სიახლეები

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

21.06.2024
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელებულ განცხადებას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში“ და ამ ცვლილებებით „აღნიშნული კომისია (ანუ ცესკო) გამოდის ერთპარტიული“.

„ უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის  არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება, სადაც მმართველ პარტიას ჰყავს ერთი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არც დღეს არსებული დაკომპლექტებიდან გამომდინარე, არც მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს უარის თქმად პროცესში ნეიტრალურ როლზე. მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი  საუბრობდეს და თუნდაც ირიბად ეჭვქვეშ აყენებდეს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის მიუკერძოებლობას და თავს არიდებდეს და საერთოდ არ ახსენებდეს რეალურ პრობლემას, რაც დაფიქსირებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტებში, სწორედ ცესკოს პარტიული წევრების პოლიტიკური მიკერძოების კონტექსტში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება არაერთ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ, ამ მიმართულებით არასწორი აღქმების შექმნის მცდელობა, არჩევნების წინ, მიუღებელი და გაუგებარია. არჩევნები საერთო საქმეა და ყველა ინსტიტუციას, ასევე ჩართულ მხარეებს, კომპეტენციების შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად და არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად. “

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: