მთავარი,სიახლეები

ბათუმის ენმ: ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მას რუსულ ენაზე აგინებდა

28.06.2019
ბათუმის ენმ: ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ, თავდამსხმელი მას რუსულ ენაზე აგინებდა

ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის აქტივისტს, გიორგი დიასამიძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ თავდასხმის შედეგად გიორგი დიასამიძეს შუბლზე აქვს ნახეთქი ჭრილობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

მირდატ ქამადაძის თქმით, აქტივისტს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ის ენმ-ის ბათუმის ოფისიდან გამოვიდა და შეკვეთილში მიდიოდა აქციის მონაწილეებთან სოლიდარობის გამოსახატად:

„ოფისიდან მანქანით დაიძრნენ აღმაშენებლის ქუჩით და როგორც კი კობალაძის ქუჩა დასრულდება, ყირამალასთან მოხდა ეს ამბავი. მაგრამ მანამდე, გზად ვიღაცამ მანქანა ჩაუყენა, ოღონდ ქართული ნომრებით. რუს ტურისტს ამბობენ, მაგრამ ნომრები ქართული იყო. ძალიან საეჭვოდ მოძრაობდა ეს მანქანა, სხვა მანქანებს ატარებდა, გარდა ჩვენი მეგობრების მანქანისა. ბოლოს როგორც კი მოახერხეს ჩვენებმა ამ მანქანისთვის გვერდის ავლა, მოუწოდეს, რომ ნორმალურად ევლო. ამ ადამიანმა იქედან რუსულ ენაზე შეაგინა. შემდგომ ეს მანქანა ისევ ჩაუდგა წინ. ბოლოს კი მანქანა ისე გაუჩერეს, რომ ჩვენებმა მოძრაობა ვეღარ გააგრძელეს“.

მირდატ ქამადაძის თქმით, რომელმაც თავის თანაპარტიელებისგან მიიღო ინფორმაცია, მანქანის გაჩერებისთანავე „საეჭვოდ მოძრავი მანქანიდან“ გადავიდა ერთი კაცი და ასევე მანქანიდან გადასულ გიორგი დიასამიძეს მიახლოებისთანავე ყოველგვარი საუბრის გარეშე დაარტყა. „ის კვლავ აგრძელებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, როგორც ჩვენი მეგობარი ყვება, რუსულ ენაზე“.

მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ „ეს ჰგავს პროვოკაციას, რომელსაც აწყობს სავარაუდოდ სუსი, რადგან მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ენმ-ის წევრები მიემგზავრებოდნენ შეკვეთილში სოლიდარობის აქციაზე“.

მირდატ ქამადაძის თქმით, გიორგი დიასამიძე კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში იმყოფება გამოსაკითხად.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: