კვირის ამბები

ბათუმელი “ანჯელინა ჯოლი”

22.01.2014
ბათუმელი “ანჯელინა ჯოლი”

 

 

როგორია მარი იორდანაშვილი?

 

 ჩვეულებრივი გოგო ვარ, სხვებს ჰგონიათ, რომ ამაყი ვარ, ამ დროს ძალიან უბრალო, მეგობრული და მშვიდი ვარ, არ მიყვარს კლუბური ცხოვრება. სიმშვიდე მიყვარს, ბუნებაში ყოფნა, ვერ ვიტან ხმაურს და გადაღლას, ჯანსაღი ცხოვრება მომწონს. სახლში წიგნის კითხვა მირჩევნია, ახლა “სუნამოს” ვკითხულობ.

 

 როგორ იწყება შენი დილა?

 

 ყოველი ჩემი დილა იწყება ვარჯიშით, საათნახევარი ვვარჯიშობ, ველოსიპედით ვსეირნობ, სანაპიროზე ჩემს ძაღლთან ერთად დავრბივარ.

 

გარდა ამისა, ჯანსაღად ვიკვებები, დილით ვსვამ მწვანე ჩაის და ვჭამ მწვანე ვაშლს, დღის განმავლობაშიც მსუბუქად ვიკვებები, არ მიყვარს მძიმე საჭმელი, წლებია ასე ვარ, ამას მარტო წონის შესანარჩუნებლად არ ვაკეთებ, ყველაფრისთვის კარგია ეს. გარდა ამისა, რვა საათის შემდეგ აღარაფერს ვჭამ, ამის გამოა, რომ დიეტა არასოდეს დამჭირვებია, მიმაჩნია, რომ დიეტა არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის.

 

 

რა დროს უთმობ თავის მოვლას და რა პროცედურებს მიმართავ?

 

 

 ყველაზე მეტ დროს სწორედ თავის მოვლას ვუთმობ, თითქმის მთელი დღე სარკის წინ ვტრიალებ, მომწონს კარგად, რომ გამოვიყურები, დილით მოწესრიგებისთვის მინიმუმ ერთი საათი მჭირდება, მაკიაჟისთვის მაინცადამაინც არ ვკარგავ დიდ დროს, გადაჭარბებული არაფერი მომწონს, ტონალურს არ ვიყენებ, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ტანსაცმელს კი ხასიათის მიხედვით ვარჩევ.

 

 ტანსაცმელს სად ყიდულობ?

 

 ბათუმის მაღაზიებში. რაც მიხდება და რაც მომწონს, იმას ვყიდულობ. უფრო ხშირად კი ვიკერავ, ასე ყველასგან განსხვავებულად მაცვია, ჩვეულებრივ მაღაზიებში ნაყიდ ტანსაცმელსაც გადავაკეთებ ხოლმე, ჩემი ინდივიდუალური შტრიხები შემაქვს ტანსაცმელში.

 

მარი, სად სწავლობ და რა პროფესია გაქვს?

 

 

 რამდენიმე თვეა რაც კოლეჯი დავამთავრე, პროფესიით ოფისის მენეჯერი ვარ, ჯერჯერობით არ ვმუშაობ, სხვა გეგმები მაქვს. რამდენჯერმე შემომთავაზეს ქართულ ფილმში გადაღება, აქამდე არ ვთანხმდებოდი, რატომღაც არ მინდოდა, არც მოდელობა მინდა, სამოდელო სააგენტოებს უარი ვუთხარი, არ წარმოადგენს ჩემი ინტერესის სფეროს, ფილმებზე კი დავფიქრდი, შეიძლება მივიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მაქვს, ცეკვას დავუბრუნდე.
 

 

რა სტილის ცეკვებს ცეკვავ?

 

 ხუთი წლის შემიყვანეს ქართულ ცეკაზე, სოლისტი ვიყავი, სანამ ქუთაისში ვცხოვრობდი, ქუთაისის ანსამბლში ვცეკვავდი, ბათუმში რომ გადმოვედით, თავი დავანებე. 16 წლის რომ ვიყავი, მომინდა ლათინური ცეკვები მეცეკვა, დავიწყე კიდეც ცეკვა, განსაკუთრებულად მომწონს რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, ჯაივი და ტანგო. ყოველი ჩემი დღე ცეკვითაც იწყება, დღეში მინიმუმ ორი საათი ვცეკვავ, მეზობლებს ვაღვიძებ ხოლმე. ვაპირებ, ცეკვას ისევ დავუბრუნდე, არ შემიძლია ცეკვის გარეშე, მოყვარულის დონეზე მხიბლავდა ყოველთვის, მომავალშიც ასე იქნება.

 

 ბათუმელი ხარ?

 

 მამა მყავს ქუთაისელი, დედა – ბათუმელი, 9 წლის ვიყავი, ბათუმში რომ გადმოვედით, ჩემს მშობლებს უნდოდათ ბათუმში ცხოვრება. მიყვარს ბათუმი, ვერც კი წარმომიდგენია სხვა ქალაქში ცხოვრება.

 

 მშობლებთან ერთად ცხოვრობ?

 

 დიახ, სამწუხაროდ დედისერთა ვარ, ადრე ძალიან მომწონდა ეს, ყველა მანებივრებდა, ახლა აღარ მომწონს. ოჯახში მეოთხე წევრიც გვყავს, ჩემი ძაღლი მილა, რომელიც მამამ მაჩუქა, ერთი წელია მე და მილა დროს მშვენივრად ვატარებთ ერთად.

 


 ალბათ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს…

 

 კი, სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი, ხანდახან მაწუხებენ კიდეც, სახლთანაც მოდიან, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნოა. საჩუქრებს მჩუქნიან, ყვავილებს, თოჯინებს, სუნამოებს… ყველა გოგოს სიამოვნებს მსგავსი ყურადღება, თუმცა არ ვთვლი, რომ რაიმეთი განსაკუთრებული ვარ, სამწუხაროდ ტყუილად წუხდებიან, ჩემი გული დაკავებულია. 21 წლის ასაკში შემიყვარდა პირველად, ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

 

 როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 

 საერთო მეგობარი გვყავს ფეისბუქზე, ჩემი ფოტოები ნახა და მოვეწონე, კარგა ხანს მწერდა, მაგრამ არ ვპასუხობდი, საზღვარგარეთ ცხოვრობს, ჩემს გასაცნობად ჩამოვიდა ბათუმში, მე არ ვხვდებოდი, საერთო მეგობარმა მოგვიწყო შეხვედრა. მსგავს ყურადღებას არ ველოდი, ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ერთადერთი, რაზეც მწყდება გული, ის არის, რომ საზღვარგარეთ მომიწევს ცხოვრება, ბათუმის დატოვება არ მინდა, თუმცა სადაც არ უნდა ვიყო, მასთან ერთად ყველგან ბედნიერად ვგრძნობ თავს. 21 წელი ვეძებდი მას (იცინის), უახლოეს მომავალში ერთად ყოფნას ვგეგმავთ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: