მთავარი,სიახლეები

რუსეთის წვრთნებში სავარაუდოდ მხოლოდ 15 000 სამხედრო მონაწილეობს – ბრიტანეთის დაზვერვა

02.09.2022
რუსეთის წვრთნებში სავარაუდოდ მხოლოდ 15 000 სამხედრო მონაწილეობს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წვრთნებია, „ვოსტოკი 2022“, რომელიც რუსეთმა, უკრაინაში ომის მიუხედავად, პირველ სექტემბერს დაიწყო.

უწყება აღნიშნავს, რომ „ვოსტოკი“ რუსეთის არმიისთვის ყოველწლიური სტრატეგიული სწავლებაა, მისი სამხედრო მომზადების კულმინაცია.

რუსეთმა საჯაროდ განაცხადა, რომ პირველ სექტემბერს დაწყებულ სწავლებაში 50 000 სამხედრო მიღებდა მონაწილეობას, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეალურად 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთოს წვრთნებში, რაც 2018 წლის „ვოსტოკის“ მონაწილეთა მხოლოდ 20 %-ია.

„უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებამ ცხადად გამოაჩინა „ვოსტოკის“ მსგავსი სამხედრო სტრატეგიული წვრთნების წარუმატებლობა, რუსეთის არმიას არ აღმოაჩნდა უნარი, აწარმოოს ფართომასშტაბიანი კომპლექსური ოპერაციები,“ – წერს დაზვერვა 2 სექტემბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, ასეთი ღონისძიებები, რომლებიც მკაცრადაა გაწერილი და ყოველგვარ ინიციატივას გამორიცხავს, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება აღნიშნავდა, რომ დასავლური შეიარაღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსულ რადარებს, რომელთა განადგურება და დაზიანებაც რუსეთის არმიისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

მთავარ ფოტოზე: რუსი სამხედროები „ვოსტოკ 2022-ზე“/ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: