მთავარი,სიახლეები

„ვერ შევთანხმდებით“ – თურნავა ნამახვანი ჰესის პროტესტის მონაწილეებზე

18.03.2021
„ვერ შევთანხმდებით“ – თურნავა ნამახვანი ჰესის პროტესტის მონაწილეებზე

დღევანდელ [18 მარტი] ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის პროექტზე საუბრის დროს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირთან ასოცირება ახსენა.

„ნამახვანჰესის პროექტი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი ამ თვალსაზრისით. მოგახსენეთ კიდევაც, რომ ევროკავშირთან ასოცირების საბჭოზე ძალიან დიდი მსჯელობა დაეთმო ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წყალქვეშა კაბელი უნდა აშენდეს იმისთვის, რომ ჩვენგან მწვანე ჰიდროენერგია მიეწოდოს ევროკავშირს და ეს არის ერთი-ერთი ამოცანა და აზრი ამ პროექტის მიღმა რაც დევს, ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით, მათ შორის ქუთაისში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ბატონ ლევან დავითაშვილს…“, – აღნიშნა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რატომ არის კავშირში ევროკავშირისთვის ჰიდროენერგიის მიწოდება ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან. მან თქვა, რომ „ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ჩვენი ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარებას და ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას,“ – დასძინა მან.

„ვერ შევთანხმდებით,“ – რამდენჯერმე გაიმეორა მინისტრმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნის – „შეწყდეს ნამახვანი ჰესის მშენებლობა“ – შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

„აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური იმიტომ, რომ თითოეულ შემთხვევაში და არა მხოლოდ მსხვილი ჰესების შემთხვევაში, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაში ჩვენ გვხდება გარკვეული პრობლემები გნებავთ გარემოსდაცვითი კუთხით, გნებავთ მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას…“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მან ისაუბრა რიონის ხეობის განვითარების ფონდზეც, სადაც  5 მილიონი ლარი „ყველაზე საჭირბოროტო პროექტებს“ მოხმარდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: