მთავარი,სიახლეები

რატომ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია ბათუმში

21.02.2016
რატომ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია ბათუმში

ზუსტად 95 წლის წინ, 21 თებერვალს „საქართველოს კონსტიტუცია“ დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო. „წითელი არმია“ უკვე თბილისის მისადგომებთან  იდგა. რამდენიმე დღეში ქვეყნის პირველი კონსტიტუცია ბათუმში დაიბეჭდა.

„კონსტიტუცია ძალაში რომ შესულიყო, ის უნდა გამოქვეყნებულიყო. დამფუძნებელთა საბჭოს წევრების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოში წავიდა. კონსტიტუციის გამოცემის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ის სადღაც 1921 წლის თებერვლის ბოლოს უნდა იყოს გამოცემული,“ – ამბობს პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე. ის მუშაობდა თემაზე  – „1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის შემუშავება და მიღება“

იმ დროისთვის ბათუმში ათამდე სტამბა ყოფილა. კონსტიტუციის დასაბეჭდად მაშინდელ მთავრობას ნესტორ ხვინგიას სტამბა შეურჩევია, რომელიც დღევანდელი კოსტავას 13 ნომერში მდებარეობდა. „ცნობილია, რომ ხვინგია დაახლოვებული იყო „სოციალ-დემოკრატებთან“, კონკრეტულად კი ისიდორე რამიშვილთან, კარლო ჩხეიძესთან. რომელიმე პარტიის წევრი ოფიციალურად არ ყოფილა. ცნობილია, რომ კონსტიტუცია ხვინგიამ უფასოდ დაბეჭდა დაახლოებით 100 ცალი,“ – გვიყვება ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი. ისტორიკოსის მონაცემებით, ხელაძის სტამბა ბათუმში დაახლოებით 1890-იან წლებიდან მუშაობდა და იქ დაბეჭდილა პირველად ქართულ ენაზე ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“, ასევე რუსულად პუშკინის „რუსლანი და ლუდმილა“.

konstitucia

„საქართველოს კონსტიტუციის“ მიღებაზე მუშაობა დამფუძნებელთა კრებას 1920 წლის 24 ნოემბერს დაუწყია. „ძალიან გაწელილა თურმე დრო, რადგან ნებისმიერ გამომსვლელს  დიდი დრო ეთმობოდა და აშკარად ჩანდა სურვილი, რომ თითოეული მუხლი დაწვრილებით განეხილათ. კონსტიტუციის მიღება კრებას 12 მარტისთვის ჰქონდა დაგეგმილი, რის შემდეგაც სექტემბრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის არჩევნები. პირველ კონსტიტუციაში განსაზღვრული იყო პარლამენტის პირველი შეკრების თარიღიც – ნოემბრის პირველი კვირა დღე. ეს 1921 წლის 6 ნოემბერი გამოდიდოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაცაბერიძე.

მაგრამ „წითელი არმიის“ გამოჩენამ დამფუძნებელთა კრება აიძულა კონსტიტუცია დაჩქარებული წესით მიეღო. ამის შემდეგ კრება ქუთაისში ჩაუტარებიათ 17 თებერვალს, ხოლო უკანასკნელად კრების სხდომა 1921 წლის 12 მარტს ბათუმში გამართულა. „კრებას დეპუტატების ნაწილი ვეღარ დაესწრო, მაგრამ მაინც მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება და იმდროინდელ მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, რომ საქართველო წარმოედგინა და მისი ინტერესები დაეცვა. ბათუმში სხდომა დიდხანს გაგრძელებულა – ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ჯარის მობილიზება ვერ შეძლო,“  – გვიყვება მალხაზ მაცაბერიძე.

ამ მოცემულობაში დაბეჭდილა ბათუმში პირველი კონსტიტუცია, რომელიც შემდეგ ე.წ. „პერესტროიკის“ დროს, 1989 წელს, დაბეჭდა ქართულმა პრესამ, როცა გორბაჩოვი სიტყვის თავისუფლებაზე ალაპარაკდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: