მთავარი,სიახლეები

„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ

28.05.2025
„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ

„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის.

რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] პოლიტიკის მკვლევარს, ნინო სამხარაძეს.

  • ქალბატონო ნინო, გარდა იმისა, რომ ამ განცხადებაში ევროპელი ლიდერები მკვეთრად ემიჯნებიან „ოცნების“ პოლიტიკას, ასევე ნათქვამია, რომ „საჭიროა ახალი რეფორმები“, რომ ხელისუფლებამ უნდა გამონახოს ხალხთან დიალოგის გზა. როგორ შეიძლება ეს წავიკითხოთ? ის, რომ ევროკავშირის ლიდერები აზრს ვერ ხედავენ „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციაში, თუ ჯერ კიდევ იტოვებენ რაღაც იმედს, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ დაიხიოს უკან?

ამ ეტაპისთვის მინიმუმ ამ ფორმის „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არ არის დღის წესრიგში ურთიერთობების არც ერთ დონეზე გაღრმავება ან წინსვლა. ამ განცხადებიდან ეს ძალიან კარგად ჩანს და ეს არ არის მხოლოდ შიდა დემოკრატიული ძალების სასურველი ფიქრი.

ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჟესტი და გზავნილი, რომელიც არის როგორც თავად „ქართული ოცნებისთვის“, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიზაციის პერსპექტივა შენარჩუნდეს მაგიდაზე.

ნინო სამხარაძე

ფაქტია, რომ ამ ფორმის „ქართულ ოცნებასთან“ მაღალი დონის ურთიერთობები – პოლიტიკური, დიპლომატიური, ინტეგრაციული და სხვადასხვა განზომილების ურთიერთობები ჩემი აზრით, არ შედგება.

აქვთ თუ არა იმედი ევროპელ ლიდერებს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის ტრანსფორმაციას განიცდის, ამაზე საბოლოო პასუხი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია, შიდა დემოკრატიულმა ძალებმა ვივარაუდოთ, რომ ეს იმედი მათ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეთ, გამომდინარე იმ სიღრმიდან, რა სიღრმეშიც შეტოპილი აქვს უკვე პარტიას.

აქედან უკან გამოსვლა ტექნიკურად იქნება ძალიან რთული თავად „ქართული ოცნებისთვის“, თვითდაზიანების გარეშე.

ამიტომ ამ იმედს არ გავუგზავნიდი ევროპელ ლიდერებს, როგორც პროცესებზე დამკვირვებელი და ანალიტიკოსი.

  • მაშინ რატომ ახსენეს რეფორმები და დიალოგი საზოგადოებასთან, თუკი დამწვარია ყველა ხიდი „ოცნებასა“ და საზოგადოებას შორის. უბრალოდ დიპლომატიური ჩანართი იყო?

ეს ძირითადად უფრო არის სცენარი საქართველოს მოსახლეობისთვის, კონკრეტულად „ქართული ოცნებისთვის“. ამ მოცემულობაში ვერცერთი ევროპელი ლიდერი თავს უფლებას ვერ მისცემს და დარწმუნებული ვარ, არც სამომავლოდ მისცემენ თავს უფლებას, რომ პირდაპირ, თუნდაც რაიმე ტიპის გამოსავალი შესთავაზონ, როგორც თავად პარტიას, ასევე საზოგადოებას. მე ვგულისხმობ, მაგალითად, ხელისუფლების შეცვლას და ეს განზომილება თავიდან იქნა აცილებული ამ ფორმულირებით. დიალოგისკენ მოწოდებას ვგულისხმობ.

თუმცა დიალოგის რეალისტურობა აქ უკვე ჩვენი – პროევროპული და პროდემოკრატიული ძალების გასაზომია, როცა ვუპირისპირდებით ისეთ ძალას, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ტიპის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ძალა.

ეს პასუხისმგებლობა ერთგვარად ხალხზე გადმოიტანა ევროპული ლიდერშიფის ამ ერთობამ, ვიდრე ვთქვათ, თავად აიღო თავისთავზე, რომ რაიმე უფრო მძლავრი, რადიკალური ცვლილების შესახებ მოწოდება გაეკეთებინათ ასეთ მნიშვნელოვან განცხადებაში.

  • იოტისოდენა მცდელობაც კი, რომ უნდა „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებასთან რაიმე ფორმით დიალოგის აღდგენა, რაიმეში ჩანს?

„ქართული ოცნების“ ნაბიჯებს თუ შევხედავთ, ამის არათუ მცდელობა არ ჩანს, არამედ დღითი დღე ვხედავთ გაუარესებულ პირობებს, რასაც ქმნის პარტია.

აქედან გამომდინარე თუნდაც ის პასუხი, რა პასუხიც დააბრუნა ირაკლი კობახიძემ, მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ ამ მოწოდებებიდან არცერთი განზომილების პათოსს არ იზიარებენ, არც რეფორმების განახლებას, რა დონის უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს, არც დიალოგს, არც გადაჭარბებული ძალადობის გამოძიებას და ასე შემდეგ. არცერთი მიმართულებით არავითარი რეფლექსიური, კრიტიკული ფიქრის ნიშანი არ ჩანს პარტიიდან.

ჰიპოთეზურად, ცხადია, შესაძლებელია დიალოგიც, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ბოლო სცენარი, თუმცა ამისთვის იმდენად ბევრი პირობა უნდა შეასრულოს ჯერ „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ის ნეგატიური დღის წესრიგი, რაზეც ისინი ხშირად აპელირებენ, თავად პარტიასავე შექმნილია. ასევე, პარტიამ რეპუტაციულად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ მან შეიქმნას ლეგიტიმაცია დიალოგში შემოსასვლელად.

  • რომელი ნაბიჯი იქნება მათთვის იმაზე მეტად თვითდამაზიანებელი, ვიდრე ახლა რასაც აკეთებენ?

რეპუტაციულად თვითდამაზიანებელ ნაბიჯებში ვგულისხმობ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიემართება, მაგალითად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რადგან ამ დრომდე პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ პროპაგანდაში მიჩნეული არიან დამნაშავე კრიმინალებად და დღევანდელ განცხადებებშიც კი „ოცნების“ ცალკეული ლიდერებისგან ვხედავთ კონფრონტაციულ, აგრესიულ, უსამართლო გამართლებას მათი ნაბიჯების. შესაბამისად, ამ გამართლების უკან წაღება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არის თვითდამაზიანებელი.

  • ისიც ხომ თვითდამაზიანებელია, არაღიარებას რომ მიაღწიეს თავიანთი პოლიტიკით, მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველი როცა უთხრეს, რომ „მშვიდობით “ მიჰყავდათ ევროპაში. ამიტომ მათი ამომრჩეველი მაინც და მაინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე განაწყენდება?

ამ შემთხვევაში ალბათ თავად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იფიქროს, მისთვის რა არის წონიანი – მისი არსებობა-არარსებობის ფორმალური საკითხი თუ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სისუსტის გამოჩენა.

საბოლოოდ, ძალაუფლების კონსოლიდაცია, ფაქტია, რომ ისეთ მკვეთრად ძალადობრივ მექანიზმებზეა დაშენებული, როგორიც არის, მაგალითად, გაურკვეველი საპოლიციო მოქმედებები, გაურკვეველი სადაზვერვო მოქმედებები, რეფორმები და ინსტიტუციური ნაბიჯები – უსამართლო სასამართლო, პროკურატურასთან და ცრუმოწმეების იდეასთან დაკავშირებული მექანიზმები და ამ ყველაფერში იმდენად გახლართულია დღეს „ქართული ოცნება“, რომ არ ვარ დარწმუნებული მათ თვითლიკვიდაციის გარეშე შეძლონ აქედან გამოსვლა.

თუ „ქართულ ოცნებას“ პროევროპელი ამომრჩეველი აქამდე ჰყავდა, ახლა უკვე დაკარგული ჰყავს, მაგრამ, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას მიმხრობილი ჰყავს ამომრჩევლის ახალი ტალღა, ერთი მხრივ ნეიტრალური და მეორე მხრივ – კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის სახით.

ზუსტად არ ვიცით ეს რაოდენობრივად ხალხის რა ნაწილია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროევროპულად არის განწყობილი, უბრალოდ ეს პროევროპულობა რამდენად არის ძალა იმისთვის, რომ ძალადობრივი პარტია გადაქაჩო, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია.

ევროპელი ლიდერებისთვის დემოკრატიული გარემოს შექმნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დემოკრატიულ გარემოს ამ ტიპის პარტია უბრალოდ ვერ გადაურჩება.

  • ასევე გავრცელდა აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაცია გლობალური უსაფრთხოების შეფასებაზე, სადაც საქართველოს ნაწილში წერია, რომ „თითქმის უეჭველად აქვს გამიზნული რუსეთს საქართველოს დაბრუნება თავისი გავლენის ქვეშ“. თუკი კრემლი ცდილობს ყველაფრის ფასად დააბრუნოს საქართველო თავისი გავლენის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება რამდენად მოახერხებს მარტო, საკუთარი ძალებით კრემლის დამარცხებას?

საზოგადოების ძალის შეუფასებლობა ნებისმიერი აქტორის მხრიდან ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად შეიძლება ეს პროტესტი შემცირებულად ჩავთვალოთ. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პროტესტი, აგრესია იხარშება სადღაც სხვაგან და ერთ მშვენიერ დღეს, ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ ფასად შეიძლება დაუჯდეს „ქართულ ოცნებას“, ქვეყნის შიგნით.

კარგი რაც არის ამ ანგარიშის გამოქვეყნებით, არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ ის მარტო არ არის, აქ უკვე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ვაშინგტონის ყურადღება, მეორეს მხრივ თუნდაც ასეთი სამკუთხედი განცხადებები, როგორიც იყო მაკრონის, შოლცის და მერცის, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს კონკრეტული რეგიონი ჯერ კიდევ არის ინტერესის სფერო ამ სახელმწიფოებისთვის.

რა წამსაც საქართველო, როგორც ინტერესის სფერო, დაიკარგება დასავლეთისთვის, მაშინ შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ მარტოა საზოგადოება დარჩენილი რუსეთის საფრთხის წინაშე და ცხადია, ჩვენი ძალებიც ამ შემთხვევაში მცირდება.

თუმცა ამ ეტაპზე საპირისპირო უფრო ჩანს და ამაზე დავამყაროთ ჩვენი იმედები და ჩვენი სტრატეგია. დასავლეთის პოზიციაზეცაა დამოკიდებული საზოგადოების გამარჯვება, მის სტრატეგიაზე, მიდგომაზე, რომ შეინარჩუნოს საქართველო სანდო მოკავშირედ.

ამ სანდოობას „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არათუ ვერ უზრუნველყოფს, საპირისპიროს აკეთებს.

ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ხალხია ამის გარანტორი და მეორე მხრივ, პროევროპული ოპოზიციური ფლანგი ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

  • როგორც ვიცით, 31 მაისს, მეორე რუსული კანონი – „ფარას“ ამოქმედდება. თქვენი აზრით, როგორ იმოქმედებს ახალი რეპრესიული კანონი საზოგადოებრივ წინააღმდეგობებზე?

ცხადია, რომ 1 ივნისიდან ლეგალურად დასუსტდება ის ფლანგი, რომელიც ერთ-ერთი სასიცოცხლო უჯრედია დემოკრატიზაციის, მაგრამ ამავე დროს, როგორც მედია, ასევე კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება გამოირჩევა პროფესიონალიზმით და საკმარისი შემოქმედებითობით იმისთვის, რომ მან, ასე ვთქვათ, უკუცეცხლი გაუშვას ანტიდემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ და ალბათ ეს მისცემს გარკვეულ ფლანგს იმის მოტივაციას რომ ბევრად უფრო ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ტენდენციებს.

ამ ეტაპზე ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, სხვაგვარად ამ კანონებს ვერავინ ვერ გადაურჩება, განსაკუთრებით იმ ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ დემოკრატიაზე მუშაობენ.

__________________

მთავარ ფოტოზე:  დონალდ ტუსკი, ფრიდრიხ მერცი და ემანუელ მაკრონი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: