მთავარი,სიახლეები

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – ISW

10.11.2022
ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – ISW

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – რუსეთის სარდლობის პრიორიტეტი ახლა საკუთარი ძალების მდინარის გავლით ორგანიზებულად გამოყვანა და უკრაინელთა კონტრშეტევის შენელებაა – მიიჩნევს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

„უკრაინელთა კონტრშეტევა, რომელიც აგვისტოს დასასრულს დაიწყო, იყო კოორდინირებული კამპანია მიმართული იმისკენ, რომ რუსეთის არმია იძულებული გაეხადა, სერიოზული სახმელეთო შეტევითი ოპერაციების გარეშე დაეხია უკან მდინარე დნეპრის გავლით,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში, რომლის მთავარი თემაც ხერსონიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებაა.

ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ბოლო თვეებში, უკრაინის ჯარები მიზანმიმართულ და კარგად მომზადებულ სამხედრო ოპერაციას აწარმოებდნენ – მთელი ოლქის მასშტაბით ურტყამდნენ რუსეთის ძალების თავშეყრის ადგილებს, სამხედრო ობიექტებსა და ლოგისტიკურ კვანძებს, რათა დასავლეთ სანაპიროზე რუსული პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელი გაეხადათ.

ISW-ის აზრით, რუსების უკან დახევა, სავარაუდოდ, არ უნდა იყოს ხაფანგი, რომლის მიზანიც უკრაინის ძალების ხერსონში შეტყუება იქნება. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბოლო კვირებში რუსეთს თავისი ძალები ეტაპობრივად გაჰყავდა ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან და საკუთარ საინფორმაციო სივრცეს ამ პროცესისთვის ამზადებდა. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალაქ ხერსონში ბრძოლის გამართვა, რუსებისთვის სრულიად გამორიცხავდა საკუთარი არმიის მოწესრიგებულად გაყვანას.

„რასაკვირველია, რუსული სარდლობა ეცდება ხელი შეუშალოს უკრაინის ძალების წინსვლას და ამით ორგანიზებული გასვლისთვის დრო მოიგოს. გარკვეული ძალები შესაძლოა დატოვონ ქალაქში, რათა მათ უკრაინის არმია შეაკავონ – ეს ბრძოლები საშუალებას მისცემს რუსეთს, რაც შეიძლება მეტი დანაყოფი გაიყვანოს,“ – მიიჩნევს ინსტიტუტი.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, როგორ შეხვდა რუსეთის საინფორმაციო სივრცე ცნობას ხერსონიდან გასვლაზე. რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი მიუთითებდა, რომ ჯარების გაყვანა ბუნებრივი და ლოგიკური ქმედება იყო, ნაწილმა კი ის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მორიგ მარცხად შეაფასა. საბოლოოდ, ISW-ის აზრით, საინფორმაციო სივრცე, მაინც სუროვიკინის გამართლებისკენ გადაიხარა – მის გადაწყვეტილებას საჯაროდ მხარი დაუჭირეს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი მატრუშევი თეირანში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სავარაუდოდ, ირანული ბალისტიკური რაკეტების შესყიდვისა და თანამშრომლობის სხვა საკითხების განსახილველად;
  • რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ბრძოლა გრძელდებოდა სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე და ბელოგოროვკაში;
  • უკრაინის ძალებმა ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს ქალაქ ხერსონის ჩრილო-აღმოსავლეთით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო და დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში;
  • რუსეთის ფედერაცია მობილიზებული პერსონალის აღჭურვისა და მათთვის დაპირებული ხელფასის გადახდის სერიოზულ პრობლემებს აწყდება;
  • მობილიზებულების ნათესავები განაგრძობენ აქციებს ფინანსური საკითხებისა და ცუდი პირობების გასაპროტესტებლად;
  • ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი კირილ სტრემოუსოვი ზუსტად იმ დღეს დაიღუპა, როდესაც რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: