ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს – ალბერტ არაქელოვს, ლაშა ფალავანდიშვილს, ვლადიმერ თოდაძეს და ნოდარ მამულაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სიმონ ბაჯელიძეს კი 7 დღე. ნათია ნონოიანი კი 2000 ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესი მასშტაბური პროტესტის ფონზე გრძელდება. ყველა მათგანი გადაწვეტილებას გაასაჩივრებს.
დაკავებულებს ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივ წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევას გულისხმობს და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
173-ე მუხლი კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარომის თანხა კიდევ უფრო იზრდება.
29 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე, სიმონ ბაჯელიძე და ნოდარ მამულაძე, ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
__
- რა ხდება?
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ანტირუსული საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს ბათუმშიც. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.






