მთავარი,სიახლეები

გაფიცული სტუდენტები: დღეს ველოდებით მშობლების თაობას, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან

15.11.2024
გაფიცული სტუდენტები: დღეს ველოდებით მშობლების თაობას, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან

ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გაფიცვა გუშინ, 14 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტში გაათიეს. ახალგაზრდები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში პარტიულ ყრილობებზე დადიოდა.

სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და ამბობენ, რომ დროა სხვა ახალგაზრდებმაც გაიაზრონ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის აქტიურობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად.

„უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე, შადრევანთან, დღეს, საღამოს 6 საათზე ველოდებით სტუდენტებს. მინდა ყველას ვუთხრა – თქვენი ხმა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ახალგაზრდები ვართ ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვნები და სწორედ ჩვენი ვალია სწორი კურსით წავიყვანოთ ქვეყანა და არ მივცეთ არავის საშუალება მომავალი წაგვართვას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა ქეთი პაქსაძემ.

„დღეს ველოდებით გაფიცული სტუდენტები ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობას, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ერთად გავაპროტესტოთ ის გაყალბებული არჩევნები და ჩვენთვის წართმეული მომავალი, რომელშიც მთავარი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.

უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომელიც გვქონდა არჩევნების გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაგვიკეტა. უნდა მოვითხოვოთ ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ამ ცესკოს პირობებში, ამ სუსის პირობებში, არცერთ შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება, ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

სტუდენტები მოგმართავთ სავარაუდოდ ფანჯრებიდან, რადგან გარეთ რომ გამოვიდეთ სავარაუდოდ უკან აღარ დაგვაბრუნებენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.

საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტთან გაიმართება.

ბათუმელ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს ჯიპას და ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: