მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ევრო 2000-ის მოსწავლეების ნამუშევრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი

13.02.2018
ევრო 2000-ის მოსწავლეების ნამუშევრები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარდგენილი

ზღაპარი – ეს იდეალური ადგილია, რომელსაც არასოდეს გინდა დაშორდე. როცა ლამაზად ცხოვრობ, ამბობენ -„ზღაპრულად ცხოვრობსო“, როცა ცხოვრებაში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს – „ზღაპრის ბოლო კეთილიაო“.

მოკლედ, ზღაპარი იყო და იქნება ყველასთვის საყვარელი ნავსაყუდელი, რომელში ცხოვრებაც გინდა და მოქმედებაც. ამიტომაც, ორმა სოფიამ, ქალაქ ბათუმის  კერძო სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეებმა – სოფია ანთიამ და სოფია სკიბამ გადაწყვიტეს დაეწერათ ზღაპარი სიყვარულსა და მაგიურ ყვავილებზე, თავადვე დაესურათებინათ და პრესტიჟულ კონკურსზე – „ჩემი ზღაპარი“ გაეგზავნათ.

ეს კონკურსი თბილისის რობერტ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში – „ა-Z“ უკვე მეორედ იმართება  მე-7 და  მე- 12  კლასების მოსწავლეთათვის.

ყველაფერმა ზღაპრულად ჩაიარა, გოგონების დაწერილმა და დასურათებულმა  ზღაპარმა გაიმარჯვა.  2017 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში გაიმართა გამარჯვებულთა და მონაწილეთა დაჯილდოება – ზღაპრების  წიგნის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ჟიური თავიანთი კრეატიული იდეებითა და საუცხოო ისტორიებით გააკვირვეს. ისევე, როგორც 2015 წლის კონკურსის შემდეგ, ახლაც გამოიცა საუკეთესო თორმეტი ზღაპრისაგან შემდგარი წიგნი, რომელიც მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დაასურათეს. სოფია ანთიას ზღაპარი „magishe blumen“-ი  სოფია სკიბამ დაასურათა.

არა და რა ჯადოსნური  ყვავილებია იქ – წითელი, ცისფერი და უფერო… ყვავილები, რომლებიც ყველა სურვილს ასრულებენ… ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებები 2018 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

ზღაპრების კონკურსის ხელშემწყობი იყო საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZFA). საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილემ მონიკა ლენჰარდმა, ხაზი გაუსვა ასეთი კონკურსების მნიშვნელობას და ასევე მათ სასიხარულო შედეგებსაც, განსაკუთრებით საქართველო-გერმანიის საიუბილეო 2017 წლის ფარგლებში.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ZFA-ს წარმომადგენელმა ანგელა შმიდტმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ზღაპრების კონკურსი კვლავაც ჩატარდება და, რა თქმა უნდა,  „სკოლა ევრო-2000“-ის  მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რათა გაილამაზონ სინამდვილე, უფრო დიდხანს დაჰყონ ჯადოსნურ სამყაროში.

…ზღაპარი, ეს იდეალური ადგილია, რომელსაც არასოდეს გინდა დაშორდე.

ინგა გოგიბერიძე, მწერალი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008