მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ოპოზიციონერს მობილური წაართვა

22.09.2021
ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ოპოზიციონერს მობილური წაართვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ, ოპოზიციური პარტიის კანდიდატს მობილური ტელეფონი წაართვა. შემთხვევა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 22 სექტემბერს, მოხდა.

მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს წაართვეს. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრობის კანდიდატია და მოქალაქეების მერის მოადგილესთან შეხვედრას იღებდა. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, მერის მოადგილე შეხვედრის გადაღებით გაღიზიანდა.

„გათიშე რა, არა გაქვს უფლება,“ – ისმის ჩანაწერში ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახა ფუტკარაძის ხმა. ამ ფრაზის თქმის შემდეგ ის მობილური ტელეფონის ვიდეოკამერისკენ მიიწევს და ჩანაწერი წყდება.

„მან გათიშა ვიდეო და ტელეფონს აღარ მიბრუნებდა. ამბობდა, რომ გადაღების უფლება არ მქონდა,“ – ამბობს გიორგი ნაგერვაძე. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სხვა პირების მიერ გადაღებული პირდაპირი ჩართვები გააზიარა, სადაც ჩანს, რომ გიორგი ნაგერვაძე, ასევე ოპოზიციური ერთობის ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე, მერის მოადგილეს მობილური ტელეფონის დაბრუნებას სთხოვენ.

ვიდეოჩანაწერების მიხედვით, კადრებში ჩანს ხელვაჩაურის მერის მოადგილე, რომელსაც ხელით მობილური ტელეფონი ზურგს უკან გააქვს. ის მოთხოვნას არ პასუხობს და ცდილობს მოქალაქეებს გაესაუბროს.

„ინციდენტამდე შევხვდით შარაბიძეების დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც დატბორილები არიან… მოქალაქეებმა გვთხოვეს, რადგან მერიის წარმომადგენლები არ ეცნობიან ჩვენს პრობლემებს, შეგვახვედრეთ მერსო. ჩვენ მივყევით ადამიანებს ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ეს ინციდენტი მოხდა.

ხელვაჩაურის მერის მოადგილემ ტელეფონი მას შემდეგ დამიბრუნა, როცა ადგილზე პოლიციელები მოვიდნენ, “ – გვიყვება გიორგი ნაგერვაძე.

„თქვენ მისაკუთრებას რას ეძახით? მე წავართვი ტელეფონი იმ ქმედებიდან გამომდინარე, რასაც ის სჩადიოდა. მე არ ვიცი, ის ნაგერვაძე იყო თუ სხვა გვარის წარმომადგენელი,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილე ამბობს, რომ მობილური ტელეფონი გიორგი ნაგერვაძეს მას შემდეგ წაართვა, როცა მისი თხოვნის მიუხედავად ის მოქალაქეებთან შეხვედრას იღებდა. ხელვაჩაურის მერს ვკითხეთ, რატომ არ ჰქონდა საჯარო სივრცეში, ხელვაჩაურის საკრებულოს შენობაში, ოპოზიციის წარმომადგენელს ვიდეოს გადაღების უფლება?

„ეს არის დესტრუქციული ძალა, მაგათ აინტერესებთ თემის მოწყობა, რაღაცნაირი შანტაჟი… უფრო მტკივნეული საკითხები იყო იქ, უხვი ნალექის შედეგად ბევრი მოქალაქე დაზარალდა, ჩვენ გავიყვანეთ ეს ადამიანები დასკვნების მომზადებამდე. მოვდივარ სამსახურში დაღლილი, დაახლოებით 4 საათზე და მხვდება ეს დესტრუქციული ძალა მიშა ბოლქვაძის მეთაურობით, თურმე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო მოქალაქეებს ყურადღებას არ აქცევს. მე მოქალაქეებს მივმართე, რომ ამოსულიყვნენ ჩემთან და მათ გულის სატკივარს მოვისმენდი,“ – ამბობს კახა ფუტკარაძე.

რატომ დააბრუნა მობილური ტელეფონი ხელვაჩაურის მერის მოადგილემ პოლიციელების ადგილზე მისვლის შემდეგ?

„კარგად მოიკითხეთ. მე წავართვი ტელეფონი და დავუბრუნე დაახლოებით 15 წუთის შემდეგ. მოვიდა იქ ქალბატონი, ზრდილობიანად მომმართა და დავაბრუნე,“ – გვიპასუხა კახა ფუტკარაძემ.

დაიწყო თუ არა გამოძიება? – „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მიმართა ამ კითხვით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ზუსტად ორი თვის წინ – 22 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ მიკროფონი მიითვისა. მას მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია და მისთვის არც პასუხი მოუთხოვიათ. მაშინ იურისტები ამბობდნენ, რომ საფრთხეს შეიცავს, როცა მინისტრის ამგვარი ქმედება დაუსჯელი რჩება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/555983/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: