მთავარი,სიახლეები

წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი

25.12.2024
წყლის სისტემის დაფინანსების შეჩერება თითოეულ ბათუმელზე აისახება – ოპოზიციის ბრიფინგი

ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის დაფინანსების შეჩერებას ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. მათ ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“ პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს: „დუმილი ახლა დანაშაულია“.

საქმე ისაა, რომ გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობას 237 მილიონი ევროს პროექტები შეუჩერა. გერმანიის დაფინანსებით ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მერიას უნდა მოეწყო წყლისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე უნდა გაეფართოებინა ქალაქის გამწმენდი ნაგებობა.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ დაფინანსების შეჩერება უარყოფითად აისახება თითოეულ ბათუმელზე, ვინაიდან, მიმდინარე ფაზა ითვალისწინებდა: ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის მოწყობას.

ასევე, პროექტი ითვალისწინებდა წყლის თანამედროვე სისტემების მოწყობას ბათუმის მთელ ტერიტორიაზე, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას გარემოს დაბინძურებისა და მასზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.

მეხუთე ფაზის პროექტის ღირებულება 78.8 მლნ ევროს შეადგენდა.

ოპოზიციის განცხადებით, „არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებითა და ევროინტეგრაციის პროცესზე ღიად უარის თქმით, შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური კრიზისი.

საქართველოს დე ფაქტო მთავრობას არ აქვს საერთაშორისო აღიარება, რაც აისახა კიდეც მილიონობით დოლარისა თუ ევროს დახმარებისა და შეღავათიანი კრედიტის შეჩერებით, რომელიც უნდა მოხმარებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას, მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და ასე შემდეგ. მათ შორის შეფერხდა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

„მიგვაჩნია, რომ დუმილი ახლა დანაშაულია. მოვუწოდებთ, ბათუმის მერს და საკრებულოს წევრებს „ოცნებიდან“, ნაცვლად კონცერტების გამართვისა და საკუთარი მოქალაქეებისთვის პროვოკაციების მოწყობისა, დააფიქსირონ პოზიცია. მოვუწოდებთ ბათუმელებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, საპროტესტო მოძრაობაში კიდევ უფრო აქტიური ჩართულობისკენ.“

ოპოზიციის განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია: „რეჟიმის უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება, ახალი სამართლიანი არჩევნები.“

ოპოზიციის ბრიფინგის საპასუხო კომენტარი მერიიდან ვერ მივიღეთ. მერიაში არ განმარტეს, როგორ აპირებენ პროექტის გაგრძელებას დაფინანსების შეჩერების პირობებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: