მთავარი,სიახლეები

რომელ ქალაქებში უსმენს პოლიცია ფარულად ყველაზე ხშირად ადამიანებს – სტატისტიკა

24.11.2023
რომელ ქალაქებში უსმენს პოლიცია ფარულად ყველაზე ხშირად ადამიანებს – სტატისტიკა

ყველაზე ხშირად პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების დროს მიმართავს ფარულ მიყურადებას: მარტო 2022 წელს პროკურატურას 1266-ჯერ მიუმართავს შუამდგომლობით სასამართლოსთვის, რომ ფარული მოსმენისა და ჩაწერის შესაბამისი ნებართვა მიეღო სხვადასხვა საქმეზე, აქედან 291 შუამდგომლობა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ეხებოდა.

საუბარია შუამდგომლობებზე, რომლითაც საერთო სასამართლოს პროკურატურა მიმართავს. უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა ფარულ მიყურადებაზე 1266 შუამდგომლობიდან 959 შემთხვევა დააკმაყოფილეს, 114 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 193 – არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება დანაშაულებს, როცა საგამოძიებო ორგანო ფარულ მიყურადების საჭიროების ხედავს: „ქურდული სამყაროს“ წევრობის მუხლზე პროკურატურამ 2022 წელს 291 შუამდგომლობა დააყენა სასამართლოებში ფარულ მიყურადებაზე. აქედან 216 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ფარული მიყურადების სიხშირის კუთხით მეორე ადგილზე თაღლითობის მუხლია – 140 შუამდგომლობა, შემდეგ მოდის ქურდობა 100 შუამდგომლობა, ნარკოდანაშაული – 91 შუამდგომლობა, მკვლელობა – 68 შუამდგომლობა.

საქართველოს რომელ ქალაქებში უსმენენ ყველაზე ხშირად ფარულ ადამიანებს სასამართლოს ნებართვით? – ამ სტატისტიკური მონაცემის სათავეში თბილისია – 854 შუამდგომლობა, შემდეგ მოდის ქუთაისი – 80 შუამდგომლობა, ზუგდიდი – 61, გორი – 48, ბათუმი – 33.

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე რაიონული და საქალაქო სასამართლოების მიერ განხილულია 327 შუამდგომლობა, დაკმაყოფილდა – 235, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 64, არ დაკმაყოფილდა – 28.

326 მოქალაქის სარჩელი უკანონო, ფარულ მოსმენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წელს განიხილა. მოსარჩელეების აზრით, ხელისუფლების ხელშია არაერთი ინსტრუმენტი, სასურველ ადამიანს უკანონოდ უთვალთვალო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის განხილვა 4 წლის წინ დასრულდა, საკონსტიტუციო სასამართლო „უკანონო მოსმენების საქმეზე“ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: