კულტურა,სიახლეები

„სიმპსონების“ რეჟისორის ახალი მულტსერიალი ალკოჰოლის მოყვარულ პრინცესაზე აგვისტოში გამოვა

24.07.2018
„სიმპსონების“ რეჟისორის ახალი მულტსერიალი ალკოჰოლის მოყვარულ პრინცესაზე აგვისტოში გამოვა

კომპანია ნეტფლიქსმა  Comic Con -ის ფესტივალზე “სიმპსონებისა” და “ფუტურამას” რეჟისორის, მეთ გრეინინგის ახალი ანიმაციური სერიალის, “განჯადოების” სრული ტრეილერი აჩვენა.

იმ უდიდესი წარმატების შემდეგ, რაც გრეინინგს „სიმპსონებმა“ და „ფუტურამამ“ მოუტანა, ნეტფლიქსმა მას ახალი ანიმაციური კომედიური შოუს შექმნა შეუკვეთა.

როგორც  ბრიტანული გამოცემა  NME  იუწყება, ნეტფლიქსმა შოუს 20 ეპიზოდი შეუკვეთა, რომელიც ორ სეზონად დაიყოფა.  პირველი 10 ეპიზოდი მომავალ თვეში, 17 აგვისტოს გამოვა.

„თქვენ იხილეთ მომავალი ფუტურამაში, თქვენ იხილეთ აწმყო სპრინგფილდში და რა იქნება ძალიან ცხადი მომდევნო ნაბიჯი? წარსული რა თქმა უნდა!“ – ყვება თრეილერში მთხრობელი. შესაბამისად, “განჯადოებაში” მოქმედება წარსულში ხდება, კერძოდ – შუასაუკუნეების სამეფო დრიმლენდში.

ნეტფლიქსზე სერიალის მოკლე აღწერაში აღნიშნულია, რომ ეს არის სერიალი, რომელიც ალკოჰოლის მოყვარული პრინცესა ბინის, მისი პირადი დემონი ლუსისა და მომხიბლველი ელფი კომპანიონის თავგადასავალზე მოგვითხრობს.

“განჯადოების” მეორე, უფრო ახალი ტრეილერიც არსებობს, რომელიც სამეფო ქორწილის სცენას ასახავს:

გრეინინგმა ახალ სერიალზე სამუშაოდ “სიმპსონებზე” მუშაობაში გამოცდილი დიდი ხნის თანამშრომელი ჯოშ ვაინშტაინი და “ფუტურამაზე” მომუშავე ანიმატორების მთელი ჯგუფი მოიწვია. რაც შეეხება პერსონაჟების როლების შემსრულებლებს, პრინცესა ბინს ები ჯეიკობსონი გაახმოვანებს, რომელიც ცნობილია სერიალიდან Broad City, მის საიმედო კომპანიონ ელფოს ოსკაროსანი მსახიობი ნატ ფაქსონი შეასრულებს, პირად დემონს, ლუცის კი – მსახიობი ერიკ ანდრე. გარდა ამისა, ახალ ანიმაციურ სერიალში სხვადასხვა როლებს შეასრულებენ „ფუტურამას“ მსახიობები, კერძოდ ჯონ დიმაჯიო (რობოტი ბენდერი), ბილი ვესტი (ფილიპ ჯეი ფრაისა და სხვა როლების გამხმოვანებელი), მაურის ლამარჩი (ლეიტენანტი ამფიბიისებრთა პლანეტიდან კიფ კროკერი და სხვა როლები), ტრეს მაკნეილი („სიმპსონებში“ სკინერის დედისა და სხვა როლების შემსრულებელი, ასევე ახმოვანებს ათეულობით პერსონაჟს „ფუტურამაში“).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: