დღეს, 29 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან.
რუსულ კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს.
აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, ყველა ვინც ეწინააღმდეგება რუსული კანონის დამტკიცებას და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.
დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც დილის 9 საათზე დაიწყო, ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს. მისი შეფასებით, გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.
პარალელურად, დღეს, დილის 7 საათიდან საჯარო მოხელეების და „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება იყო ბათუმის სტადიონთან, საიდანაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისის აქციაზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაემგზავრნენ. საღამოს „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.
- რა ხდება
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
____________
ფოტოზე: ბრიფინგი ევროპის მოედანზე, სადაც ორგანიზატორებმა ბათუმში აქცია დააანონსეს






