მთავარი,სიახლეები

ბირთვული საფრთხე და საქართველო – ინტერვიუ პროფესორთან

08.10.2022
ბირთვული საფრთხე და საქართველო – ინტერვიუ პროფესორთან

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, ბირთვული საფრთხეები გაჩნდა. ბირთვული იარაღის გამოყენების მზარდ საფრთხეზე საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები და სპეციალისტები – რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა, მაგალითად, დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მათ შორის შავ ზღვაში.

როგორია უნდა დაიცვა თავი ბირთვული რადიაციისგან? არსებობს თავშესაფარი? როგორ უნდა მიიღონ ან სად შეიძინონ ვთქვათ იოდის აბები? – ეს არის კითხვები, რომელსაც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად სვამენ მოქალაქეები.

ამ კითხვებზე ოფიციალური პასუხები სახელმწიფოსგან არ ჩანს.

სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე „ბათუმელები“ თადარიგის გენერალ-მაიორს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს თენგიზ შუბლაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თენგიზ, ბოლო პერიოდში რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ უკრაინას ბირთვული საფრთხის შემთხვევაში კალიუმის იოდიდის მარაგებს მიაწვდიან. ბუნებრივია, ეს ადამიანებს უჩენს საფრთხის განცდას და კითხვებს სვამენ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება. რას უნდა აკეთებდეს, როგორ ფიქრობთ?

სახელმწიფო საფრთხის დროს კი არ უნდა იწყებდეს ამაზე ფიქრს, არამედ მანამდე, სანამ ეს საფრთხე მოვა.

ჩვენ შემთხვევაში რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, საერთოდ განულებულია ყველაფერი. რაღა დროს ამაზე ფიქრია, უკვე დაგვიანებულია.

  • ვინ უნდა უპასუხოს მოქალაქეების კითხვებს – რა გავაკეთოთ? თავი როგორ დავიცვათ, სად შევაფაროთ თავი?  რამდენი იოდი მივიღოთ? ამ ყველაფერზე რომელმა უწყებამ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ხალხს?

ამ დროს დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა სპეციალური აირწინაღები, რომელიც ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეთ ადამიანებს. ფანჯრები ისე უნდა დაიგმანოს, რომ ჰაერი არ მოძრაობდეს ოთახში და ბევრი ასეთი წვრილმანია.

პრინციპში ესეც არაფერს შველის, რადგან სპეციალური თავშესაფარია საჭირო, ჰერმეტული კარებით, ავტონომიური წყალმომარაგებით, ელექტრომომარაგებით და ასე შემდეგ, სადაც ადამიანებს დამოუკიდებელი არსებობის საშუალება ექნებათ.

თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, რომელიც რადიაციის და ბირთვული იარაღის წინააღმდეგ შეიძლება გამოდგეს, როგორც თავდაცვის საშუალება.

ეს საკითხი ახლა გახდა აქტუალური, შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო ერიდება ხოლმე ასეთ ხარჯებზე წასვლას.

  • გამოდის, რომ ბირთვული საფრთხის წინაშე თუ დავდგებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სრულიად დაუცველი იქნება?

კი, ამ წუთში დაუცველია.

არის რაღაც პრეპარატები, თანამედროვე საშუალებები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ესეც თავის მოტყუებაა, რადგან თუ ბირთვული იარაღი გამოიყენეს, ის ძალიან დიდხანს რჩება ატმოსფეროში. ისე არ არის, რომ აფეთქდა, გაიფანტა და დამთავრდა.

  • სახელმწიფო გაჩუმებულია. ადამიანებს კი აქვთ გარკვეული შიშები. ერთი პერიოდი აფთიაქებში იოდის შეძენაც დაიწყეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რა მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ და რა დოზით თუკი ამის საჭიროება დადგება.

რასაკვირველია სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს ამაზე ინფორმაცია ადამიანებს, მაგრამ ახლა რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყოს, თქვენ წარმოიდგინეთ ეს რას გამოიწვევს ქვეყანაში. რამხელა ქაოსი დაიწყება, რამხელა ზეწოლა იქნება გინდ აფთიაქებზე და გინდა სამედიცინო დაწესებულებებზე.

  • მე არ ვამბობთ, რომ პანიკა უნდა დათესოს, სახელმწიფოს შეუძლია ნათლად აუხსნას მოსახლეობას, რომ ეს არის პრევენციული ზომები და რატომ გამოიწვევს ეს ქაოსს?  

კი, რასაკვირველია. ეს უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით და თუ მოხერხდება ასეთი პრეპარატების შემოტანა, უნდა გადანაწილდეს მოსახლეობაში. სააფთიაქო ქსელისთვის არ იქნება ეს განკუთვნილი, მოსახლეობას უნდა დაურიგდეს.

  • არცერთი კითხვა არ დასმულა ამაზე პარლამენტში, არც ჯანდაცვის სამინისტროში მსჯელობენ. არის ეს პრობლემა?

ვფიქრობ, ამაზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება მეტ პანიკას გამოიწვევს.

  • შესაძლოა, მაგრამ ადამიანები ამ კითხვებს მაინც სვამენ სოციალურ ქსელებში, ერთმანეთში.  

ეს კითხვები მარტო ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში არსებობს. კი ბატონო, ფინეთი, შვედეთი აქცევს თავდაცვის საკითხებს ყურადღებას და აქვთ კიდეც მაღალი დონის თავშესაფრები, მაგრამ ეს არის ათეული წლებით ნაშენები და ნაკეთები.

ზოგადად, ამ ობიექტებს ორმაგი დანიშნულება აქვთ, საგანგებო შემთხვევების დროს გამოიყენება მოსახლეობის თავშესაფრად, სხვა დროს კი იქ შეიძლება განთავსდეს სასაწყობო მეურნეობა, შეიძლება იყოს სპორტული დარბაზები, ტრენაჟორები და ბევრი რამ.

მთავარია, ხელშეკრულებაში ეწეროს, რომ არავინ უნდა შეეხოს კონსტრუქციებს და საჭიროების შემთხვევაში შენობა გათავისუფლდეს თავშესაფრისთვის.

ახლა ამ წუთში ამის გახმოვანება და აჟიოტაჟის ატეხა, ვფიქრობ სწორი არ იქნება.

რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს [სახელმწიფომ], როდესაც არაფერია მისაწოდებელი. ამიტომ ეს გამოიწვევს პანიკას და მეტს არაფერს.

  • გამოდის, რომ მოსახლეობა ბედის ანაბარადაა ამ ქვეყანაში მიტოვებული?

კი, დაახლოებით ასეა. მაგრამ მარტო ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში, ძირითადი ქვეყნები ამ მდგომარეობაშია. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომლებმაც იფიქრეს ამაზე და ჩადეს სახსრები თავშესაფრების მშენებლობაში.

ვფიქრობ არც უკრაინას აქვს ასეთი თავშესაფრები, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავის დასაცავად გამოდგება.

საავიაციო იერიშის შემთხვევაში რასაც იყენებენ, არა მგონია ეს ამისთვის გამოდგეს. სისტემები ალბათ იქაც მოძველებული იქნება, რა თქმა უნდა, თუ ახლა არ გამოცვალეს და განაახლეს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია.

  • ყველაზე დიდი რისკის ქვეშ რომელი ქვეყნებია, ბირთვული საფრთხის შემთხვევაში?

ეს ბევრად არის დამოკიდებული ქარის მიმართულებაზე, ამიტომ ძნელია ითქვას რომელი ქვეყნებია.

იგივე საშიშროება არსებობს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში, რომელიც ჩვენს საზღვართან არის და მისი ტექნიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ამიტომ არ არის აუცილებელი ომი იყოს, მისი ავარიის შემთხვევაში, თუ ქარის მიმართულება დაემთხვა ჩვენსკენ, ჩათვალეთ, რომ რიკოთამდე მთელი ტერიტორია დასნებოვნდება.

ამიტომ ძნელია ასე უცებ განსაზღვრო რა ტერიტორიას მოიცავს. ეს დამოკიდებულია მოცულობაზე, რამდენს გამოიყენებენ და ქარის მიმართულებაზეც.

ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებშიც ისწავლებოდეს მსგავსი საკითხები, საზოგადოებრივ მაუწყებელს და სხვა ტელევიზიებსაც რამდენიმე წერილი მივწერე, რომ იქნება 20 წუთი, ნახევარი საათი დაეთმოთ ასეთი საკითხებისთვის და ეს არ ეხება მხოლოდ ბირთვულ დაბინძურებას.

წყალდიდობაა, მიწისძვრაა, სხვა კატასტროფებია და მოსახლეობა მიიღებდა ინფორმაციას რა დროს, როგორ უნდა მოიქცეს, რა გააკეთოს, როგორ იმოქმედოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უყურადღებოდ დატოვეს. იაფფასიანი შოუები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

  • ჩვენ გვაქვს სახელმწიფო უწყება – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, სადაც თვეობით არ ახლდება ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, ვალდებულია ეს უწყება ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს?

სააგენტო გარკვეულ დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს გარკვეულ წერტილებზე და აწვდის ინფორმაციას როგორი ფონია ამ კონკრეტულ წერტილებში.

ყველაზე კლასიკური ვარიანტი იყო, რომ საზოგადოებრივ არხს გამოეყო ამისთვის დრო და კვირაში ერთხელ, კონკრეტულ დროს, ადამიანებს ეცოდინებოდათ, რომ ამ არხიდან მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორც რადიაციულ საფრთხეებზე, ასევე სხვა საფრთხეებისგან თავის დაცვაზეც, რომ არ იყოს ვთქვათ ინფორმაციული ვაკუუმი.

თუმცა მე მაინც მგონია, რომ არავინ წავა ასეთ ნაბიჯზე, ამიტომ არსებობს კოსმოსური დაკვირვების საშუალებებიც, რომ სიტუაცია გააკონტროლონ. მით უმეტეს რომ დღეს გაათმაგებულია ყურადღება ამ ობიექტებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: