მთავარი,სიახლეები

EMC: მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის სასამართლო განხილვის ვადას არღვევს

19.01.2019
EMC: მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის სასამართლო განხილვის ვადას არღვევს

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა კვლავ ჭიანურდება, რაც სასამართლო გზით მუსლიმი თემის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას არსებითად ართულებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის EMC მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუსლიმმა თემმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისს მიმართა, მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ უარი თქვა ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის და დისკრიმინაციულობის კუთხით სასამართლოში დავობს. სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI წარმოადგენენ.

2017 წლის ივნისიდან ამ დრომდე სასამართლომ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი სხდომა გამართა – 2018 წლის 20 თებერვალს. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებ სასამართლოს ეცნობა, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მორიგი სხდომა არ ჩაუნიშნავს.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი მიუთითებს კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვეში განიხილავს. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე კი, დავის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვემდე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის შეტანიდან 20 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სასამართლო სხდომაა ჩატარებული.

„სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის  მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ სასამართლო აღნიშნულ საქმეში დავის განხილვის ყველა გონივრულ ვადას არღვევს. ეს გარემოება საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მუსლიმი თემისთვის მეჩეთის მშენებლობის საჭიროების გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისადმი უნდობლობას აღრმავებს,“ – აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ თემაზე:

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: