწეულ სამედიცინო დახმარებას შედეგად არ მოჰყვა პაციენტის გამოჯანმრთელება. მეტიც, მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად გართულდა და საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბავშვი დამატებით ოპერაციულ ჩარევას და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს“, – წერს საია.

მათი განცხადებით, სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დასკვნაც.

„სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვნის ასეთი მდგომარეობა იწვევს განგრძობად ნეგატიურ განცდებს და სტრესს, რის გამოც აშკარა იყო მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: