„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტს ითხოვს.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები: ვნახეთ, რომ ვერიფიკაციის აპარატის გადატვირთვისა და გაჭედვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვერიფიკაციის სერვერი არ კითხულობდა პირადობებს და უწევდათ ხელით შეყვანა.
დარღვეული იყო სინქრონიზაცია, კერძოდ ერთსა და იმავე უბანზე განთავსებული აპარატები სხვადასხვა მონაცემს აჩვენებდა.
უბანზე არსებობდა მაღალსიჩქარიანი 5G ინტერნეტ კავშირი, რომელიც ჩართული იყო სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობა – პლანშეტში.
ამ ყველაფრის ფონზე, მოვითხოვთ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდეს ვერიფიკაციის აპარატების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული სიის და ამომრჩეველთა ერთიანი სიის აუდიტი,“ – ამბობს თამარ კორძაია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 53.931% აქვს. „ოცნების“ გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს იგივეა, რაც რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების,“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლეში გამართული ბრიფინგისას.






