მთავარი,სიახლეები

სანაპიროზე 2 ცათამბჯენის აშენებას „ორბი ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიები ითხოვენ

02.09.2021
სანაპიროზე 2 ცათამბჯენის აშენებას „ორბი ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიები ითხოვენ
ბათუმში, რუსთაველის #39 -ში შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ მშენებლობის უფლებას ითხოვს, კომპანია ამ მისამართზე  სასტუმრო „ჰილტონისა“ და  შპს „ალიანსის“ მშენებარე პროექტის შუაში მოქცეულ 8000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს.

კომპანია „ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 525 001 ლარად 2016 წელს მიჰყიდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს ეს კომპანია, ნაყიდ მიწის ნაკვეთთან ერთად, 4 მილიონ 300 000 აშშ დოლარად [ლარის ეკვივალენტით] მიჰყიდეს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფს“. ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.

„ორბი ლოჯისტიკ ჯგუფთან“ არის დაკავშირებული შპს „ბრიტიშ დეველოპმენტიც“. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ 2017 წელს ობშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა, დირექტორად ჯორჯი რურუა ფიქსირდებოდა. 2018 წლიდან კი, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი ბიზნესმენი ზვიად ზოიძე გახდა. ახლა უკვე კომპანიის მფლობელი ზაზა ზოიძეა.

მერიის ინფორმაციით, შპს „ბრიტიშ დეველოპმენტს“ სანაპიროზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა სურს და განაცხადი განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავებაზე [გდგ] თანხმობის მისაღებად მერიაში ოფიციალურად აქვს შეტანილი. კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.

შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას  შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს „ალიანსის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, ორი ახალი ცათამბჯენის მშენებლობა განიხილება. თუ ორივე პროექტი დამტკიცდა, რუსთაველის უნივერსიტეტის გაგრძელებაზე, ახალი ბულვარის მიმართულებით, სასტუმრო „ჰილტონის“ შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით სამი ცათამბჯენი გაჩნდება, ძველი ბულვარის მხარეს კი – მშენებარე „ბაბილონ თაუერი“.

„ალიანს ფრივილიჯი“ – რენდერი

შპს „ვესტინვესტი“ რუსთაველის #44-ში 3508 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ნაკვეთები აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიებს 2016 წელს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით მიჰყიდა. კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ქონების შეძენიდან მალევე წილები სრულად გაასხვისეს.

ორივე კომპანიის განაცხადს მერია ერთობლივად განიხილავს და ასევე განმარტავს:

პროექტირების განხორციელების მთავარი მიზანია აღნიშნული კვარტალის, როგორც არქიტექტურული, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ერთიანი კონცეფციით განვითარება. 

მერია განმარტავს ასევე, რომ პროექტის განხორციელებისთვის ორივე კომპანიას განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა სჭირდება.

მერია განიხილავს კიდევ ერთ განაშენიანების დეტალურ გეგმას [გდგ] ბათუმში, ფიროსმანის, შ. ხიმშიაშვილისა და ჟიული შარტავას ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში. ამ შემთხვევაში თავად შპს „ორბი ჯგუფს“ მერიისთვის უკვე წარდგენილი აქვს გდგ კონცეფცია. აქ კომპანია საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, 13 540 კვ.მ-ზე ორი ცათამბჯენის გვერდით, კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: