მთავარი,სიახლეები

პრემიერ გახარიას პირველი კომენტარი: ვერ ვხედავ რა განსხვავებაა გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის

08.09.2019
პრემიერ გახარიას პირველი კომენტარი: ვერ ვხედავ რა განსხვავებაა გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის

მას შემდეგ, რაც დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა 98-ი ხმით, გახარიამ ჟურნალისტებთან პრემიერის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და თქვა, რომ ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მოსმენაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ მოკურცხლა დარბაზიდან…“

გახარიამ ასევე ისაუბრა „ევროპულ საქართველოზეც“ და ამ პარტიის წევრსა და რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.

„ევროპულმა საქართველომ“ უფრო დიდი სასწაული გააკეთა [ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით] – კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მომცეს და თქვეს, რომ თუ მოგვეწონება, რასაც გვეტყვი, მაშინ ჩაგირთავთ მიკროფონს და თუ არ მოგვეწონება, მაშინ არ ჩაგირთავთო.

მე მართლა ვერ ვხედავ რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და ბატონ სერგი კაპანაძეს შორის. ვერ ვხედავ. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივ ქართველი გავრილოვი. განსხვავება აქ არ არის. ადამიანმა, რომელსაც ჰქვია „ევროპული საქართველო“ და რომლებიც გველაპარაკებიან ევროპულ დემოკრატიულ ფასეულობებზე, იჯდა მიკროფონთან და უყურებდა, ბატონი გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ „კნოპკისთვის“ დაეჭირა ხელი და გამოეთიშა.

ჩემთვის ეს მიუღებელია და სწორედ ამიტომ ვთქვი მე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას ჩვენ დავასრულებთ და ამაში მოგვეხმარება ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის მეხუთე პრემიერ-მინისტრია.

რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს კი 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს, საიდანაც მან რუსულ ენაზე მიმართა ასამბლეის მონაწილეებს.

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

https://netgazeti.ge/news/373319/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: