რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განსხვავებული გზები მოძებნეს მათ, ვისაც ახლა აქციებზე გასვლა არ შეუძლია. მათ შორის არის სოფია კენჭიაშვილიც.
სოფია ჩაერთო კამპანიაში „დაიტოვე“ და საკუთარ სახლში მასპინძლობს მარიამს, რომელსაც თბილისში აქციებზე ჩასვლა და პროტესტის გამოხატვა სურდა, თუმცა ღამის გასათევი არ ჰქონდა.
„პატარა ბავშვები მყავს და ჩემთვის რთულია აქციებზე წასვლა. მენეჯმენტი სჭირდება ბავშვების დატოვებას, თუმცა ამჯერად, დაემთხვა ისიც, რომ ფეხი მოვიტეხე.
როცა გამოჩნდა ეს ჯგუფი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მანამდე უმოქმედობის შეგრძნება მქონდა. მართალია, შემეძლო თანხის ჩარიცხვითაც დავხმარებოდი აქციის მონაწილეებს, ვიღაცისთვის საჭმელი მეყიდა, ამ ყველაფერში ჩართული ვიყავი, მაგრამ კამპანია „დაიტოვე“ რომ დაიწყო, ძალიან გამიხარდა, რომ შემეძლო რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთება.
ჯგუფში ქუთაისიდან დაწერა ერთმა გოგომ, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს, ვერ ტოვებდა ვერსად ბავშვს, ვერ მოდიოდა თბილისში, ეს იყო ნიშანი. ჩამოვიდა ჩემთან, მე ბავშვები დავიტოვე და თვითონ გაიქცა აქციაზე. ამით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ საქმეში“ – ამბობს სოფია.
სოფია ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც მკაფიოდ ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ რუსული კანონი არ არის მათი, როგორც მოქალაქის და ამომრჩევლის ნება:
„მე ჩემი შვილები იმისთვის არ გამიჩენია, რომ რუსეთში გავზარდო. რომ მდომოდა წავიდოდი და იქ გავზრდიდი. დღევანდელი რეალობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სადაც გვინდა იქ წავიდეთ და ვიცხოვროთ“.
სოფია გვიყვება, რომ აქციის მონაწილეები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე:
„არ ტოვებენ ერთმანეთს, აქციაზე უცხოობის შეგრძნება არ არის. ყველა თითქოს მეგობარი და ოჯახის წევრია, არანაირი ბარიერი არ არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ვიცით ერთმანეთის სახელები. ეს ძალიან მახარებს, პატარები კიდევ უფრო ორგანიზებულები არიან, მათ სხვანაირი თავისუფლება აქვთ.
ჩვენთან ჩამოსული გოგო 6 წელია, რაც არ ჩამოსულა თბილისში. ამ დროში ქალაქში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის მიმართ, არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ვიტოვებ, მის გადაადგილებაზე ქალაქში, კვებაზე, ჩემმა პატარა დამ ჩაკიდა ხელი და წაიყვანა. იქაც არ მიატოვეს, მეც ხაზზე ვიყავი.“
კითხვაზე, რატომ არ არის დამაჯერებელი მოქალაქეებისთვის მთავრობის ნარატივი, რომ სწორედ ამ გზით, რუსული კანონით მიდის საქართველო ევროპაში, სოფია გვპასუხობს:
„კარგი, ვთქვათ გინდა გააკონტროლო ის თანხები, რომლებიც ისედაც კონტროლდება და ერთი თეთრიც ვერ შემოვა კონტროლის გარეშე. თავადაც ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვაგზავნიდი გზავნილებს ჩემს ოჯახთან. ზუსტად ვიცი, ეს რა პროცედურებთან არის დაკავშირებული. ხშირად 2 ან 3 დღე მიჰქონდა შემოწმებას.
მე, როგორც რიგით მოქალაქეს, დედისთვის გადარიცხულ თანხასაც მიმოწმებს და რატომ მატყუებს, რომ გრანტების შემოწმებისთვის უნდათ ეს კანონი.
გარდა ამისა, არცერთი სიტყვა არ თქმულა უამრავ ფულზე, რომელიც რუსეთიდან შემოდის, რუსეთის მხრიდან იხარჯება, თუნდაც „ალტ-ინფოს“ დაფინანსებაში, ან ნებისმიერი პრორუსული ორგანიზაციისთვის“.
სოფიას თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულებას კარგად გვაჩვენებს ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებაც:
„ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვა სამომხმარებლო საჭიროებებს ძირითადად ვიწერ. უფრო ნაკლები მიჯდება. მეუბნები, რომ 300 ლარს თუ გადასცდა ჩემი შენაძენი, ზემოდან 18 პროცენტი უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების თანხის დამატებით და ამ დროს ამხელა თანხის შემოტანა გინდა გადასახადების გარეშე“.
სოფია ცდილობს მარტივად განმარტოს, თუ სად ხედავს პრობლემას, როცა ხელისუფლების პასუხებს ისმენს ათი ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნაზე:
„მე, როგორც აქტიურ მოქალაქეს, არ მომწონს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდმა პროცენტმა არ იცის, რომ რეალურად ძალაუფლება მათ ხელშია.
ეს იმას ჰგავს, ადამიანი როცა მუშაობ, მაგალითად ოფისში, კომპანიაში, გყავს უფროსი და დასაქმებულმა დამსაქმებელს რომ ბოიკოტი გამოუცხადოს, მისი წესების წინააღმდეგ წასვლა დაიწყოს, კომპიუტერები დაამტვრიოს და ამ დროს დამსაქმებელმა ვერაფერი მოიმოქმედოს და ნაცვლად იმისა, რომ სამსახურიდან გაუშვას, ჩაიკეტოს ოთახში, ვერაფერი ვერ გააკეთოს და ხელფასი მაინც უხადოს დასაქმებულს.
რაღაცნაირად უნდა გაიაზროს ხალხმა, უნდა მივიდეს ცნობიერებამდე, რომ შენ ასაქმებ ხელისუფლებას. და შენ ხარ ადამიანი, რომელმაც უნდა მისცე დირექტივა, რა მინდა მე, რა სჭირდება ჩემს ქვეყანას. მე ვარ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში, მე და ყველა მოქალაქე ამ ქვეყნის. ამ დროს დასაქმებული ხტუნაობს მაგიდიდან მაგიდაზე, მირღვევს წესებს, კონსტიტუციას, ჩემს უფლებებს.“
სოფია ლოჯისტიკის მენეჯერია, ის ტვირთების გადაზიდვას უწევს მენეჯმენტს. „საერთოდ არ მინდა რუსეთიდან ვატარო ტვირთები“ – ამბობს სოფია.


