მთავარი

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

28.12.2015
პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას.

„ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას“ – აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიცია ხუთი მოთხოვნისგან შედგება, მათ შორისაა ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებ და მათი სათანადოდ მოვლა და ბულვარში მიმდინარე ყველა იმ სამუშაოს შეჩერება, რომელიც არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.

„ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით“ – აღნიშნულია პეტიციაში. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: