მთავარი,სიახლეები

„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან

25.07.2020 • 2085
„ვამბობდი, რომ სპორტსკოლა არ დაინგრეოდა“ – შეწყვეტილი ინტერვიუ მუხრან ვახტანგაძესთან

პარლამენტში მუშაობის ოთხი წლისთავზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე „ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ“ კანონპროექტს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვნად, რასაც მან ხელი მოაწერა. დეპუტატს ვკითხეთ, კანონის მიღების მიუხედავად, რატომ უარესდება სპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქში, ან რატომ ვერ შესრულდა მისი დაპირება, როცა თქვა, რომ ბათუმში სპორტსკოლა არ დაინგრეოდა.

„ბათუმელები“ მუხრან ვახტანგაძეს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის პროცესში დეპუტატმა გვითხრა, რომ ჩვენი ხმა აღარ ესმოდა. სატელეფონო ინტერვიუს შეწყვეტის შემდეგ ჩვენ მასთან დაკავშირება ხელახლა რამდენჯერმე ვცადეთ და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე შევთავაზეთ ინტერვიუს გაგრძელება სოციალური ქსელის ვიდეო ზარით, თუმცა მან მოგვწერა, რომ სოფელშია და ინტერნეტს უჭირს. ამ პასუხის შემდეგ მან ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

ინტერვიუ ბოლომდე რომ შემდგარიყო, მას აუცილებლად ვკითხავდი ინტერნეტის პრობლემაზეც სოფლად, რის დაპირებასაც ხელისუფლება წლებია და მუდმივად გასცემს, ათასობით ბავშვი კი განათლების ხელმისაწვდომობის მიღმა რჩება…

  • ბატონო მუხრან, რას გამოარჩევდით თქვენი საქმიანობიდან – 4 წელია თქვენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ პარლამენტში. 

გამორჩევით ვერაფერს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი – ჩემთან მოსული კაცი ჩემი ოლქის, თუ სხვა ოლქის წარმომადგენელი, არც ერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ დამიტოვებია… ჩემი მიზანი იყო, რომ მწვრთნელებისთვის პედაგოგის სტატუსი მიგვენიჭებია, არაერთხელ გვქონდა შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით. ქალბატონი მარიამ ჯაშიც კი ჩართული იყო, ყველაფერი გავაკეთეთ მაგისთვის, მაგრამ მწვრთნელის პედაგოგის სტატუსის მინიჭება განათლებასთან შესაბამისობაში ვერ მოვიდა. ეს არის ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი, რის გაკეთებაც ვერ შევძელი.

  • რა შეძელით, მაგალითად, სპორტის მიმართულებით? თქვენ სპორტსმენი ხართ და ამომრჩეველს ალბათ ამ მიმართულებით ჰქონდა განსაკუთრებული მოლოდინი. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, საერთოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა რა კანონპროექტებიც წარმოადგინა, ნებისმიერ კანონპროექტში ვიმუშავე, რაზეა საუბარი.

  • რომელი იყო ისეთი, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა სპორტული ცხოვრება, ან სპორტის კონკრეტული მიმართულება განავითარა? 

ნებისმიერი კანონპროექტი, რაც სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტმა წარმოადგინა, აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ მე გამოვყოფდი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

  • თქვენი მოვალეობა იყო მთავრობის კონტროლიც. თქვენი ინფორმაციით, რამ შეუშალა ხელი იმას, რომ იგივე მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის კუთხით რამე გაუმჯობესებულიყო? მაგალითად, ბათუმში წლების წინ მოწყობილი ველოპარკი, დღეს საერთოდ აღარ მუშაობს. 

აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაში არაა. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სპორტი იყოს უმაღლეს დონეზე განვითარებული, აბსოლუტურად ყველაფერს… რომელი ერთი დაგისახელოთ აბა? – სტადიონი, სპორტის სასახლე, ბათუმი რომ სპორტის მექაა, ამაზე, მგონი, ორი აზრი არ არსებობს.

  • გაიგებდით, რომ ბათუმის სპორტსკოლა იშლება – ის აუქციონზე გაყიდეს. თქვენ ამბობდით, რომ არ დაინგრეოდა სპორტსკოლა…

მე ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ სპორტსკოლა ვერ დაინგრევა, სანამ სპორტის ყველა სახეობა არ იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალურ დონეზე. გაცილებით უკეთეს პირობებში ივარჯიშებენ ჩვენი სპორტსმენები. ვერც ერთი სპორტის სახეობა გარეთ ვერ დარჩება. პირიქით, ათჯერ უკეთესი პირობები ექნება ყველას. არ დაინგრევა მანამ, სანამ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი. მე ვიქნები ამ ყველაფრის წინამძღოლი, თუ იქნება ეს საჭირო. არა მგონია, რომ ეს საჭირო გახდება. მე, როგორც ვიცი, ხელშეკრულებაში უდევთ ეგ, რომ არ დაინგრევა სპორტსკოლა, სანამ არ იქნება სპორტის ნებისმიერი სახეობა დაკმაყოფილებული…

გადაბეჭდვის წესი


ასევე: