„გთხოვთ, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან და შპს „გორგიას“ მიერ გამოჩენილი მორჩილების გამო რეჟიმისადმი, რაც გამოიხატება ათასობით ცალი პირბადისა და სათვალის გადამალვაში, რის გამოც მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ კომპანიას, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ.
საქართველოს გზა ევროპაშია და ამ გზას ვერცერთი რეჟიმი ვერ შეარყევს,“ – „გორგიას“ თანამშრომელმა მერაბ (გიორგი) რომელაშვილმა ამ შინაარსის განცხადებით დატოვა სამსახური.
გიორგი რომელაშვილმა განცხადება პოსტთან ერთად ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
„ვეღარ ვითანამშრომლებ კომპანიასთან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს გადაუმალა სათვალეები და ნიღბები, რითაც გასაგუდად და დასაბრმავებლად გაიმეტა ისინი.
მესმის და სრულად ვიაზრებ იმ ფაქტს რომ ამ ნაბიჯით ჩემს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად შევასუსტებ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს დავკარგავ.
ასევე დავკარგავ ბევრ მეგობარს, რომელიც ამ კომპანიაში შევიძინე, თუმცა რუსთაველზე ძვლებში დამტვრეული მეგობრები უფრო მეტს ნიშნავს ახლა. გავიმარჯვებთ ერთობით! საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია,“ – წერს გიორგი რომელაშვილი.
„გორგიას“ უკვე ყოფილი თანამშრომელი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ „გორგიას“ საწყობშია გადაღებული. კადრში ჩანს პირბადეები და სათვალეები.
„ბათუმელები“ ცდილობს „გორგიას“ პრესსამსახურთან დაკავშირებას. მათ კომენტარ მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.






