მთავარი,სიახლეები

„არ მივცემთ მთავრობას მოსვენებას“ – აჭარის მთავრობის სახლთან გალია მიიტანეს

05.11.2021
„არ მივცემთ მთავრობას მოსვენებას“ – აჭარის მთავრობის სახლთან გალია მიიტანეს

დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. 

აქციის მონაწილეებს აქციაზე სიმბოლურად  პატარა გალია ჰქონდათ მიტანილი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, თავად გააკეთებენ ამას. 

„კიდევ ერთხელ ბათუმი და ბათუმელი ახალგაზრდები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილი, პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს. 

ჩვენ ამას არ შევეგუებით. არ მივცემთ მთავრობას მოსვენებას, ყველა სამთავრობო სამსახურებთან, დაწესებულებებთან გავმართავთ მსგავს აქციებს და მოვემზადებით მასშტაბური აქციისთვის თბილისში“ – ამბობს ლაშა კილაბერია, საკრებულოს ახალარჩეული წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.  

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან. ფოტო: „ბათუმელები“/ევა ართმელაძე

აქციის წევრებს აჭარის მთავრობის სახლის შესასვლელთან გალიის დადგმის ნება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ აქციის მიზანი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერაა:

„რიჟვაძის პირად დაცვად არიან გადაქცეულები. ჩვენ აქ უწყინრად მოვიტანეთ გალია იმისთვის, რომ სიმბოლურად მხარდაჭერა გამოგვეხატა მიხეილ სააკაშვილისთვის და თუ „ოცნება“ ამყოფებს მას გალიაში, ჩვენ გავაღებთ  კარებს. 

აი, ამ ფორმით მოვიტანეთ და არ დაგვადგმევინეს. არაფერი  გაგვიფუჭებია, არც გზა გადაგვიკეტავს, კანონს ვერ გვიმარტავენ, თუ რის საფუძველზე გვაჩერებენ“. 

ექსპრეზიდენტის მხარდაჭერაზე ისაუბრა აქციის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან გორგილაძემ: 

„ის სირცხვილი, რაც 30 წლის წინ ვჭამეთ და ჩვენივე ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენივე ხელით მოვკალით, რომ არ განმეორდეს, უნდა ვთხოვოთ, მოვუწოდოთ თუ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მოუფრთხილდნენ პრეზიდენტის ჯანმრთელობას, ის პოლიტპატიმარია და გაათავისუფლონ“. 

__________________

36-ე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი  ციხეში შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: