ბათუმის მერიამ 3,3 მილიონი ლარი გამოყო ქალაქის ბიუჯეტიდან ახმეტელის ქუჩაზე [დრამატული თეატრის გვერდით] მდებარე ხუთი 12-სართულიანი კორპუსის ფასადის შესაფუთად. სახლის ფასადის შეფუთვა, ტენდერის მიხედვით, გულისხმობს იერსახის შეცვლას, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და თბოიზოლაციას.
ტენდერი ამ საცხოვრებელი სახლების ფასადების შეფუთვაზე 3 მილიონ 360 ათას 689 ლარით, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა [ფასის კლების ბიჯი კი, 33 ათას 607 ლარია]. ტენდერს თან ახლავს შესაბამისი პროექტებიც.
სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრა:

სატენდერო კომისიის ოქმიდან
ტენდერის ფარგლებში შეიფუთება კორპუსები ბათუმში, ახმეტელის ქუჩის შემდეგ ნომრებში: 1, 3, 5, 7 და 9.

შესაფუთი სახლები [ქვემოთ] და რენდერი/ესკიზი პროექტიდან [ზემოთ]
სამუშაოები 2023 წლის 11 მაისამდე უნდა დასრულდეს [შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი კი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან].
პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (საცხოვრებელი სახლების ან/და შენობების მშენებლობა ან/და შენობების ფასადის რეაბილიტაცია) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 000 000 ლარის ოდენობით.“
ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:
ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად






