მთავარი,სიახლეები

ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

04.01.2024
ნიკორწმინდას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ძეგლს საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკორწმინდას საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამის შესახებ სააგენტო ფეისბუქზე წერს.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია.

ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946 175 ლარი.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს განხორციელდა 2023 წლის აგვისტოში. შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება.

შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს. სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“ – წერს სააგენტო.

XI საუკუნეში აგებული ნიკორწმინდა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

_________

ფოტო: ვიკიპედია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: