მთავარი,სიახლეები

დაწერილია ათზე მეტი საჩივარი, მათ შორის შუახევშიც – საია

31.10.2020
დაწერილია ათზე მეტი საჩივარი, მათ შორის შუახევშიც – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 31 ოქტომბერს, ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

საიას განცხადებით დღის 10:00 საათისთვის ხმის მიცემის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

„დარღვევები შეეხება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას,“-აცხადებს საია.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

  • გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);
  • ზუგდიდის №65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით;
  • საბურთალოს №23, თელავის №54 და მთაწმინდის №3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს – უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;
  • შუახევში №41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად, აგრეთვე, სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი);
  • მარნეულის №85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.
  • გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეოგადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუს №17,ზუგდიდის №24 და ბათუმის №35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

ამ დროისთვის დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

როგორც საია აცხადებს, მათი დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს უწევენ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

„გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში“-აცხადებს საია.

______________

ფოტოზე: 31 ოქტომბრის არჩევნები. საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: