მთავარი,სიახლეები

მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს

23.01.2020
მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამნაშავედ მიიჩნია კაცი, რომელიც ბათუმში ავტომანქანით მოძრაობის დროს ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა – ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში ავტომანქანა მეეზოვეს დაეჯახა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა. დაზარალებული საშუალო ასაკის კაცი იყო.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა „ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ქვეით დუ…..ძეს,“ – წერია განაჩენში.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გასამართლდა, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.

სასჯელის შეფარდების დროს მოსამართლემ მნიშვნელობა დანაშაულის აღიარებას მიანიჭა, ასევე იმას, რომ „დაზარალებულის უფლებამონაცვლე შერიგებულია ბრალდებულთან და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია [ბრალდებულმა აანაზღაურა სხვადასხვა სახის ხარჯები]“, – აღნიშნულია განაჩენში.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულს, რაც პირობით ჩაეთვალა ასევე 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ბრალდებული არც წინასწარ პატიმრობაში იყო. ის გირაოს საფუძველზე ჰყავდა სასამართლოს გათავისუფლებული.

განაჩენის გამოტანისთანავე, ბრალდებულს ავტომანქანაც დაუბრუნეს, თუმცა მას დამატებითი სასჯელის სახით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008