მთავარი,სიახლეები

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

22.11.2019
პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, 22 ნოემბერს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა. მოკლე ვიდეოჩანაწერში დეპუტატი ვახტანგაძე ამბობს, რომ „არ იმუქრება“, თუმცა „ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება“, „სავალალო შედეგს მიიღებს“ თუ კი „სპორტსმენების ღირსებას“ შეეხება. „ბათუმელები“ სიტყვასიტყვით, რედაქტირების გარეშე გთავაზობთ დეპუტატის ციტატებს.

„ხმაური გიკვირთ დღეს? 21-ე საუკუნის საქართველოში?

აჭარის ტელევიზიამ წეღან განცხადება გააკეთეთ, რომ 10 სპორტსმენზე მეტი არ იყო მერიის შენობასთანო და რა ხდება? ათზე მეტს ვერავის ვერ ხედავთ? ჩემი ბიუროა მერიაში, არ იცით? და სპორტული საზოგადოებაა ჩემთან მოსული.

და კიდევ ერთი რამე მინდა გათხრათ რა, არავის არ მივცემთ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ქალაქში არეულობა შემოიტანოს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ მაგის გულისთვის. ამიტომ იყო ეს შეკრება და თქვენ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ ეს ბოქლომები თუ რა ქვია არ ვიცი მაგას, ბოქლომების დადება უნდოდათ მაჟორიტარების ბიუროზე. ჩემი მეგობრები არიან [სპორტსმენები] დიდი სამეგობრო წრე თუ მყავს დანაშაულია? სამეგობრო წრეს შევხვდები ყველგან, სადაც მინდა.

დაპირისპირების თემა, თქვენი რჩეულები რომ არიან, ეს ჯელალედინები [სავარაუდოდ გულისხმობს ჯელალ ქიქავას] და ვიღაცეები, შეგიძლიათ იმათ მოკითხოთ რა. ყოველთვის დიდი მნიშვნელობას ანიჭებთ ეგეთ ადამიანებს.

თქვენ ხო სულ ინტრიგებს ეძებთ, რაღაც ისეთ ინტრიგებს რა… …კრიტიკაც მოსულა და მწვავე კრიტიკაც, მაგრამ თქვენ არაერთხელ დაგიშვიათ შეცდომები, აი, არაერთხელ ცილი დაგიწამებიათ ძალიან ღირსეულ ადამიანებზე და მე ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. ჰოდა, კეთილი ინებეთ…

მე გეტყვით ერთ რამეს რა, აი აქ ყველა ღირსეული ადამიანები არიან სპორტსმენები შეკრებილები, რომლებსაც არაერთხელ უსახელებიათ ჩვენი ქვეყანა, არაერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გაუტანიათ, არაერთხელ საქართველოს დროშა აღმართულა ამ ბიჭების სახელზე და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი გაჟღერებულა და მე მინდა ყველას, აი…

არ გაფრთხილებთ რა, მინდა რო იცოდეთ ყველამ რა, სპორტთან თამაში ცეცხლთან თამაშია და მე გეუბნებით, ამ ადამიანების ღირსებას ნუ ეხებით, ნურავინ! აი, ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება, აი, ნუ ეხებით სპორტსმენების ღირსებას და თავმოყვარეობას… სავალალო შედეგს მიიღებთ. ნებისმიერს ვეუბნები ამას! სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რაც მოგადგებათ პირზე ის ილაპარაკოთ რა! აქ არიან ღირსეული ადამიანები, ვისთვისაც, აი, ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას და ღმერთი არ გაუწყრეს არავის. არ ვიმუქრები, ვპირდები ყველას“.

______________

ფოტოზე: მუხრან ვახტანგაძე, კადრი ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: