„თავისუფლების მოედანი“ 21 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია აანონს, ამის შესახებ პარტიამ სოციალუ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება
„21-23 ოქტომბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება პროცესი, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური სპექტრის გაუქმებას და ქვეყნის ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას აპირებს.
ეს ნაბიჯი კონსტიტუციის გაუქმების ტოლფასია, რადგან ხალხს ართმევს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევანის უფლებას; ასობით ათასი მოქალაქის ნაცვლად წყვეტს, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს; არღვევს მრავალპარტიულობის პრინციპს და დემოკრატიის საფუძვლებს; ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციას ავალდებულებს, ერთპარტიული რეჟიმით კი საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობით, “ქართული ოცნება” ჩანასახშივე კლავს ნებისმიერ ალტერნატივას ძალაუფლების უზურპაციისთვის. შექმნილი პრეცედენტით და სამართლებრივი ბერკეტით, მომავალშიც ნებისმიერი ახალი ოპონენტი თუ განსხვავებული აზრი, შესაბამასად პოლიტიკური საქმიანობაც, სამუდამოდ აიკრძალება.
ეს ისტორიული საქმე არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მომავლისთვის.
ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი არჩევანისა და თავისუფლებისთვის!
შევხვდებით ბათუმში, 21 ოქტომბერს, 11:00 საათზე!“ – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2026 წლის 6 ოქტომბერს გადაეცა.
№1979 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
ამჯერად რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებაა. რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ოპოზიციური პარტიების უკანონოდ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გამოტანას მოითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში ორი პირი თაღლიობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს განმარტებით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიამ, შპს „ოპუს სიგნიჩარმა“ 2026 წლის 23 აპრილს, უკონკურენტოდ, მინიმალური 10 750 და 38 850 ლარიანი ფასნამატებით, 367 950 და 1 მილიონ 333 550 ლარად მოიგო 238 და 863 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გრიბოედოვის ქუჩა #62-ში და ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #31-ში.
აქ კომპანია ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავს – გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე 1,4 განაშენიანებული ჰექტრის ჩანაცვლების პროექტი, [განაშენიანების დეტალური გეგმა – გდგ] ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულების შემდეგ ის უბანს მნიშვნელოვნად შეცვლის. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ ის საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.
მონიშნულია სამშენებლო ტერიტორიაპროექტის რენდერი – განაშენიანების დეტალური გეგმიდან
გარდა ამისა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერდა, რომ ედნარ პაპუნაიშვილის მეორე კომპანიამ, შპს „ხიდი-2006”-მა, 2025 წლის 25 აგვისტოს, ასევე უკონკურენტოდ, 136 300 ლარად მოიგო უპირობო ელექტრონული აუქციონი, რომელზეც გაიყიდა კურორტ გოდერძიზე მდებარე 383 კვადარტული მეტრი მიწის ნაკვეთი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა, 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწყობილი ელექტრონული აუქციონები, რომლის მიზანი ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზაცია იყო.
ამ პერიოდში მერიამ სულ 118 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. მათგან 60 აუქციონი არ გაიმართა მონაწილეების არარსებობის გამო. შესაბამისად, ამ აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ქონება ვერ გაიყიდა. 1 აუქციონი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და 2,5 თვეში, უცვლელი პირობებით ისევ გამოცხადდა აუქციონი და ის შპს „პონტუს გონიომ“ უკონკურენტოდ მოიგო.
57 შემდგარი აუქციონიდან, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ, 52 იყო უკონკურენტო და მასზე გამოტანილი უძრავი ქონება გაიყიდა საწყის საპრივატიზებო ღირებულებაზე მინიმალური ფასნამატით, ერთ სააუქციონო ბიჯში.
ორმოცდაჩვიდმეტივე აუქციონის შედეგად გასხვისდა 8 954 კვ.მეტრი ჯამური ფართობის 57 მიწის ნაკვეთი.
ამ მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 10 მილიონ 192 110 ლარი იყო, რაც აუქციონებზე ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 484 286 ლარით და საბოლოოდ, ბათუმის ბიუჯეტმა მიიღო 10 მილიონ 676 396 ლარის შემოსავალი. კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით ერთნახევარჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ხოლო უკონკურენტო აუქციონებზე გამოტანილი ქონებები – მინიმალური ფასნამატებით.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად ბათუმის მერია, აჭარის მთავრობის მსგავსად, მუნიციპალურ ქონებას უკონკურენტოდ ასხვისებს. ამ აუქციონებში გამარჯვებული რვა კომპანიის დირექტორებმა, მოქმედმა და ყოფილმა მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა დროს ჯამში 1 მილიონ 536 000 ლარი შესწირეს. აუქციონებში გამარჯვებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 4 მილიონ ლარამდე მიიღეს.
კვლევის თანახმად აუქციონში უკონკურენტოდ გამარჯვებულმა იაშა შერვაშიძის ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა, „ქართული ოცნების“ და მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 345 000 ლარის შემოწირულება გაიღეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს, ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ.
იაშა შერვაშიძე საქართველოს VII – VIII მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, მაჟორიტარული სიით შევიდა. ის ქედის მაჟორიტარი იყო. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც „ოცნებაში“ გადავიდა. იაშა შერვაშიძეს პარლამენტში მუშაობის დროს თავი არც კანონპროექტებზე მუშაობით და არც სიტყვით გამოსვლით არ გამოუჩენია.
იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს, ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ.
უკონკურენტო აუქციონში კიდევ ერთი გამარჯვებულის, ბექა თვალაძის ბიზნესპარტნიორმა შპს „ფორის დეველოპმენტში“ და შპს „ფორის დეველოპმენტ 2-ში“, ბექა მანველიძემ 65,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“. ბექა მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის არალეგიტიმური მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ძმაა. მანამდე, 2020-2024 წლებში, გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნებას“ ხელმძღვანელობდა.
გიორგი და ბექა მანველიძეების მამა, ბაგრატ მანველიძე, 2014-2017 წლებში იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი, ხოლო შემდგომ – აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2019 წლის 30 მაისს, ბაგრატ მანველიძე, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
აუქციონში უკონკურენტოდ გამარჯვებულმა კომპანია შპს „სოლიდმა“, სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღო 3 მილიონ 861 398 ლარის შემოსავალი. მათ შორის, უკონკურენტოდ მოიგო 1 მილიონ 107 024 ლარის ჯამური ღირებულების 82 ელექტრონული ტენდერი.
საყურადღებოა ელექტრონულ აუქციონებში უკონკურენტოდ გამარჯვებული ერთი კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის თარიღი: შპს „ქონექთ პროპერთი ჯორჯია“ დაფუძნდა 2025 წლის 24 იანვარს, აუქციონის გამოცხადებამდე 6 დღით ადრე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დღისით უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 15-20 მეტრი წამში, დღისით 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 565 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 416 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 561 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 51 293 ერთეული [+27]
MLRS – 2 224 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 711 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 568 358 ერთეული [+1 372]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 968 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 164 246 ერთეული [+363]
სპეცტექნიკა – 4 835 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 134 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
სადარბაზოებში ვიდეოკამერების დამონტაჟება-მართვის საკითხი ბათუმში ხშირად იმდენად პრობლემურია, რომ დავა სამეზობლო ჩატების ფარგლებს სცდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოველწლიური ანგარიშების თანახმად, კერძო და საჯარო სექტორში ვიდეომონიტორინგის წესების დარღვევა საჩივრებისა და ინსპექტირებების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. საჩივრები შეეხება ვიდეოკამერების თვითნებურ დამონტაჟებას [სადარბაზო, ლიფტი, ეზო] და ჩანაწერის წესების დარღვევით გაზიარებას.
რა უფლებები და მოვალეობები აქვთ ბინათმესაკუთრეებსა და ამხანაგობის თავმჯდომარეებს, რას ითვალისწინებს კანონი და როდის ირღვევა კორპუსებში მცხოვრებთა უფლებები? – ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვებს იურისტი ია თოდუა პასუხობს.
ქალბატონო ია, დავიწყოთ იმით, თუ როგორ არეგულირებს კანონი ამ საკითხს, რა სახის შეთანხმებაა საჭირო იმისათვის, რომ სადარბაზოში ვიდეოკამერები დაამონტაჟონ?
ეს ვიდეომონიტორინგის საკითხია და პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს – კონკრეტულად პერსონალური მონაცემების მოპოვებას, დამუშავებას და გავრცელების წესს. კონკრეტული მუხლიც კი არის ამ კანონში, ეს არის მე-10 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საერთო საკუთრებაში, ანუ მაგალითად სადარბაზოში, ეზოში ან ლიფტში უნდა მოხდეს ვიდეომონიტორინგი, ამისთვის აუცილებელია ამ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა.
ეს თანხმობა აუცილებლად უნდა იყოს წერილობითი. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პერსონალური მესაკუთრის ვინაობის დადგენა, კანონი გამონაკლისსაც უშვებს და ამბობს, რომ მფლობელის თანხმობა საკმარისია.
ბინათმესაკუთრეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა მოიწვიო კრება, სადაც დღის წესრიგში ვიდეომონიტორინგის, მონტაჟის საკითხს შეიტან და ხელმოწერებით დაფიქსირდება, ვინ და რამდენი მესაკუთრეა თანახმა, რომ მოხდეს ვიდეომონიტორინგი საერთო საცხოვრებელ სივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიდეომონიტორინგი საერთო საკუთრებაში.
არეგულირებს თუ არა კანონმდებლობა ვიდეომონიტორინგის ტექნიკურ დეტალებს. მაგალითად, კამერის ტიპს, ხედვის კუთხეს და იმას, თუ ზუსტად რა სივრცის გადაღებაა დაშვებული ან აკრძალული?
კანონი ამბობს, რომ ვიდეოგადაღება მესამე პირის უფლებებს არ უნდა ლახავდეს. მაგალითად, თუ ამ საერთო სივრცეში განთავსებული კამერა ვინმეს საკუთრებას უყურებს, ანუ ვინმეს საკუთრებაში შესვლის ან გამოსვლის დაფიქსირება შეუძლია, მაშინ აუცილებელია, რომ იმ მესაკუთრის თანხმობაც იყოს. მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კი აუცილებელია, რომ არსებობდეს მისი თანხმობა.
შესაბამისად, საერთო სივრცის მიღმა, თუკი რაიმე შეიძლება ამ ვიდეომონიტორინგში მოხვდეს, ანუ სხვის პერსონალურ მონაცემები, ასეთ შემთხვევაში მისი თანხმობაც საჭიროა.
მინდა გკითხოთ ასევე ხმის ჩაწერაზე, ალბათ ცალკე შეთანხმების საგანია ჩაიწეროს თუ არა სადარბაზოს კამერებმა ხმა. ასეა?
აუდიომონიტორინგი კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. თუ სადარბაზოში მინიშნება არ არის, რომ აუდიომონიტორინგი მიმდინარეობს, ეს ცალსახა დარღვევაა. როგორც ვიდეომონიტორინგის შემთხვევაშია აუცილებელი, ასევე აუცილებელია აბრაზე დატანილი იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს აუდიომონიტორინგი.
აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია იმ პირის, ვინც არის ამ ვიდეო/აუდიო მონიტორინგზე პასუხისმგებელი – საგამოძიებო ორგანოს ან სხვა პირს საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავება თუ დასჭირდება, ეს ჩანაწერი რომ ამოიღოს. ეს კანონის მკაცრი მოთხოვნაა. თუ ასეთი აბრა არ არის სადარბაზოში, ეს დარღვევაა. დიახ, ეს იცავს სტუმარსაც.
მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის კერძო საკუთრებაშიც – ეს ცალკე რეგულირდება. ამ შემთხვევაშიც, ხშირად არის ხოლმე, მაგალითად, ძიძა სადაც ჰყავთ იქ ამონტაჟებენ კამერას, აქაც კანონის მკაცრი მოთხოვნაა, უნდა იყოს მისთვის ცნობილი, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი.
ანუ, ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს მე უნდა ვიცოდე ამის შესახებ. საერთო სივრცეში წინასწარი თანხმობა ამისთვის არ არის საჭირო, თუმცა ჩანაწერის გაზიარების დროს, მაგალითად, ჩემი პერსონალური მონაცემები არის ვიდეოჩანაწერში და ეს თუ ვინმესთან უნდა გაზიარდეს, ამისთვის ჩემი თანხმობა საჭიროა. იმ შემთხვევაში, თუკი მე არ ვარ თანახმა, რომ გაზიარდეს ეს ჩანაწერი, უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, მაგალითად, სასამართლოს განჩინება.
თუ სასამართლოს განჩინება არ არის, არ შეიძლება ასეთი ჩანაწერის გაზიარება. შეგვიძლია ჩავთვალოთ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევად და ამისთვის არსებობს შესაბამისი სანქციები. ეს აუდიტის სამსახურის პრივილეგიაა და არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოვლინდა დარღვევა და დაჯარიმდა კიდეც ფიზიკური თუ იურიდიული პირი.
ია თოდუა – იურისტი
როდესაც მაგალითად კონკრეტული საკითხი დგას დღის წესრიგში, ვთქვათ სადარბაზოში რაღაც დაზიანებულია, ამის დასადასტურებლად კადრის გაზიარება, მაგალითად საერთო ჩატში შეიძლება?
არ შეიძლება. თუ დანაშაული მოხდა, პირობითად, რაღაც ნივთი დაზიანდა, კონკრეტულ თანხას თუ აღემატება, სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ამ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არის, მაშინ პერსონალური მონაცემების გაზიარება კი არ უნდა მოხდეს, თავმჯდომარემ [როგორც წესი, თავმჯდომარე აზიარებს მსგავს ჩანაწერებს, რადგან ხელმისაწვდომი თავმჯდომარისთვის არის ძირითადად] საგამოძიებო ორგანოს უნდა მიმართოს და კანონის დაცვით ამოიღოს ეს მტკიცებულება.
იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დაზინებისთვის თითოეული მეზობელი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ მივცეთ, უფრო მარტივი გზაც არსებობს – უშუალოდ ვინც არის დამაზიანებელი, პირველი კომუნიკაცია მასთან უნდა მოხდეს: თავისი პერსონალური მონაცემები გაუზიარონ მასვე, მისგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება და არა ის, რომ ჩატში გააზიარონ პერსონალური ინფორმაცია.
ხმის ჩაწერას რომ დავუბრუნდეთ, ვთქვათ იწერება ხმა თანხმობის გარეშე, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს ასეთ შემთხვევაში, თუ ვინმე იჩივლებს?
თუ ვიდეომონიტორინგთან ერთად აუდიომონიტორინგიც მიმდინარეობს და არ არის შესაბამისი აბრა გაკეთებული, რომ მიმდინარეობს აუდიომონიტორინგი, იგივე სანქციები მოიაზრება. პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი როცა ირღვევა, ჯარიმებია განსაზღვრული – მოიკვლევს აუდიტის სამსახური, იყო თუ არა რეალურად დარღვევა, ანუ იყო თუ არა შესაბამისი გაფრთხილების ნიშანი გაკეთებული და თუ არ იყო, შემდეგ უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობს, ანუ დააჯარიმებს კიდეც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.
არასრულწლოვნის გადაღებისა და მშობლის გარეშე მისი კადრების გაზიარების შემთხვევაში რა ხდება?
ზუსტად იგივე წესები მოქმედებს არასრულწლოვანთან მიმართებაში. ოღონდ მეტი სიფრთხილეა საჭირო არასრულწლოვანთან მიმართებაში, რადგან ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისგან უნდა ემსახურებოდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს.
შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, თუ არასრულწლოვანი რაღაც მნიშვნელოვანს დააზიანებს სადარბაზოში, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ: მისი პერსონალური მონაცემების ასე გაზიარება არ არის გამართლებული, რადგან შესაძლოა ისეთი მორალური ზიანი მიადგეს არასრულწლოვანს, რომ იმ მატერიალური ზიანის თანასწორიც კი არ იყოს.
ყველაზე ადეკვატური, რაც შეიძლება გააკეთოს თავმჯდომარემ, არის ის, რომ გააცნოს ეს ჩანაწერი არასრულწლოვნის მშობლებს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენლებს – აუხსნას, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი და უკიდურეს შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს მიმართოს. შეიძლება საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვამ იმხელა ზიანი არ მიაყენოს არასრულწლოვანს, როგორც საერთო ჩატში ამის გაზიარებამ, რადგან სრულიად უკონტროლოა იმ ჩატიდან, როგორ გადაზიარდება ეს ჩანაწერი.
ვის შეუძლია კადრების დათვალიერება და ვის შეუძლია მათი ამოღება?
კრებაზე უნდა განისაზღვროს პირები, ვისაც ექნება წვდომა, ვთქვათ, გადახვევაზე ან ვიდეოჩანაწერის ნახვაზე, ანუ პასუხისმგებელი პირი ვინც არის, ვინც უნდა დაამუშაოს პერსონალური მონაცემები. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირი, მას არ აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ამ ჩანაწერზე. გარკვეული საჭიროების გამო, რამდენჯერაც მოუწევს ან შესვლა, ან გადახვევა, ან სხვაგვარად დამუშავება ამ მონაცემების, ეს უნდა აღრიცხოს.
რაც შეეხება სხვაზე გადაცემას, ეს მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზეა შესაძლებელი. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს წერილობითი მიმართვაც საკმარისია სასამართლო განჩინების გარეშე.
მაგალითად, პირი ცხოვრობს მეცხრე სართულზე, მიიჩნევს, რომ სადღაც მეშვიდე-მერვე სართულზე რაღაც დაკარგა და ითხოვს კადრების დათვალიერებას. მაგრამ ხომ შეიძლება სხვა განზრახვა ჰქონდეს? რა შემთხვევაში აქვს უფლება ნებისმიერ პირს მივიდეს თავმჯდომარესთან და მოითხოვოს კადრების დათვალიერება?
ვიდეომონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი ვინც არის, ამ ადამიანმა პირველ რიგში უნდა შეაფასოს ამ ვიდეოჩანაწერში ვისი პერსონალური მონაცემი ფიქსირდება, ანუ ეს, ეს კონკრეტული ადამიანი ჩანს, ვინც მიმართა, თუ ამ ადამიანთან ერთად ჩანან სხვებიც? ეს უნდა ნახოს მანამ, სანამ უშუალოდ ამ ადამიანს, ვისაც ინტერესი აქვს, მას აჩვენებს. მან უნდა განსაზღვროს, რამდენი ადამიანის პერსონალური მონაცემი ჩანს იმ მონაკვეთში, რა მონაკვეთიც საინტერესოა ამ ადამიანისთვის და თუ მხოლოდ ერთი ადამიანი ჩანს, ანუ ვინც ამბობს, რომ რაღაც დავკარგე, ეს მისი პერსონალური მონაცემია და შეუძლია აჩვენოს.
თუ ჩანს, პირობითად, სხვა ადამიანის პერსონალური მონაცემები, აქ უკვე ორი ვარიანტია:
ერთი ის, რომ იმ ადამიანების თანხმობა აიღოს, ვინც იდენტიფიცირებადია და იმავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ, ან იმგვარად გააკეთოს ჩანაწერი, რომ იმ ადამიანების იდენტიფიცირება არ ხდებოდეს, [დაბლაროს ჩანაწერი].
რა ხდება, თუ პოლიციას უნდა, რომ ამოიღოს კადრები, მაგალითად, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კონკრეტულ პირთან, კონკრეტულ სართულზე ან კონკრეტულ კარებში, ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა. აქვს თუ არა თავმჯდომარეს უფლება, რომ ეს კადრები გადასცეს?
არც ერთ შემთხვევაში. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც პოლიცია ჯერ იღებს ჩანაწერებს, მერე კი სასამართლო განჩინებით ხელმეორედ იღებენ იგივე ჩანაწერს და ამაგრებს საქმეზე.
ცალსახად და კონკრეტულად რომ გიპასუხოთ, არ შეიძლება ვიდეოჩანაწერი თუნდაც საგამოძიებო ორგანოს გავუზიაროთ სასამართლო განჩინების გარეშე. სასამართლო განჩინება არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის ჩანაწერის გაზიარება.
თუკი საგამოძიებო ორგანო წერილობით მიმართავს და დაასაბუთებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი და ამ მიზნით ხდება ვიდეოჩანაწერის მოპოვება, გამონაკლისის სახით [საგამოძიებო ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე და არა სასამართლო განჩინებით] სავალდებულოა ამ ვიდეოჩანაწერის გაზიარება.
თუ, მაგალითად, კონკრეტულმა პირმა აღმოაჩინა, რომ გაიცა ინფორმაცია მის სახლში შემსვლელ-გამომსვლელზე, რამაც მას ზიანი მიაყენა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
შეფასებითია, რა ზიანი მიადგა, აუდიტის სამსახური ამის მიხედვით ჯერ მოიკვლევს, სხდომას ჩანიშნავს, შეუძლია მოიწვიოს და მოისმინოს მხარეთა არგუმენტები ან წერილობითი დასაბუთება მოითხოვოს. მიზანს გააჩნია.
თუ ვიდეომონიტორინგი ვიღაცის ცხოვრებისთვის მიყურადების მიზნით დაიწყო, მაშინ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრამ თუ კამერა განთავსებულია სადარბაზოში ისე, რომ ამაზე ინფორმირებულები არიან, თუმცა ჩანაწერი გავრცელდა კანონის დარღვევით, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს მიყურადებად. ეს არის პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონის დარღვევა და აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა სანქციის გამოყენება.
თუ გამოვლინდა, რომ მიზანია სხვისი პირადი ცხოვრების შესწავლა, ანუ ვიდეომონიტორინგს იყენებს პირად ცხოვრების კონტროლისთვის – ვიღაცასთან ვინ დადის სახლში, ვინ მიდის და ვინ მოდის, მაშინ შეიძლება გადაიზარდოს სისხლის სამართლის დანაშაულშიც.
მნიშვნელოვანია თავმჯდომარეებს ესმოდეთ, რომ თვითნებურად ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების, მით უფრო აუდიოჩამწერის სისტემის მონტაჟი დაუშვებელია და არღვევს როგორც პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს, ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებებს.
ასევე რადგან არის წერილობით თანხმობასთან დაკავშირებით ჩანაწერი, ვურჩევ თავმჯდომარეებს აუცილებლად მოიპოვონ მესაკუთრეთა ან ბინათმფლობელთა წერილობითი თანხმობები.
ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის შესყიდვის მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. ორივე შესყიდვის საწყისი ღირებულება, ჯამში, 4.89 მილიონი ლარია.
პირველი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულებაც 4 მილიონ 413 822 ლარია, საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის მიხედვითაც მერიას საახალწლოდ ქალაქის მორთვა სურს, შპს „ღამის შოუ სტუდიას“ მოუმზადებია.
პროექტის თანახმად, წელს ქალაქის საახალწლო გაფორმების მთავარი თემა ზღვა და ზღვის ბინადრები იქნება.
ილუსტრაციები პროექტიდანწრიულის გაფორმება
სატენდერო პირობების მიხედვით, საქონლის მოწოდების ვადაა 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ტენდერის პირობების მიხედვით, შესასყიდი მანათობელი კონსტრუქციების საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 5 წელი. შესრულებულ სამუშაოებზე, ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებამდე წარადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია 2 (ორი) წლის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები [საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდება] საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონ 400 000 ლარის ოდენობით.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [საშობაო-საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების მიწოდება] სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 მილიონ 300 000 ლარის ოდენობით.
მეორე ტენდერის საწყისი ღირებულება 477 000 ლარია და ის „სანტას სახლის“ მოწყობას ითვალისწინებს.
დოკუმენტების მიხედვით, „სანტას სახლი“ წარმოადგენს საახალწლო თემატიკის ინტერაქციულ, შემეცნებით და გასართობ სივრცეს და უფასოდ მოემსახურება ყველა ვიზიტორს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
სანტას სახლის, როგორც პროექტის მიზანია, ბავშვებისთვის უსაფრთხო, შემოქმედებითი და მხიარული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ხელით დაამზადონ საახალწლო დეკორატიული ნივთები და სამახსოვრო სათამაშოები, განივითარონ შემოქმედებითი უნარები და აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
• სახელოსნოში ყოველდღიურად ჩატარდება სხვადასხვა ტიპის მასტერკლასი, მათ შორის: საახალწლო სათამაშოების დამზადება, ნაძვის ხის დეკორაციების შექმნა;
• საშობაო ბარათებისა და მცირე დეკორატიული ნივთების გაფორმება;
• სხვადასხვა ხელნაკეთი საახალწლო სუვენირების დამზადება.
მერიის ინფორმაციით, ყველა საჭირო მასალა უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორის მიერ, ხოლო მონაწილეები საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს უსასყიდლოდ წაიღებენ სამახსოვროდ: „სახელოსნოში მუდმივად იმუშავებენ გამოცდილი მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვებს შემოქმედებით პროცესში, იზრუნებენ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოზე, გაუწევენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და აქტიურად ჩართავენ თითოეულ მონაწილეს.“
წინადადებების მიღება 11 ნოემბერს იწყება და 16 ნოემბერს დასრულდებდა.
ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმში საახალწლო მორთულობის სამუშაოებს „აჭარა განათება“ ასრულებდა, სწორედ ეს კომპანია იგებს ყოველ წელს ბათუმის მერიის ტენდერს.
ამ დრომდე საახალწლო ღონისძიებებისა და მომღერლების ჰონორარების დიდ ნაწილს მერია და მისი დაქვემდებარებული უწყებები გამარტივებული წესით აფორმებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბათუმში, კონკრეტულ ბინაში ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდეგ პირი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადახტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ.
ბინაში მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, სამივე პირი იდენტიფიცირებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა უწყებაში მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
„აჭარა თაიმსი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმომხტარი პირი ავტომობილს დაეცა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ სამივე პირი ნარკოდანაშაულშია მხილებული.
დღეს, 17 ოქტომბერს „ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
„ოცნება“ წერს, რომ ივანიშვილი თავად გაუძღვა სხდომას. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ამ სხდომის დასრულების შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
„ოცნების“ გაფართოებული სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ზოგადად მიმოიხილეს არაერთი საკითხი, მათ შორის დაგეგმილი ცვლილებები, შეეხნენ საკონსტიტუციო სარჩელსაც, „ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე კი არ უმსჯელიათ.
ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, კვლავაც თვლის თუ არა მამუკა მდინარაძეს მეგობრად.
მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი და თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. ცოტა ხნის წინ მან საკონსულტაციო კომპანიაც დააფუძნა.
კობახიძის თქმით, მდინარაძე პოლიტიკიდან წასულია, ხოლო პირად ურთიერთობებზე კითხვა-პასუხი, ჟურნალისტის საქმე არაა. თუმცა კობახიძემ დაადასტურა, რომ მას მდინარაძესთან პერიოდულად აქვს კომუნიკაცია.
„მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ უბრალოდ, იმას მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი, იმიტომ რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, ანუ აქტუალური აღარ არის“, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო სამართლებრივი დევნის ან რაიმე სახის დასჯის შესახებ არსებულ კითხვებს უსაფუძვლო უწოდა.
სხდომის პარალელურად „ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ასევე პატიმარ გიორგი დავითაძის დედა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 562 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 415 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 554 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 51 266 ერთეული [+24]
MLRS – 2 221 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 710 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 449 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 566 986 ერთეული [+1 396]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 962 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 163 883 ერთეული [+329]
სპეცტექნიკა – 4 835 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 130 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ვითარების გამოსწორების შესაძლებლობად ეს არჩევნები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ თეორიულად იმიტომ, რომ ლოგიკურად დემოკრატებმა შეიძლება მოიპოვონ უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში და ამან მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ მართავს და როგორ პოლიტიკას ახორციელებს ტრამპი.
მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად განსაჭვრეტი ადამიანია – რას გააკეთებს შემდეგ, არავინ იცის, მისგან ბევრი სიურპრიზი გვინახავს,“ – ამბობს დიპლომატი გიორგი ბადრიძე. მას აშშ-ში მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე ვესაუბრეთ:
რას აჩვენებს კვლევები და რა შეიცვლება, თუ ტრამპი 3 ნოემბრის არჩევნებს წააგებს?
„ტრამპის და მისი ადმინისტრაციის არაპოპულარობის გამო, ყველა ელის, რომ რესპუბლიკელებს ჩვეულებრივზე უფრო უარესი შედეგები ექნებათ, რაც მოსალოდნელია შუალედური არჩევნებისთვის…
„იმედი ვიქონიოთ, რომ შეერთებული შტატები თანდათან დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, როდესაც ის არის არა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ერთგვარი ამრევი, რომელიც გულგრილია საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისადმი, არამედ დაიბრუნებს თავის როლს, როგორც შედარებით უფრო სამართლიანი სისტემის გარანტორი და სანდო მოკავშირე დემოკრატიული სამყაროსთვის“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.
„ბათუმელებმა“ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ბატონო გიორგი, აშშ-ში შუალედური არჩევნების სამზადისია. კვლევების მიხედვით, ტრამპის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია. გაჩნდა მოლოდინი, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი შესაძლოა დაკარგონ. ლოგიკურია ეს მოლოდინი?
პირველ რიგში, მკითხველს ავუხსნათ: რა არის შუალედური არჩევნები და რა პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს თავისი შედეგებით. შეერთებულ შტატებში არჩევნები ტარდება ყოველ ორ წელს. ერთი ტიპის არჩევნებში ერთდროულად ირჩევენ პრეზიდენტს და კონგრესს, კონგრესის წევრებს – სენატის მესამედს და წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს.
ამის გარდა, არის შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი, გუბერნატორების არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ. ორი წლის შემდეგ კიდევ ტარდება არჩევნები, სადაც ახლიდან ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს და სენატის კიდევ ერთ მესამედს.
ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ცვლილებები ძალიან ხშირად დგება ორი წლის თავზე და როგორც წესი, ორი წლის შემდეგ პრეზიდენტის პარტია კარგავს ხოლმე თავისი ადგილების რაოდენობას კონგრესის ორივე პალატაში და ზოგჯერ კარგავს უმრავლესობასაც.
საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მმართველი პარტია, ანუ პრეზიდენტის პარტია კარგავს უმრავლესობას კონგრესში: სენატში და წარმომადგენელთა პალატაშიც. ამჯერად, პირადად ტრამპის და მისი ადმინისტრაციის არაპოპულარობის გამო, ყველა ელის, რომ რესპუბლიკელებს ჩვეულებრივზე უფრო უარესი შედეგები ექნებათ, რაც მოსალოდნელია შუალედური არჩევნებისთვის. ტრამპი დღეს არის ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტი – სრულიად გასაგები მიზეზების გამო.
თავის დროზე ტრამპმა შეძლო მემარჯვენე ფრთის მობილიზება რამდენიმე ძალიან აშკარა დაპირების ხარჯზე: გააუმჯობესებდა მათი ცხოვრების დონეს; მისი პრეზიდენტობის დროს შეერთებული შტატები აღარ ჩაერთვებოდა საგარეო კონფლიქტებში, აღარ წამოიწყებდა ხანგრძლივ ომებს და რომ მისი მთავრობა იმოქმედებდა, პირველ რიგში, და უმთავრესად მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესებში.
გიორგი ბადრიძე
დღეს აშშ-ში საზოგადოებას, მათ შორის, ტრამპის მომხრეების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს შთაბეჭდილება, რომ მან დაარღვია ეს დაპირებები, პირველ რიგში, სწორედ საგარეო კონფლიქტში ჩართვით, რაც არ იყო გარდაუვალი. ბევრის შთაბეჭდილებით, ეს ომი ირანთან იყო უფრო მეტად ისრაელის ინტერესში, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ამართლებს ამას პრეზიდენტი. ამ ომს მოჰყვა შეერთებულ შტატებში საწვავზე და აქედან გამომდინარე, ყველაფერ დანარჩენზე ფასების მკვეთრი ზრდა.
შესაბამისად, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ატარებს გამოკითხვებს, ელის, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დაკარგავს უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატაში. არ არის გარანტირებული, მაგრამ არსებობს სერიოზული შანსი, რომ რესპუბლიკელები დაკარგავენ უმრავლესობას სენატშიც.
თუ კონგრესზე კონტროლი დაკარგეს რესპუბლიკელებმა, ეს პირდაპირ აისახება ტრამპის გადაწყვეტილებებზე?
აისახება ტრამპის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე. მაგალითად, კონგრესს აქვს ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაფინანსების გასაღები. შეიძლება ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ საამისო დაფინანსება არ გასცეს კონგრესმა.
მეორე: კონგრესს შეუძლია დაბლოკოს გარკვეული გადაწყვეტილებები. მესამე: ეს არის გამოძიების დაწყება აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კორუფციაზე. დემოკრატები ღიად საუბრობენ ამის შესახებ, ხოლო რესპუბლიკელები მომხრეების მობილიზების მიზნით აცხადებენ, რომ აი, თქვენ თუ არჩევნებზე არ მოხვალთ, დემოკრატები შექმნიან საგამოძიებო კომისიებს და დაიწყებენ ჩვენზე გამოძიებების მთელ სერიას.
მართალია, ამის მოლოდინი ალბათ არავის აქვს, მაგრამ თეორიულად, თუ დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებენ დემოკრატები, არ არის გამორიცხული პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობაც. ამას ბევრად მაღალი უმრავლესობა სჭირდება.
თუმცა თუ ტრამპის პარტია უმრავლესობას დაკარგავს, ეს ასევე შეამცირებს რესპუბლიკელების შანსს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე?
დიახ, თანაც ეს არის ტრამპის ბოლო საპრეზიდენტო ვადა, კონსტიტუციურად, იმის მიუხედავად, რომ ის და მისი მომხრეები ლაპარაკობენ ხოლმე მესამე ვადაზე – რაც კონსტიტუციით შეუძლებელია.
კიდევ ერთი თეორიული ვარიანტი მოვლენათა განვითარების, რომ უბრალოდ კი არ გამწვავდეს პოლიტიკური დაპირისპირება დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოგების შემთხვევაში, არამედ მოხდეს კონსტიტუციური კრიზისი, თუ ტრამპი და რესპუბლიკური პარტია შეეცდებიან არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები, ან წინააღმდეგობა გაუწიოს არჩევნების პროცესს.
თეორიულად ეს გამორიცხული არ არის. ტრამპმა და რესპუბლიკურმა პარტიამ კარგა ხნით ადრე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა არის უსამართლო, რომ მასში არსებობს მექანიზმები, რომლებსაც დემოკრატები იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვის, ვთქვათ, აძლევენ საშუალებას, რომ ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს ისეთმა ხალხმა, რომელსაც არა აქვს ხმის მიცემის უფლება, არ არიან მოქალაქეები და ასე შემდეგ.
ამის რაიმე დადასტურება არ არსებობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში მოქალაქეობის არმქონე ადამიანებმა მასობრივად მისცეს ხმა რომელიმე წინა არჩევნებში. გამოვლენილია მხოლოდ ერთეული შემთხვევები და არა მასობრივად, რასაც შეეძლო გავლენის მოხდება შედეგებზე.
თუმცა, ამ თემაზე ლაპარაკი რესპუბლიკელების მხრიდან შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ არჩევნები და მისი შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს არის რისკი. ამის რეალისტური მოლოდინი არ არსებობს.
ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მკვეთრად შემცირებული რეიტინგი, დაახლოებით 35%-მდე – პირდაპირ აისახება რესპუბლიკელების მაჩვენებელზე?
ცოტა ხნის წინ 33 % იყო ტრამპის პირადი რეიტინგი. ტრამპის პირადი რეიტინგი, ცხადია, ახდენს გავლენას, მაგრამ პირდაპირ არ აისახება, რადგან თითოეული კანდიდატი აირჩევა წარმომადგენელთა პალატაში ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან: ვიღაც შეიძლება იყოს უფრო პოპულარული, ვიდრე პარტია.
ოლქების უმრავლესობა ძალიან მტკიცედ ერთი და იგივე პარტიას აძლევს ხმას. არ არის დიდი იმ საარჩევნო ოლქების რაოდენობა, სადაც ამომრჩეველი უფრო მერყევია – გამოკვეთილი უმრავლესობა არ აქვთ არც დემოკრატებს, არც – რესპუბლიკელებს. არის ოლქები, სადაც ხან ერთი პარტია იმარჯვებს, ხან – მეორე, მაგრამ ასეთი ოლქები არ არის ბევრი. მთელი საარჩევნო ძალისხმევა არის მიმართული ე.წ. მერყევი, შუალედურ შტატების მიმართ. სხვა შტატები და საარჩევნო ოლქები თითქმის ყოველთვის გარანტირებული აქვს ერთ, ან მეორე პარტიას.
გამონაკლისებიც არის. მაგალითად, დღეს ტეხასში, რომელიც მტკიცედ რესპუბლიკური პარტიის დასაყრდენია და სადაც დემოკრატი სენატორი არ აურჩევიათ 20 წელზე მეტია, დღეს არსებობს მაღალი შანსი, რომ დემოკრატმა გაიმარჯვოს.
ჯორჯიაში ძალიან მაღალი შანსი აქვს დემოკრატ ჯონ ოსოფს, რომელიც კონგრესის წევრია და კენჭს იყრის სენატში. მას ძალიან მაღალი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს ამ საკმაოდ რესპუბლიკურ შტატში. 2020 წელს ტრამპმა ეს შტატი საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო, მაგრამ კონგრესის წევრები ამ შტატიდან უფრო ხშირად არიან რესპუბლიკელები.
უმეტესად მიდის ახლა ბრძოლა ამ შტატებისთვის, ოლქებისთვის, სადაც ორივე პარტიის წარმომადგენელს აქვს შანსი, სადაც უფრო მეტია, ასე ვთქვათ, არააფილირებული ამომრჩეველი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორც დემოკრატი, ან რესპუბლიკელი.
როდესაც ერთი პარტია საკმაოდ არაპოპულარულია მმართველობის გამო, რომელიც უკვე ნახეს ბოლო 2 წლის განმავლობაში და მეორე პარტიამ შეძლოს მეტი ხალხის მობილიზება, მათ შორის, დამოუკიდებელი ამომრჩევლის, ამგვარ საარჩევნო ოლქებში დამოუკიდებელი ამომრჩეველი წყვეტს, ვინ გაიმარჯვებს. ასევე ის, თუ რომელ პარტიას შეუძლია თავისი მომხრეების მობილიზება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს კრიტიკული განწყობა, რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს ტრამპის და მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ, არ აისახოს არჩევნების შედეგზე, მათ შორის, იმიტომ, რომ იგივე ომი ირანთან დასრულებული არ არის. ამ კუთხით როგორია ამერიკელების დამოკიდებულება?
ის, რომ ომი გაიწელა თებერვლიდან დღემდე, უკვე ძალიან ნეგატიური ფაქტორია არა მარტო ტრამპის მოწინააღმდეგეების, არამედ მისი ამომრჩევლისთვისაც. განსაკუთრებით MAGA-ს ფრაქციისთვის [რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებულ გავლენიან ულტრაკონსერვატიული და მემარჯვენე-პოპულისტური ჯგუფი], რომლისთვისაც საგარეო ომები ყოველთვის ძალიან არაპოპულარული იყო, მათ შორის, მოკავშირეების დასაცავად და მით უმეტეს დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ნებისმიერი საგარეო ომი მათთვის იყო მიუღებელი. ეს არის ერთგვარი ძველი, მე-19 საუკუნიდან არსებული იზოლაციონიზმის ტრადიციის გამოხატულება.
თვითონ რესპუბლიკურ პარტიაში იყვნენ ისეთი პოლიტიკური ლიდერები და მთელი მიმდინარეობა იყო, სადაც ინტერნაციონალიზმი დემოკრატიის დასაცავად თუ გასამყარებლად ძალიან პოპულარული იყო. ამის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ჯორჯ ბუში პირველი და მეორეც. პირველმა დაიცვა ქუვეითი ერაყის აგრესიისგან და გაათავისუფლა, მეორეს – ჰქონდა მთელი სერია ომებისა დემოკრატიის დაცვის სახელით.
ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს დაესხა ალ-ქაიდა 2001 წლის 11 სექტემბერს, მაგრამ შემდეგ მან გააფართოვა ეს ომი და გადავიდა ერაყზე, რის გამოც მერე ბევრი აკრიტიკებდა. ამგვარი ომები რესპუბლიკური პარტიის გარკვეული, უფრო კონსერვატიული ნაწილისთვის იყო მიუღებელი.
დღეს ეს ხალხი ძალიან ნეგატიურად უყურებს იმ ფაქტს, რომ პირველი: ტრამპი ჩაება ომში ირანის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი: ამ ომს ვერ იგებს. მესამე ფაქტორია ის, რომ ამ ომის შედეგად შეერთებულმა შტატებმა მიიღო ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზარალი და ეს გამოიხატა თითოეული ამერიკელის პირად ბიუჯეტზე: მაგალითად, ავტომანქანის ავზის ავსება დღეს ამერიკელს უჯდება ბევრად მეტი, ვიდრე ტრამპი გასცემდა ბრძანებას ირანზე მიტანილი დარტყმების შესახებ.
ამერიკული მედიის მიხედვით, ტრამპის მიმართ უკმაყოფილების მთავარი საგანი მაინც ინფლაცია და გაზრდილი ფასებია და არა, მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ცვლილება, ომი ირანთან, შეცვლილი რიტორიკა უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, ან კრიტიკა ევროპელი პარტნიორების მიმართ?
ცხადია, ფასების ზრდა პირდაპირი შედეგია ამ სამხედრო ოპერაციის: ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა და ამას მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და გათხევადებული გაზის მოწოდების მკვეთრი შემცირება. ეს არის პირდაპირი უკუკავშირი, რომლის იგნორირება შეუძლებელია. ამერიკელებს არ უნდათ, რომ მათი ქვეყანა რაიმე ფორმით მონაწილეობდეს მათ საზღვრებს გარეთ არსებულ კონფლიქტებში, მიუხედავად იმისა, თუ რა ფასეულობითი კუთვნილება აქვთ კონფლიქტის მხარეებს.
ამ განწყობების ხელშეწყობას ცდილობდა ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და მისი პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ძირითადად იგივე ლოგიკით მიმდინარეობდა. ტრამპს არ გააჩნია რაიმე ფასეულობითი სიმპათია დემოკრატიული ქვეყნისადმი, რომელსაც თავს დაესხა დიქტატურა უსამართლოდ, მაგრამ მისი პოზიცია ეფუძნებოდა სწორედ იზოლაციონისტურ განწყობებს.
ტრამპი პუტინს რეგულარულად უწოდებს მეგობარს, პირდაპირ ამბობს, რომ მასთან ურთიერთობები ურჩევნია, ვთქვათ, უკრაინის პრეზიდენტთან ურთიერთობას, ამის გამო მის მიმართ ნეგატიური განწყობა უმეტესად იმ ხალხს აქვს, ვისთვისაც ტრამპი ისედაც მიუღებელი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდის განსაკუთრებით მკვეთრი პრორუსული ნაბიჯები, მგონია, რომ თავად რესპუბლიკური პარტიის ზომიერ ფრთაში მაინც ტრამპს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
კონგრესში ეს გამოიხატა ინიციატივაში, რომელსაც რესპუბლიკელებიც შეუერთდნენ და ცდილობენ, დაბლოკონ, მაგალითად, დიზელის შესახებ ნათქვამი ერთგვარი გარიგება რუსეთთან.
ამ დროს დემოკრატები რამდენად სთავაზობენ მკაფიო ხედვას ამომრჩეველს იგივე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, ან ირანთან ომზე?
„დემოკრატიული პარტიის“ მიერ დალაგებული, ნათელი და გარკვეული რომ იყოს ხედვა, როგორც ტრამპის პოლიტიკის ალტერნატივა, ტრამპის მდგომარეობა ბევრად უარესი იქნებოდა. თუკი რამე გადაარჩენს ტრამპს კიდევ უფრო დიდი მარცხისგან კონგრესის არჩევნებში, არის ის, რომ ძალიან ხშირად დემოკრატების კანდიდატები გამოიყურებიან არა უბრალოდ სუსტად, არამედ არაარჩევადები არიან. მთლიანად დემოკრატებს, მართალია, ეს არ ეხებათ, მაგრამ არაერთი ისეთი კანდიდატი დაუსახელებიათ, ვთქვათ, სენატში, რომელიც მერე მოხსნეს.
ეს არის ტრამპის და რესპუბლიკელების ერთ-ერთი თეორიული გამოსავალი, რომ კი, ისინი განიხილებიან ძალიან ნეგატიურად, მაგრამ დემოკრატების მიერ შეთავაზებული ალტერნატივა ზოგჯერ აშინებს ამერიკელ ამომრჩეველს, მათ შორის, დამოუკიდებელ ამომრჩეველს.
ასევე, არსებობენ რადიკალი ულტრა-მემარცხენეები, ძალები, რომლებიც აფიქსირებენ, რომ პალესტინის მომხრეები არიან. ისრაელის პოლიტიკის კრიტიკა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მას არ მიიღებს ამომრჩეველი, მაგრამ რადიკალი ულტრა-მემარცხენეები და კანდიდატები, რომლებიც სამართლიანად თუ უსამართლოდ არიან ასოცირებული ისლამისტურ მოძრაობებთან, ასეთი კანდიდატები ხშირად აშინებენ ამომრჩეველს.
ესეც შანსია რესპუბლიკელებისთვის, რომ იმ მასშტაბით არ წააგონ არჩევნები განსხვავებით იმ შემთხვევისგან, მკვეთრი და გასაგები რომ ყოფილიყო ალტერნატივა.
3 ნოემბრის არჩევნები შესაძლოა იქცეს ერთგვარ გამოსავლად არამხოლოდ აშშ-თვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვის, სადაც მიაჩნიათ, რომ აშშ იყო დემოკრატიული დღის წესრიგის მთავარი საყრდენი?
ვითარების გამოსწორების შესაძლებლობად ეს არჩევნები შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ თეორიულად იმიტომ, რომ ლოგიკურად დემოკრატებმა შეიძლება მოიპოვონ უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში და ამან მოახდინოს გავლენა იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას ახორციელებს ტრამპი, მაგრამ აშკარაა, რომ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთულად განსაჭვრეტი ადამიანია – რას გააკეთებს შემდეგ, არავინ იცის, მისგან ბევრი სიურპრიზი გვინახავს.
2022 წელსაც იყო მოლოდინი, რომ წაგებული შუალედური არჩევნების შემდეგ, ტრამპი თითქოს უკვე ჩამოწერილია, მაგრამ ორ წელიწადში მან მოახერხა პოზიციების დაბრუნება.
არ არის გამორიცხული, რომ ის შეეცადოს, ჩაერიოს, მაგალითად, საარჩევნო პროცესში, რაც გამოიწვევდა კატასტროფულ შედეგებს შეერთებული შტატებისთვის.
იმედი ვიქონიოთ, რომ დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩაივლის ეს არჩევნები და რომ შეერთებული შტატები თანდათანობით დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, როდესაც ის არის არა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ერთგვარი ამრევი, რომელიც გულგრილია საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისადმი, არამედ დაიბრუნებს თავის როლს, როგორც შედარებით უფრო სამართლიანი სისტემის გარანტორი და სანდო მოკავშირე დემოკრატიული სამყაროს წევრებისთვის.
თუ ამ არჩევნებს წააგებს ტრამპი, მისთვის ნათელი იქნება ამერიკელი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ ის არის დემოკრატიის ერთგული?
მე ვივარაუდებდი, რომ შეერთებული შტატების რეპუტაციის აღდგენა, როგორც დემოკრატიული სამყაროს სანდო ლიდერის, ერთ დღეში ვერ მოხდება – შეცვლილია მის მიმართ დამოკიდებულება შეერთებული შტატების მოკავშირეების მხრიდან.
ამერიკის მოკავშირეებსაც გაუჩნდათ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, რომ თუ ამერიკელებმა შეიძლება ორჯერ აირჩიონ ტრამპი, რომელიც ისტორიულ დემოკრატიულ ალიანსებს პრაქტიკულად არ ცნობს, მის მიმართ ნდობის დაბრუნება, როგორც ვთქვი, ერთ დღეში ვერ მოხდება.
მაგრამ ნორმალიზაციისკენ შებრუნება იქნებოდა აი, ამ მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, თუ ეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური, დოკუმენტური მინი სერიალის გადასაღებად 174 408 ლარს დახარჯავს.
საბიუჯეტო თანხები მინი სერიალის გადასაღებად უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ 2026 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის ახალი სეზონის გადაღებისა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ.
პროექტის განხორციელება, მათ შორის, სერიალის გადაღება, საბოლოო პროდუქტის მომზადება და სატელევიზიო ეთერში გაშვება, გათვალისწინებულია 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
აღნიშნული ვადის განსაზღვრა განპირობებულია პროექტის შინაარსობრივი სპეციფიკით, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობითა და იმ გარემოებით, რომ სერიალში გასაშუქებელი საკითხების აქტუალურობა უშუალოდ უკავშირდება ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების პერიოდს“, – ნათქვამია დასაბუთების წერილში, რომლითაც შსს შესყიდვების სააგენტოსგან თანხის უტენდეროდ განკარგვის ნებართვას ითხოვდა.
ამავე დასაბუთების მიხედვით, სერიალის დაჩქარებულ ვადებში მომზადება განპირობებულია იმ თემების აქტუალობით, რომლებიც ცალკეულ სერიაში იქნება ნაჩვენები.
„ამასთან, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის კონკრეტული საკითხების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სერიალის საზოგადოებისთვის წარდგენის პერიოდს.
პროექტის განხორციელების მომდევნო წლისთვის გადავადების შემთხვევაში, შესაძლებელია, მასში ასახულმა საკითხებმა ნაწილობრივ დაკარგოს აქტუალურობა, რაც შეამცირებს დაგეგმილი საკომუნიკაციო ღონისძიების ეფექტიანობას და მისი განხორციელებით მისაღწევ შედეგს,“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.
174 408 ლარის უტენდეროდ დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა.
თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები გაუძღვებიან.
„Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“ კურსებზე, მოსწავლეები იდეიდან რეალური პროექტის შექმნამდე ხელოვნურ ინტელექტს ასისტენტად იყენებენ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრასა და ციფრული პროდუქტების შექმნას. პრაქტიკული გამოცდილებით ისინი განივითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტის მართვისა და AI-ის გააზრებულად გამოყენების უნარებს, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.
თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. შვიდი ნაკადის განმავლობაში პროგრამას 5000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ტექსკოლის საგანმანათლებლო პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი 387 182 ევროს ღირებულების სავარძლებსა და სკამებს ყიდულობს. ამავე თანხაში შევა დარბაზის ინსპექტირება და ახალი ინვენტარის მონტაჟი.
თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლებისა და სკამების შესყიდვას თეატრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თევზაძე გამარტივებული შესყიდვით ითხოვს.
ნებართვის მისაღებად რუსთაველის თეატრის აღმასრულებელმა დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა.
„დღეის მდგომარეობით, თეატრის დიდი დარბაზის მაყურებელთა სავარძლები და სკამები გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს განახლებას. აღსანიშნავია, რომ თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლები ითვლის ათწლეულებს და არის ორჯერ რესტავრირებული (1987, 2005 წწ.).
თუმცა ხანგრძლივი ექსპლუატაციისა და ცვეთის შედეგად სავარძლებისა და სკამების კონსტრუქცია არის დეფორმირებული და არასტაბილური, იშლება, ძვრება საზურგე და სახელური, დამჯდარია სავარძლის ღრუბელი, ასევე, სავარძლის ქსოვილს (ხავერდი) დაკარგული აქვს პირვანდელი ფერი და მისი სტრუქტურა არ პასუხობს ვიზუალურ სტანდარტს.
ამდენად, წარმოიშვა აუცილებლობა თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზის სავარძლების და სკამების ახლით ჩანაცვლების. აღნიშნული საჭიროება განპირობებულია არა მხოლოდ სავარძლებისა და სკამების ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობით, არამედ თეატრის შეუფერხებელი ფუნქციონირების, სპექტაკლების სათანადო პირობებში ჩატარებისა და მაყურებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით.
ამასთან, დიდი დარბაზის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა წარმოადგენს თეატრის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს და, თავის მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს,“ – წერს წერილში თეატრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თევზაძე.
ამავე წერილის მიხედვით, თეატრის მაყურებელთა დიდი დარბაზისთვის 602 ცალი სავარძლისა და 200 ცალი სკამის შეძენაა გათვალისწინებული, რაც ასევე ითვალისწინებს თანმდევ მომსახურებას, რომელიც მოიცავს თეატრის დარბაზის ინსპექტირებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, საქონლის თეატრის მისამართამდე ტრანსპორტირებას, სავარძლების მონტაჟსა და ინსტალაციაზე ზედამხედველობას. ამასთან, თეატრის დიდ დარბაზში არსებული სავარძლების დემონტაჟს და ამ პროცესში გამოვლენილ დამატებით სირთულეებთან დაკავშირებულ სამუშაოებს.
გამარტივებულ შესყიდვით სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ჯერ არ გამოუვლენიათ. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სკამები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 აპრილამდე უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს.
ევროს დღევანდელი კურსით, ერთი სკამი/სავარძლის შეძენა-მონტაჟში თეატრს 1400 ლარს გადაიხდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობი, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
„დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის ან მიწოდება-გასაღების ბრალდებით იძებნებოდა.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 561 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 414 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 552 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 51 242 ერთეული [+9]
MLRS – 2 217 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 708 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 449 ერთეული [+6]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 565 590 ერთეული [+693]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 958 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 163 554 ერთეული [+230]
სპეცტექნიკა – 4 833 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 130 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შემთხვევები გახშირდა. ბოლო 10 დღის განმავლობაში ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან სატვირთო გემებზე დრონების თავდასხმის სულ მცირე ხუთი შემთხვევა იყო. ორი გემი ჩაიძირა, 23 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა. ბულგარეთი მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთი დგას.
„ჩვენ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში არის ომი“ – ამბობს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციალისტი მეგი ბენია. მას „ბათუმელები“ შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე ესაუბრა.
ქალბატონო მეგი შავ ზღვაზე არსებულ ვითარების შეფასება მინდა გთხოვოთ NATO-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმები გახშირდა. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმდინარე საბოტაჟის და დესტაბილიზაციის ოპერაციის ნაწილი. მათ შორის, ამას ჰიბრიდულ საფრთხეებსაც უწოდებენ, რომელიც გახშირებულია ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, ნატოს ევროპელ წევრებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.
შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი, თურქეთიც მათ შორის, არის ნატოს წევრი. რუსეთის აქტივობები, შავ ზღვაზე რომ ვკონცენტრირდეთ, უფრო მეტად დაკავშირებულია ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებთან და ეს არის უკრაინის წარმატებული ოპერაციები შავ ზღვაში.
ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელებმა შეიმუშავეს ინოვაციური წყალქვეშა დრონი, რომელიც აქტიურად გამოიყენება რუსული სამიზნეების წინააღმდეგ შავ ზღვაში და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, უკრაინელების საზღვაო ოპერაციები არის უპრეცედენტო.
მეგი ბენია, უსაფრთხოების ექსპერტი
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, იქნებოდა ეს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის თუ უკვე შემდგომში რუსეთის ფედერაციის დროს, იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დანაყოფი რუსეთის საზღვაო ძალებში, მისი ღირსების და სიამაყის გამოხატულება და უკრაინელებმა ეს შეარყიეს თავიანთი ოპერაციებით.
უკრაინელებმა რუსულ ფლოტს აიძულეს ცოტა უფრო აღმოსავლეთისკენ დაეხიათ, მაგალითად, სევასტოპოლში თუ იყო რუსული ფლოტის მთავარი ბაზა, მოუწიათ მისი გადატანა უფრო საკუთარი ტერიტორიებისკენ, აღმოსავლეთით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
2026 წლის ივლისში გახშირდა უკრაინული მხარის შეტევები რუსეთის გემებზე. ბოლო მონაცემები, რაც ვნახე, დაახლოებით 200 გემზე მოხდა შეტევა უკრაინელების მხრიდან, რამაც 75%-ით შეამცირა როგორიც კომერციული, ისე სამხედრო გემების გადაადგილება, განსაკუთრებით აზოვის ზღვაში.
აზოვის ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული არეალია შავი ზღვის აკვატორიაში. კომერციული, შეფარული, შენიღბული გემებით რუსეთი ამ გზით ცდილობდა, რომ გვერდი აევლო სანქციებისთვის და უზრუნველეყო საკუთარი ნავთობის ექსპორტი.
შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ სხვა მიმართულებით გადაინაცვლა შეტევებმა, თუმცა შავი ზღვის მიმართულებით ვითარება არის საკმაოდ დაძაბული.
ჩვენ საერთოდ გვიჭირს აღიარება, რომ შავ ზღვაში აქტიური ომია, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით, უკრაინის სასარგებლოდ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ვხედავთ რუსეთის სხვადასხვა, პროვოკაციულ ქმედებებს.
ხდება თუ არა ამით კონფლიქტის გეოგრაფიული ესკალაცია და ნიშნავს თუ არა ეს, რომ შავ ზღვაში ომის ზონა უკვე ოფიციალურად გასცდა უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს და გადავიდა ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან?
ამის თქმა ძალიან რთულია.
ჯერჯერობით ნატო არ იმყოფება აქტიურ საომარ მოქმედებებში რუსეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავმიჯნოთ.
მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ცდილობს ომის ზღვარს მიღმა მოქმედებები განახორციელოს ნატოს ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ფლანგზე – იგულისხმება ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ანუ ნატოს წევრ ქვეყნებთან ახლოს.
ამას ვერ დავარქმევთ ჯერჯერობით საომარ ან საომარი ტიპის მოქმედებებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და ყურადღება უფრო მეტად გასამახვილებელია ნატოს, ბრიუსელის და ევროკავშირის წევრების მხრიდან.
რა მომენტში იქნება მზად რუსეთი იმისთვის, რომ ეს გადალახოს ეს ზღვარი – ეს არის ახლა მთავარი კითხვა და დილემა.
ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენ ვნახეთ ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალ ალექსუს გრინკევიჩის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ნატო მზად არის გაუმკლავდეს [რუსეთს] და არა მხოლოდ გაუმკლავდეს სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, აჯობოს კიდეც.
ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის ანკარის სამიტზე, ნატოს ბრძოლისუნარიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა ის, თუ როგორ შეძლებს ნატო გაუმკლავდეს ან შეაკავოს რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც მაინც და მაინც საომარ მოქმედებებს ან საომარი ტიპის ქმედებებს არ წარმოადგენს, ეს ჯერ კიდევ ღია საკითხია, ჩემი აზრით.
რადგან გემებზე თავდასხმა შავ ზღვაში, ბულგარეთში, მოხდა ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ) და არა უშუალოდ ტერიტორიულ წყლებში, გავრცელდება თუ არა ამაზე ნატოს მე-4 [კონსულტაციები] ან მე-5 [კოლექტიური თავდაცვა] მუხლები?
თქვენ ალბათ ბულგარეთის მოსაზღვრედ რაც მოხდა, იმას გულისხმობთ, მაგრამ მანამდე იყო რუმინეთში საცხოვრებელ სახლზე დრონით შეტევაც. ეს რამდენად მიზანმიმართული იყო, თუ შეცდომა იყო – ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად დაფიქსირდა, რომ ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს წევრ სახელმწიფოში, რომელიც მათ შორის არის შავი ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფო, შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფო, მოხდა შეტევა.
ამის საპასუხოდ, სამწუხაროდ, ნატოს არ ჰქონდა კოლექტიური პოზიცია და არა ცალკეული სახელმწიფოების.
ნატოს აქვს განსაზღვრული, რომ შეიძლება აამოქმედოს მეხუთე მუხლი ჰიბრიდული შეტევის შემთხვევაში, მაგრამ რა იქნება ის კონკრეტული მომენტი, როდესაც მოხდება ჯერ მეოთხე და შემდეგ კი მეხუთე მუხლის ამოქმედება და რაც ყველაზე მთავარია, რა ფორმით უნდა მოხდეს მეხუთე მუხლის ამოქმედება – აი, ეს ართულებს სწორედ პასუხს, ჩემი აზრით.
ერთადერთი შემთხვევა ნატოს ისტორიაში, როდესაც მოხდა მეხუთე მუხლის ამოქმედება, იყო 9/11-ის საპასუხოდ [ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტი], მაგრამ მაშინაც კი ნატომ ძალიან დიდი დრო დახარჯა მსჯელობაში, ვგულისხმობ კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებას – რამდენად შეიძლებოდა ეს ტერორისტული შეტევა განსაზღვრულიყო და აღქმულიყო როგორც შეიარაღებული შეტევა, იმიტომ, რომ მეხუთე მუხლში საუბარი არის შეიარაღებულ შეტევაზე.
ამ შემთხვევაში ისეთი ბუნდოვანია ჩანაწერი, რა არის ჰიბრიდული შეტევა, როგორც ჩანს ამაზე კონსენსუსი, როგორც ჩანს, არ არსებობს ნატოში.
ასეთივე ჩანაწერი არის, მაგალითად, კიბერშეტევასთან დაკავშირებით, თუმცა ალბანეთის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში, რომელიც იყო ირანის მიერ განხორციელებული და დაადასტურეს ეს, მხოლოდ მეოთხე მუხლის ამოქმედება მოხდა, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი, არ არსებობს შეთანხმება იმაზე, ამ ტიპის შეტევების წინააღმდეგ როგორ შეიძლება მოხდეს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმების ამოქმედება.
ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ჩემი აზრით.
როგორ უნდა მოხდეს თავდამსხმელის იდენტიფიცირებაჰიბრიდული ომის პირობებში, როდესაც გამოიყენება უპილოტო აპარატები და საზღვაო დრონები, რა სამხილებია საჭირო იმისათვის, რომ ოფიციალურ დონეზე დადგინდეს კონკრეტული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? მაგალითად, ბოლო შემთხვევების დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბულგარელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და დადგინდა, რომ ეს იყო რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული თავდასხმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით.
როგორც ვიცით, კომერციულ გემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ გემებზეა საუბარი, რომლებიც გადიან უკრაინის ტერიტორიიდან, განსაზღვრულია კონკრეტული მარშრუტი, ამაში ჩართული თურქული მხარე, რომელიც უზრუნველყოფს ბოსფორის სრუტეში, ან ე.წ. თურქეთის სრუტეებში ამ გემების გასვლას და გადაადგილებას, მაგრამ ასეთი ინციდენტებიც ხდება.
დაცულობის თემა ძალიან რთულია, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა და ვფიქრობ, ნატოშიც ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ, რომ ეს არის ახალი მოცემულობა ალიანსისთვის და არა მხოლოდ ალიანსისთვის, როგორც კოლექტიური ორგანიზაციისთვის, არამედ ალიანსის ცალკეული ქვეყნებისთვისაც.
მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ალიანსშიც ეს მზადყოფნა, მაგალითად იგივე მედეგობის უზრუნველყოფა სახელმწიფოში, სამხედრო მზადყოფნა და ასე შემდეგ, სხვადასხვა დონეზეა, ყველას ერთნაირად არ აქვს.
მაგალითად, ჩვენ გვახსოვს ბალტიის ზღვაში მომხდარი საბოტაჟი კაბელებთან დაკავშირებით. იქ სწრაფად მოხდა საბოტაჟის აღკვეთა, ამას არ დასჭირდა კოლექტიური პასუხი, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მომზადება ასეთ საკითხებზე ძალიან მაღალ დონეზეა. რაც შეეხება ბულგარეთს და რუმინეთს, რომლებიც შავ ზღვას ესაზღვრებიან, ამ ქვეყნებში ეს მომზადება ასე ძლიერი არ არის და ეს კიდევ ართულებს საკითხს.
მეორეს მხრივ, მინახავს ეს მოსაზრებებიც – რატომ არ ხდება იგივე ტიპის პოლიტიკის ან მიდგომის გატარება შავ ზღვაზე ნატოს მხრიდან, როგორიც, მაგალითად, ბალტიის ზღვაზეა.
ამას ისევ და ისევ ართულებს ის საკითხი, რომ შავ ზღვაში მოცემულობა სხვაგვარია.
ბალტიის ზღვას ვეძახით უკვე ნატოს ტბას, იმიტომ, რომ ამ ზღვისპირა ყველა ქვეყანა უკვე ნატოშია, შავ ზღვაში კი ეს მოცემულობა არ გვაქვს. პლუს ამას, აქ გვაქვს აქტიური საომარი მოქმედებები, ახლა დაემატა უკვე ასეთი ქმედებები, რომლებიც რჩება ომის ზღვარს მიღმა, ჯერჯერობით.
ასეთი რთული სიტუაციაა და ამას საკმაოდ კომპლექსური პასუხი სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს პასუხი დასავლეთის მხრიდან არ ჩანს.
როგორ იმოქმედებს ეს ბაზარზე და დაზღვევაზე, საზღვაო დაზღვევის ტარიფების ზრდა ხომ არ გახდის შავ ზღვაში სამოქალაქო ნაოსნობას ეკონომიკურად არარენტაბელურს?
მე არ ვარ ეკონომიკის და ფინანსური საკითხების სპეციალისტი და გამიჭირდება შეფასება, მაგრამ სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების თემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
ფაქტია, რომ ის მოვლენები, რაც ახლა მსოფლიოში ვითარდება საომარი მოქმედებების თვალსაზრისით, გავლენას ფასებზეც ახდენს, მათ შორის.
ხომ არ არის საფრთხე, რომ შავი ზღვის დასავლეთი ნაწილი გადაიქცევა ნაოსნობისთვის ჩაკეტილ ზონად,რადგან უკვე საუბარია იმაზე, რომ მსგავსი თავდასხმები, მათ შორის რუმინეთის წყლებში დაფიქსირებული ინციდენტი, საფრთხეს უქმნის სავაჭრო ტვირთების დერეფანს?
ძალიან რთულია ამის შეფასება, ფაქტობრივად, ნაწილობრივ უკვე დახურულია შავი ზღვა.
2022 წლიდან [მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს] მოქმედებს მონტროს კონვენცია, რომელიც თურქეთმა აამოქმედა, მას შემდეგ, რაც დაიწყო საომარი მოქმედებები შავ ზღვაში. თურქეთს ამის უფლებას ჰქონდა. ასე რომ, ნაწილობრივ ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხება სამხედრო გემებს.
რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, გახსოვთ, რომ კრიზისი იყო უკრაინის მარცვლეულთან დაკავშირებით, რაღაცნაირად შეეცადნენ, რომ ეს კრიზისი მოეგვარებინათ, არსებობს შეთანხმება, არსებობს მარშრუტი, რომელზეც თურქეთმა თქვა, რომ ის უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. არსებობს ოპერაციული ცენტრი, რომელიც არის თურქეთში.
მეორე საკითხია, რომ კერძო კომპანია მაინც ყოველთვის აფასებს თავის რისკფაქტორებს, რამდენად დააყენებს საკუთარ გემებსა და საკუთარ პროდუქციას რისკის წინაშე, როცა, შესაძლოა, გემს დრონი მოხვდეს ან წყალქვეშა დრონმა გაიაროს შემთხვევით. კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებით ოპერირებენ, ალბათ უფრო მეტ რისკს დაინახავენ.
მხოლოდ რისკ-ფაქტორების თვალსაზრისით შემიძლია შევაფასო ახლა ეს სიტუაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი აქტორი, რომელიც ახორციელებს ამ მავნე ქმედებებს, არის რუსეთი და არ მგონია თავად რუსეთის ინტერესებში იყოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც სრულად ჩაკეტავს შავ ზღვას.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, ასეთი აქტივობები ალბათ გახშირდება. შეიძლება დინამიკა იყოს განსხვავებული, რაღაც ეტაპზე შენელდეს, რაღაც ეტაპზე – გაიზარდოს.
საპასუხო ზომების თვალსაზრისით კი ალბათ უნდა ველოდოთ ცალკეულ ინიციატივებს. მაგალითად, ჩვენ ვიცით მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ თურქეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის [Black Sea Mine Countermeasures Task Group (MCM Black Sea)] და ახლა მოხდა მისი კიდევ უფრო გაძლიერება ანკარის სამიტის ფარგლებში.
აი, ესეთი ინიციატივები ალბათ იქნება, თუმცა ნატოს ან თუნდაც ევროკავშირის მხრიდან [რომელსაც საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს, მის სტრატეგიას თუ შევხედავთ, შავ ზღვასთან მიმართულებით], არა მგონია კოლექტიური პასუხი ვიხილოთ უახლოეს მომავალში მაინც შავი ზღვის მიმართულებით.
რუსეთმა ხომ კარგად იცის, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსა და პორტების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. რა სურს პუტინს ამ ეტაპზე?
მე ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც საბოტაჟის და დესტაბილიზაციის ოპერაციების ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს ზოგადად რუსეთის მხრიდან ნატოს და მისი ევროპელი წევრების წინააღმდეგ.
ამ ოპერაციების მიზანია გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ევროპის სახელმწიფოებში, მოსახლეობაში დათესოს შიში.
ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოებზე და როცა დემოკრატიულ ქვეყნებში დათესავ შიშს მოსახლეობაში, შეძლებ შენი ქმედებებით გავლენა მოახდინო მოსახლეობაზე, ესე იგი გავლენას ახდენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი ემსახურება უკრაინისთვის მხარდაჭერის შემცირებას, რომ დასავლეთის მხარდაჭერა და განსაკუთრებით ევროპელი სახელმწიფოების, აღარ იყოს უკრაინის მიმართ.
მაგალითად, არჩევნების წინ შეიძლება გაიზადოს ასეთი ქმედებები.
ასევე მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – იმ გამოწვევების და პრობლემების ფონზე, რაც არსებობს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთი ტესტავს, როგორია რეალურად ნატოს კოლექტიური მზადყოფნა.
ასეთი შემთხვევები რუსეთისთვის არის, ასე ვთქვათ, შემოწმების საშუალება, რამდენად არის მზად ნატო გაუძლოს ასეთ შეტევებს, რამდენად არის მზად, რომ უპასუხოს, როგორც კოლექტიურმა ორგანიზაციამ. ეს რუსეთს აძლევს გარკვეულ წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს.
აი, ეს არის ორი მთავარი მიზეზი ამ ეტაპზე, ჩემი აზრით.
და შეიძლება იყოს კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, უფრო „მსუბუქი“ – ეს არის ყურადღების გადატანის გზა და რუსეთისთვის ტრადიციული ხერხია, მაგრამ ერთჯერადი, ამიტომ მგონია, მთავარი მიზეზი არის ეს ორი: შემცირდეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და დაიტესტოს ერთობა [ნატო], რომელსაც ისედაც აქვს პრობლემები.
„შეცდომა იყო თავად ეს მიდგომა: ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლის გარდა სხვა არაფერი! ჩემი აზრით, თუ იქნება ამჯერადაც გამოსვლები და გაფიცვები, არ უნდა იყოს მოწოდება: ხელისუფლება გადადგეს! ამას იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება, რომ აი, გადატრიალება უნდათ. მოთხოვნები უნდა იყოს დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნება. ნებისმიერ კანონმდებლობაზე უნდა იყოს გამოსვლები.
არ ვიცი, ეს რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ვიდრე არსებობს დასავლეთის გავლენა, ეს მიმართულება უნდა იყოს ძლიერი და ოპოზიციური ძალები უნდა იყვნენ კონსოლიდირებული,“ – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, მას ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ვესაუბრეთ: რა ფორმით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა საქართველოში ევროპული მომავლის გადასარჩენად?
პოლიტოლოგის აზრით, ეს ბრძოლა ახლა კიდევ უფრო გართულდა, მით უფრო რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით. „ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც, ძირითადად, ავტორიტარული მმართველობებია გარშემო. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა თურქეთში ავტორიტარიზმის გამარჯვებამ,“ – გვიყვება ანალიტიკოსი. იგი გამოსავალს ოპოზიციის კონსოლიდაციასა და „არაორდინალურ ადამიანებში“ ხედავს, რომლებიც ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნებას ისევ შეძლებენ.
„ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო კახა, ოპოზიციური ძალები აანონსებენ ფართომასშტაბიან აქციას 28 ნოემბერს. მანამდე ივანიშვილი ოპოზიციის საერთოდ აკრძალვას აპირებს. დემოკრატიის გადარჩენის რა შანსი არსებობს, თქვენი დაკვირვებით და რა შემთხვევაში?
დემოკრატიის გადარჩენის შანსი ალბათ ყოველთვის არსებობს, მაგრამ გააჩნია, რა მსხვერპლის ხარჯზე, რა ფასად? ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატია გადარჩეს ქვეყანაში მშვიდობიანად, ყოველგვარი სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. „ოცნების“ ქმედებები აშკარად მიმართულია იმისკენ, რომ გაღვივდეს სამოქალაქო დაპირისპირება.
პრაქტიკულად აღარ რჩება სხვა გზა, თუ არა კონსოლიდაცია – პოლიტიკურმა პარტიებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ დაშორდნენ ამომრჩეველს, პასიურები გახდნენ, მხოლოდ ტელევიზიებში საუბრით კი, პოლიტიკას ვერ გააკეთებ. ჩემი აზრით, მათ დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა დაკარგეს ყოველგვარი გავლენა ადგილობრივ ორგანოებში, დაკარგეს ასევე ნებისმიერი სახის დაფინანსება, რადგან არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა.
ამ დროს „ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც დემოკრატია გააუქმა ქვეყანაში, მე ვიტყოდი, ძალის გამოყენებით: როდესაც პოლიცია, ან ძალოვანი უწყებები კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, საპროტესტო აქციებს არბევენ, იღებ კანონებს და კრძალავ მთავრობის კრიტიკას, არალეგიტიმურად გამოცხადებას, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შენს სასარგებლოდ იღებ – ეს ძალის გამოყენებით დემოკრატიის გაუქმებაა.
კახა გოგოლაშვილი
თუმცა ამ ყველაფერმა ოპოზიცია მარგინალიზებული გახადა. ოპოზიციას მოუწევს – მხოლოდ ოპოზიციას არა – საზოგადოებას მოუწევს ყველაფრის თავიდან დამტკიცება – საკუთარი თავის მანიფესტაცია.
თქვენ ახსენეთ კონსოლიდაცია, მაგრამ რა რესურსია ამისთვის? პარტიების აკრძალვის გარდა, პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა აუკრძალონ ნებისმიერ პირს, თუ მასში ივანიშვილი საფრთხეს დაინახავს. ვენეციის კომისიას რამდენიმე დღის წინ ჰქონდა კრიტიკული დასკვნა ამ კუთხით „ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონზე, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პარტიული საქმიანობა, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება აკრძალულია.
ალბათ, ეს უფრო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოიფიქრონ, რაღაც გზა უნდა იპოვონ. გარედან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და ანალიტიკური წრეებიდან ვერ მოხდება ანალიტიკური რჩევების მიცემა.
ახლო წარსულში როცა ვსაუბრობდით პარტიების გაერთიანებაზე, ვნახეთ, რომ მარტივ საკითხებზეც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, მაგალითად, ხელი არ შეეშალათ ერთმანეთისთვის იგივე ადგილობრივ არჩევნებში.
ოპოზიციური ძალები სტრატეგიულ ხედვას ვერ სთავაზობენ ადამიანებს, აკლიათ ანალიზი. ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ აკლიათ ადამიანური რესურსი, ფული. საჭიროა შეიმუშაო გამარჯვების სტრატეგია და ტაქტიკური სვლები.
თქვენი დაკვირვებით, როგორ და რა ინსტრუმენტებით მოახერხა ივანიშვილმა ოპოზიციის დასუსტება?
ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ძირითადად ავტორიტარული მმართველობებია გარშემო. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი ითამაშა თურქეთში ავტორიტარიზმის გამარჯვებამ. ამ კონტექსტში ერთადერთი მხარე იყო დასავლეთიდან და ჩაიკეტა.
ანუ ივანიშვილი ამ მხრივ მარტო არ არის. ეს ურთიერთობები ბელარუსთან, მათ შორის, უშიშროების სამსახურებს შორის შეთანხმებები, პოლიციას შორის ურთიერთობები, ფაქტები არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კონსულტაციებს ერთმანეთს უზიარებენ.
ორბანთან „ოცნების“ ჩახუტება ძალიან ღიად ჩანდა და ორბანთან ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთის პოლიტიკური მხარდაჭერა არ იყო – ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ: როგორ ვებრძოლო დემოკრატიას? როგორ გავუმკლავდე დასავლეთის ზეწოლას?
ამ მოცემულობაში არ უნდა გვიკვირდეს ოპოზიციის დასუსტება, რადგან დიქტატურაში ოპოზიცია ვერ იქნება ძლიერი?
დიახ, ობიექტურად ასეა, მაგრამ ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებთ ხოლმე, მაგალითად, ვის ეგონა, რომ შეიძლებოდა დანგრეულიყო საბჭოთა კავშირი? – ქართველებს გვჯეროდა ამის და ჩვენი დისიდენტური პარტიები არსებობდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
სააკაშვილმა თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ არავის სჯეროდა, რომ მან პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმები ჩაატარა და ქვეყნის მოდერნიზება შეძლო. კორუფცია მოსპო და პოლიცია გაასუფთაო მექრთამეობისგან, კრიმინალი გაიყვანო ქვეყნის მმართველობიდან – არავის ეგონა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ გაკეთდა ეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შემდეგ წლებში რეჟიმში გადაიზარდა – ვეღარ ხედავდნენ საკუთარ შეცდომებს და გაჩნდა ახალი დილემა: ვინ დაამარცხებს? მოახერხა უკვე ეს ივანიშვილის ეგიდით სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ. კარგი იყო თუ ცუდი, ცვლილება მოხდა ქვეყანაში. შემდეგ მოხდა ამ პოლიტიკური ცვლილების დეგრადაციაც ქვეყანაში.
ამიტომაც, ოპოზიცია თუ არსებობს ქვეყანაში, მოქალაქეები მათ სთხოვენ უფრო მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს: ნახეთ, სამეზობლოში რა ხდება: აზერბაიჯანში, თურქეთში, თურქმენეთში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს, ან ხელოვნურად არის შექმნილი. ივანიშვილმაც ამათ გადახედა და თქვა: თუ ამ ქვეყნებში ყველგან დანიშნული ოპოზიციაა, საქართველოში რატომ უნდა ვიყოთ ევროპული ცივილიზაციის წესებით? შესაძლოა, ეს ლეგიტიმური კითხვაც არის, რადგან ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ევროპული ცივილიზაცია ვართ, თუ სხვა ტიპის ცივილიზაცია?
მე მჯერა, რომ ჩვენ ევროპული ცივილიზაცია ვართ – მეტი ევროპულობაა ჩვენში. ამავდროულად, შესაძლებელია, სხვაგვარადაც დააყენო საკითხი: ბოლო-ბოლო რატომ უნდა იყოს საქართველო აზერბაიჯანზე უფრო დემოკრატიული?
საბოლოო ჯამში, აქეთკენ წაიყვანა ივანიშვილმა საქმე. ამას დიდი მოფიქრება არც სჭირდებოდა. ამას სჭირდებოდა ფინანსური რესურსი, რომელიც ამ კაცს გააჩნდა.
წარმოიდგინეთ, თუ ბელარუსში მოხდა ამ სისტემის ჩამოყალიბება, თანაც, ბელარუსი პოლონეთის მეზობელია და დემოკრატიულ სივრცეში – საქართველოს ირგვლივ კი დემოკრატიული ქვეყანა არ არსებობს. სომხეთს კი თვლიან ახლა ლიდერად, რადგან სომხეთმა თქვა რიტორიკულად: მე მინდა დემოკრატია, ევროპული სახელმწიფო უნდა ავაშენოო, მაგრამ სინამდვილეში შინაგანად სომხეთში ხომ დემოკრატია არ არის…
შეიძლება, უფრო არაორდინალური იყო ის, რომ საქართველო მიდიოდა ევროპისკენ – რეგიონული კონტექსტიდან იყო ამომხტარი. ამას აფასებდნენ ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსიც ამის გამო მოგვცეს. მკაფიოდ ჩანდა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში საქართველომ გამოავლინა მეტი ევროპეიზაცია, ვიდრე ევროპის შუაგულში, მაგალითად, სერბეთმა, ან ბოსნია ჰერცეგოვინამ.
ივანიშვილის ამოცანა იყო, რომ ეს არაორდინალური მოვლენა – ევროკავშირისკენ სწრაფვა – ჩაეყვანა საერთო-რეგიონულ კალაპოტში. გზავნილები, რაც გვესმის „ოცნებისგან“ და რომლითაც ზემოქმედება მოახდინეს მოსახლეობის 40 %-ზე დაახლოებით და ჩაითრიეს: მეორე ფრონტის გახსნა, ომის საშიშროება, ლგბტქ თემები, ფიქრობთ, რომ „ოცნებაში“ მოიფიქრეს და ასეთი ნიჭიერები არიან? ეს ყველაფერია გამოცდილი იმ ქვეყნებში, სადაც დამყარებულია ავტორიტარული მმართველობები.
ივანიშვილის დასანქცირება, ან, მაგალითად, საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა ამ კრიტიკულ მომენტში ვერაფერს შეცვლის? კიდევ რა მექანიზმები აქვს ევროკავშირს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს?
დემოკრატია ვითარდება არა ძალადობრივად, არამედ ნებაყოფლობით. დემოკრატიას ძალიან დიდი მიმზიდველობა აქვს… ევროპული დემოკრატია კიდევ უფრო მაღალი დონის ლიბერალიზმია, ძალიან ძლიერი სოციალური ელემენტებით. ამიტომაც, ევროპას და ამერიკას ბევრი ძალისხმევა არ სჭირდებოდათ ამის პროპაგანდისთვის, უბრალოდ უნდა ესწავლებინათ ადამიანებისთვის, რა იყო ამისთვის საჭირო.
განათლებული ადამიანები ისედაც ლიბერალური იდეებით არიან მოცული. ინტელიგენცია მემარცხენე ლიბერალიზმისკენ არის მიდრეკილი, რადგან ემპათია და ადამიანის სიყვარულის იდეა მნიშვნელოვანია ინტელექტუალური ადამიანისთვის.
ანტიდასავლური პროპაგანდასთან გამკლავების მექანიზმები ევროპას არ ჰქონდა. ახლა მუშაობენ ამაზე ინტელექტუალური წრეები, მაგრამ წარმოიდგინეთ სიტუაცია: ქუჩაში ერთმანეთს ხვდება ორი ადამიანი, ერთი კარგად მომზადებულია ფიზიკურად, სპორტსმენია, მაგრამ მოძალადე არ არის, მეორე – მოძალადეა. ამ დროს ყოველთვის უჭირს თავის დაცვა იმ ადამიანს, რომელიც შესაძლოა სპორტსმენიც კი იყოს, მაგრამ მას მოძალადე ასწრებს – პირველი ურტყამს და ურტყამს ყოველგვარის შეზღუდვის გარეშე, გაიმეტებს და რაც ხელში მოხვდება, ყველაფერს თავში ჩაარტყამს კიდეც.
დაახლოებით იგივე ხდება პროპაგანდის პროცესში: იმას ვერ იკადრებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, რასაც კადრულობენ ავტორიტარული ქვეყნების მესვეურები.
ამიტომაც, დასანქცირება, მოქალაქეობის ჩამორთმევა და მსგავსი მიდგომები – ეს ექსტრაორდინარული ზომაა დემოკრატიული და ლიბერალური სამყაროსთვის, სადაც ძალიან მაღალი სტანდარტით განიხილავენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, ივანიშვილის უფლებას. ასე მარტივად, რომ აი, დაასანქცირეს და წაართვეს ყველაფერი, დატოვეს უფულოდ – ამ მიდგომის მოლოდინი ძალიან რთულია დასავლური ცივილიზაციის მხრიდან.
უკრაინის კონფლიქტი რომ ავიღოთ: ევროპა თავიდან ლეტალურ იარაღს საერთოდ არ აწვდიდა უკრაინას, არ ჩათვალონ, რომ მხარს ვუჭერთ შეიარაღებულ კონფლიქტსო. ნელ-ნელა შემოდის იმის შეგნება ევროპელ ლიდერებში და შემდეგ ხალხში, რომ ძალას უნდა უპასუხო ძალით.
ამიტომაც, რა თქმა უნდა, ევროპა და აშშ ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ ძალას ის ნეგატიურად, დამანგრევლად ვერ იყენებს რუსეთის მიმართ და ვერც ავტორიტარული რეჟიმების მიმართ.
თქვენ აკრიტიკებდით არჩევნებში ბოიკოტს, ასევე ბოიკოტს პარლამენტში… ახლაც მიგაჩნიათ, რომ არჩევნები ისევ არის პოლიტიკური ცვლილების საშუალება? „ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, – აცხადებს, მაგალითად, „ჯერ საქართველოს“ ლიდერი, ვიქტორ ყიფიანი.
ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა 2025 წელს, ჯერ კიდევ იყო იმის რესურსი, რომ არჩევნები გამოყენებული ყოფილიყო ძალაუფლების ნაწილის გამოსართმევად. ტერმინი „წაგლეჯა“ არ მოეწონათ და ამის გამო დაცინვას ვისმენდით, მაგრამ ეს იყო სწორი აზრი: ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მთლიანად ვერ ცვლი, ნაწილის გაკონტროლების შანსი არსებობდა. ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დემოკრატიული არჩევნები სრულად გაუქმებული.
2020 წლიდან დაიწყო დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა და გზადაგზა ხდებოდა დემოკრატიული ბერკეტების გაუქმება და მოშორება, ახლა ავტორიტარიზმი ყველა ბერკეტს იღებს ხელში, რომლითაც დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა უკვე შეუძლებელი ხდება – არჩევნები არის დემოკრატიის რეალიზაციის ყველაზე მთავარი ბერკეტი. ახლა უკვე ამის შესაძლებლობა იქნება ძალიან მცირე.
პოლიტიკური პარტიების რომც არ გაუქმონ, თავად ეს პროცესი, რომელიც ვითარდება და რომელიც შესაძლოა არც დასრულდეს 1-2 წელი – შესაძლოა, სწრაფად დასრულდეს, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა – შეუძლებელია პრაქტიკულად, რომ მომავალი არჩევნები იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე და სამართლიანი.
შეცდომა იყო თავად ეს მიდგომა: ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლის გარდა სხვა არაფერი! ჩემი აზრით, თუ იქნება ამჯერადაც გამოსვლები და გაფიცვები, არ უნდა იყოს მოწოდება: ხელისუფლება გადადგეს! ამას იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება, რომ აი, გადატრიალება უნდათ. მოთხოვნები უნდა იყოს დემოკრატიული კანონმდებლობის დაბრუნება. ნებისმიერ კანონმდებლობაზე უნდა იყოს გამოსვლები. არ ვიცი, ეს რამდენად ეფექტური იქნება, მაგრამ ვიდრე არსებობს დასავლეთის გავლენა, ალბათ ეს მიმართულება უნდა იყოს ძლიერი და ოპოზიციური ძალები უნდა იყვნენ კონსოლიდირებული.
ოპოზიცია ხალხს უყურებს პრიმიტიულად: ფიქრობენ, რომ ხალხს თუ არ ვუთხარით, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლა გვინდა, სხვა საკითხებზე ხალხი ქუჩაში არ გამოვა. ამ დროს გამოვა ხალხი ქუჩაში თუნდაც კანონის ერთი მუხლის შეცვლის მოთხოვნით, შენ თუ მას კარგად აუხსნი, რატომ არის ეს საჭირო.
მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გააქტიურდეს ისევ ქუჩაში? შესაძლოა, გახდეს პარტიების აკრძალვა „ბრძოლის იარაღი“? ციხეში გამოკეტილი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ „ამის გაფორმება [პარტიების აკრძალვა] ჩვენ გვაძლევს ძლიერი ბრძოლის იარაღს. ჩვენს პარტნიორებს აძლევს კონკრეტულ იარაღს იმისა, რომ იმოქმედონ, აქტიურად იმოქმედონ და აღარ მოიტყუონ თავი, რომ ეს თითქოს რაღაცა დემოკრატიის კრიზისია. არა, ეს არის დიქტატურა!“
მე სიამოვნებით დავეთანხმებოდი ელენე ხოშტარიას, ასე მარტივად რომ იყოს საქმე, მაგრამ მაგალითად, ბელარუსში პოლიტიკური პარტიები საერთოდ აიკრძალა, დისიდენტები ქვეყნიდან გააგდეს, ვინც ქვეყანა არ დატოვა, ყველა ციხეში გამოამწყვდიეს და ამ დროს ძალიან კარგად გრძნობს თავს ლუკაშენკო.
გამოდის, რომ შეიძლება წავიდეს რადიკალიზაციაზე ავტორიტარული რეჟიმი, გააუქმოს პარტიები, მოსპოს სამოქალაქო ორგანიზება, კრიტიკული მედია და ამით მის არსებობას არ დაემუქროს არაფერი, რადგან მას გააჩნია საკმარისი ფული და ძალა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ასევე მხარდაჭერა რეგიონულ კონტექსტში არ დაკარგოს. თურქეთის ოფიციალური პირებისგან გაგიგიათ რაიმე კრიტიკა „ოცნებაზე“? პირიქით, აკრიტიკებენ ევროკავშირს, აკრიტიკებენ ამერიკას და არასდროს საქართველოს ხელისუფლებას არ აკრიტიკებენ დემოკრატიის უკუსვლისთვის.
აზერბაიჯანიც, ოღონდაც გამოჩნდეს რეგიონში ქვეყანა, რომელიც მას დაემსგავსება, სიამოვნებით დაეხმარება.
ამიტომაც, არ არის საქმე მარტივად. ჩვენი ერთადერთი კოზირი არის მოსახლეობის არჩევანი: 80 %-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ საკითხის გარშემო უნდა იყოს აგებული სტრატეგია, მათ შორის, მატერიალური შედეგებზე საუბრით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იძლევა მატერიალურ შედეგს სწრაფად. ევროკავშირის სახელმწიფოში იგივე მინიმალური ხელფასი უნდა იყოს სტანდარტით განსაზღვრული, სახელმწიფოს ამ დროს აქვს მინიმალური სოციალური დაცვის მექანიზმები…
ამ ფაქტორებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რასაც ევროინტეგრაცია პრაქტიკულად მოიტანს. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ კონტექსტში უნდა აკრიტიკონ „ოცნება“, თანაც კონსოლიდირებულად.
მოქალაქეს რა შეუძლია ამ პროცესში, მაგალითად, ქუჩის გამოკითხვის დროს, ოპოზიციის გაუქმებაზე საუბრის დროს, ადამიანებმა გამოხატეს საყვედურიც ოპოზიციის მიმართ, თუმცა ცალსახად იგრძნობოდა განწყობა, რომ ოპოზიცია არ უნდა გაუქმდეს.
მოქალაქეების განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არსებობს იმისთვის, რომ დარაზმო მოქალაქეები. მოქალაქეები რომ გაიყვანო ბრძოლის ველზე და არ ჩაუყენო სათავეში მთავარსარდალი, ქვედანაყოფებს – ოფიცრები, თუნდაც მილიონი იყო გამოსული, არაფერი შეიცვლება.
მილიონიანი არმია ჰყავდა დარიოსს მაკედონელის წინააღმდეგ – მაკედონელს 57 ათასი კაცი ჰყავდა და იმათ მილიონიან არმია – როგორც კი ხელმძღვანელობა დაიშალა, მილიონიანი არმიაც დამარცხდა.
„ოცნება“ გაძლიერდა იმით, რომ შიგნით არის კონსოლიდირებული ერთი და იგივე მესიჯებით, ინარჩუნებენ კონტროლს სასამართლოსა და პოლიციაზე. არ აქვთ არანაირი დაპირისპირება და გახლეჩა.
იმის მიუხედავად, რომ ყოფილი პრემიერი ციხეშია, ან სუსის ყოფილი უფროსი?
ნებისმიერი ავტორიტარულ საზოგადოებაში ეს ასე ხდება – საკუთარი წიაღიდან ხოცავდნენ ხალხს. ეს რეჟიმისთვის ნორმალურია, ავტორიტარული ქვეყნისთვის, ეს არ ნიშნავს, რაღაცის ჩამოშლის წინაპირობას.
ამ ვითარებაში რამდენად არსებობს ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის შესაძლებლობა, ასევე ვის აკრძალვასაც ჯერჯერობით „ოცნება“ არ ითხოვს, მათი ნდობის გაზრდის შანსი?
ახალი პოლიტიკური პარტია შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ნებისმიერ პარტიას აკრძალავ, მაგალითად, „იაბლოკოს“ რუსეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგისტრაცია გაუუქმეს.
იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოში – არჩევნების წინ გაუუქმო რეგისტრაცია იმიტომ, რომ რაღაც წამოგცდა და ეს „ოცნების“ კანონით აკრძალულია. „ოცნებას“ თუ კონტროლის ქვეშ არ ეყოლება ეს პარტიები, მათ გასაქანი არ ექნებათ, რაც უნდა პოპულარული გახდნენ.
თუ ჰგონია ვინმეს, რომ სხვა პარტიები გაუქმდება, ხალხს სხვა გზა არ ექნება და მე დამიჭერს მხარსო – 5 პარტიას რომ უსამართლოდ დახურავენ და აუკრძალავენ პოლიტიკაში მოსვლას, მორალურად რამდენად სწორი იქნება ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა? ამ დროს მორალურად ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა იყოჩაღონ, რომ საზოგადოებაში არსებული პროტესტის პოლიტიკური ორგანიზება მოხერხდეს? თქვენი აზრით, გამოსავალი კარგად ორგანიზებული ქუჩის პროტესტია?
ცხადია, მოქალაქეებს ვერ მოვთხოვთ, რომ მოდი, პროცესები წაიყვანე. როცა რუსული კანონის მიღებამდე სამოქალაქო მოძრაობები გაჩნდა, ეგონათ, რომ პოლიტიკოსები არ იყო საჭირო და ამ დროს რუსთაველი 200-300 ათასი გამოდიოდა. ეს შეცდომა იყო ცალსახად. მსგავსი ტენდენცია „მაიდნის“ დროსაც იყო უკრაინაში, მაგრამ დადასტურებულია, რომ პოლიტიკური პარტიების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება.
მოსახლეობას და პარტიებს შორის უნდა იყოს ხიდი და მონაწილეობა. პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ მან უნდა მართოს ხალხის მოთხოვნები. პარტიამ უნდა იცოდეს გზები, რაც აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს. ხალხს აქვს ნათქვამი, რომ აი, ჩვენი მიზანი არის ეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ხალხის მიზნები ასრულდეს. ეს მარტივი საქმე არ არის.
მით უმეტეს ამ მოცემულობაში არაა მარტივი, როცა ლიდერების ნაწილი ციხეშია, ზოგს დაჭერას უპირებენ და პარტიებს კრძალავენ.
ამიტომაც, არაორდინალური ხალხის ჩართვაა საჭირო ამ პროცესში. ამას სჭირდება არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. ამ მდგომარეობაში, სადაც შეიყვანა თავი ქვეყანამ, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმა, ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას, რომ აქედან გამოვიდეთ.
პარტია არ დარჩა, რომ, მაგალითად, ფედერალისტებმა არ გალანძღეს. რანაირად უნდა მოხერხდეს ამ ვითარებაში კონსოლიდაცია? ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა არ უწოდეს „ლელოს“ და გახარიას პარტიას იმის გამო, რომ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
კონსოლიდაცია ვერც 2024 წელს მოხერხდა. ჯერ კიდევ ეგოიზმი და ამბიციებია წინა პლანზე.
„ოცნებას“ აქვს უკვე რეგიონული უპირატესობა – გარშემო ავტორიტარული მმართველობებია. მას ეს უპირატესობა აქვს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მინიმუმ 70 % პროევროპულია. დღეს ამ რეგიონულ კონტექსტიდან ამოვარდნა და ისევ ევროპისკენ მიმავალ გზაზე დადგომა ბევრად უფრო რთულია.
„დროას“ ლიდერი, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმიანება ოპოზიციური პარტიების გაუქმების სარჩელს, რომელიც „ოცნებამ“ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებაა სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ.
ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ქონია.
ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვეუბნება, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ მოვიპოვეთ სახელმწიფო 9 აპრილს, საქართველო აღარ იარსებებს, მსგავს სახელმწიფოებში ადამიანები არიან უბედურები და ამის ხმამაღლა თქმაც კი ეკრძალებათ“ – წერს ელენე ხოშტარია.
იგი მიიჩნევს, რომ ოცნების გადაწყვეტილება არის ხაზგასმით და დემონსტრაციულად ანტიევროპული:
„რა თქმა უნდა, მათ ეს პროცესი დაამთხვიეს ევროპაში მსჯელობას. რა თქმა უნდა, სარჩელის შინაარსში ჩაწერილია და ზოგადად სასამართლო პროცესებში ევროპა გამოცხადებულია მტრად. რა თქმა უნდა, ეს ხდება ევროპის ლანძღვის ფონზე და ევროპული წესების სრული განადგურებით. ეს უბრალოდ კი არ უგულებელყოფს, არამედ მიზნად ისახავს დასავლეთთან დაპირისპირებას, რაც ასევე ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროა.
ეს გადაწყვეტილება არის მცდელობა რუსეთის გეოპოლიტიკური გამარჯვების.
დღეს, რუსეთს, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი გავლენა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მარცხდება უკრაინაში, ჭირდება თვალსაჩინო წარმატების შემთხვევა და ამ პროცესის დაჩქარება ხდება მათ შორის რუსეთის ამგვარი დაკვეთით, რომ სწრაფად მომთავრდეს საქართველოს საკითხი და რუსეთმა გამოიყენოს, როგორც რეგიონში გამარჯვების შემთხვევა, ამას კი ჭირდება ხაზგასმით ყველაფერი ევროპულის განადგურება ქვეყანაში: კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების, ოპოზიციის, ენჯეოების. აი ამ ამოცანას ემსახურება ეს გადაწყვეტილება.
ბიძინამ მომთავრება არაერთხელ ცადა.
ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა.
შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.
შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა.
შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა.
ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება.
ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა. 25 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე თსუს პირველ კორპუსთან.
პ.ს პარტია „დროაც“, როგორ კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და, რა თქმა უნდა, დროა კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ოცნების განადგურების სხდომებში“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ელენე ხოშტარიას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
რა ხდება?
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
ბათუმში ავგიის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ქართული ოცნების დეპუტატის, გია ჭყონიას დაფუძნებული კომპანია შპს „გზა“ შეასრულებს.
ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით კომპანია გამარჯვებულად უკვე გამოავლინეს და ხელშეკრულების დასადებად მიიწვიეს.
შპს „გზა“ -ს 100 პროცენტს „ჯი აი კაპიტალი“ ფლობს. ბიზნესმენმა და „ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ჭყონიამ რვა კომპანიაში საკუთარი წილები სწორედ შპს „ჯი აი კაპიტალს“ განვადებით მიჰყიდა. „ჯი აი კაპიტალი“ გიორგი ჭყონიას შვილების კომპანიაა. გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიები ყოველწლირად მილიონობით ლარის ღირებულების ხელსშკრულებებს აფორმებენ სახელმწიფო სტრუტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგად.
სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველომ პირველ ოქტომბერს გამოაცხადა, საწყისი ღირებულება 14 მილიონ 569 370 ლარი იყო. კომპანიამ სამუშაოების შესრულება 13 მილიონ 768 000 ლარად შესთავაზა მერიას.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 3 463 კმ. სიგრძის გზის დაზიანებული ტრასის დემონტაჟი და ახლის მოწყობა.
ბათუმის მერია დოკუმენტებში წერს, რომ არსებული სავალი გზის ნაწილი დაბზარული, დეფორმირებული და დაზიანებულია. ტენდერი ითვალისწინებს ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და უსაფრთხოების ელემენტების მოწყობას.
ტენდერის პირობების მიხედვით სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 36 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. გარე განათებაზე ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
შესრულებულ სამუშაოებზე, ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას, მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია 2 (ორი) წლის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.
ავგიას გზის მოწყობას მოსახლეობა უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავგიას გზის რეაბილიტაცია და ასფალტ- ბეტონით მოპირკეთება 2021 წელს დაგეგმა, 2023 წელს სამუშაოები შეისყიდა, თუმცა გზები არ გაუკეთებიათ, მხოლოდ საყრდენი ხელოვნური ნაგებობები მოაწყვეს, რაშიც 944 ათასი ლარი დაიხარჯა.
ოთხი შვილის დედა, გურანდა თათეიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ქალი სოციალურად დაუცველია და შვილებს მარტო ზრდის. შშმ დედა ამბობს, რომ ბავშვები ფაქტობრივად შიმშილობენ.
გურანდა თათეიშვილი შვილებთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ „სოციალურის“ უდიდესი ნაწილი ბინის ქირაში მიდის, ხოლო ბავშვებისთვის საჭირო საკვების და წამლის ფული აღარ რჩება.
„ოთხი შვილი მყავს. იმის გამო, რომ მიჭირდა, წლების განმავლობაში ჩემი შვილები მინდობით აღზრდაში იყვნენ. უფროსი შვილი დღემდე მინდობით აღზრდაშია. სრულწლოვანი გახდა უკვე და აღმზრდელ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩემთან ერთად ნაქირავებში ჩემი სამი შვილია – 9, 11 და 15 წლის ასაკის ბიჭები.
წარმოშობით წყალტობოდან ვარ. ჩემს მშობლიურ სახლში ჩემი ძმა და დედაჩემი ცხოვრობს, პატარა ქოხია. სადმე წასასვლელი არ მქონდა. ბინა ვიქირავე ქუთაისში, 600 ლარს ვიხდი. ამ 600 ლარიდან 300 ლარის გადახდაში მეხმარება წყალტუბოს მერია, ხოლო 300 ლარს სოციალური დახმარებიდან ვამატებ.
თუმცა აღარ მრჩება ფული საჭმლისთვის, წამლებისთვის და ბავშვების ტანსაცმელისთვის. წელს სკოლაში სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით გავუშვი. გუშინწინ პატარას ფეხსაცმელი აუძვრა, წებო ვიყიდე, დავუწებე და ისე დადის. სანამდე გაუძლებს არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ გურანდა თათეიშვილმა.
4 შვილის დედის თქმით, ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე ცხოვრობს და მიიღებს ნებისმიერი ადამიანის დახმარებას, ვინც გადაწყვეტს ოჯახს საკვებით, ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტებით და ტანსაცმელით დაეხმაროს.
„ბათუმელები“ გურანდა თათეიშვილის ნებართვით აქვეყნებს მის პირად ნომერს: 53001037485
საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმსაქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ პოზიციას უსვამს ხაზს.
Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. ჯილდოს ფარგლებში ყურადღება ექცევა ბანკების ფინანსურ შედეგებს, ინოვაციებს, კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებასა და ბაზარზე გავლენას.
Euromoney-ის შეფასებით, 2025 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა სავალუტო მომსახურება და ციფრული შესაძლებლობები, მათ შორის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სავალუტო ოპერაციების მიმართულებით. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 2025 წელს 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ბანკის სავალუტო მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდიოდა.
Euromoney-ის მიერ თიბისის საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. სავალუტო ბაზარი გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, სადაც წარმატებას განსაზღვრავს როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების უნარი. ამ მიმართულებაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელება ადასტურებს, რომ თიბისის სავალუტო მომსახურება და შესაძლებლობები საერთაშორისო, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის შეფასებითაც საუკეთესოა.
ექსკლუზიური სადაზღვევო შეთავაზებები ჯიპიაისგან VISA Premium ბარათების მფლობელებისთვის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და VISA-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პარტნიორობის მიზანია VISA-ს პრემიუმ ბარათების მომხმარებლებმა დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი და გამორჩეული სადაზღვევო შეთავაზებები მიიღონ.
მემორანდუმის ფარგლებში პირველი მასშტაბური შეთავაზება ავტოდაზღვევის მიმართულებით იქნება. VISA-ს და ჯიპიაის თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც 15 ოქტომბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ჯიპიაის ავტოდაზღვევას შეიძენენ ან არსებულ პოლისს განაახლებენ და პოლისის ღირებულებას Visa Signature ან Visa Infinite ბარათით გადაიხდიან, ავტომობილის მოვლის სერვისებზე პრემიუმ შეთავაზებებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ:
თბილისის ზონალური პარკირების უფასო საათები;
ფასდაკლება რეცხვაზე;
ფასდაკლება საწვავზე (Visa Infinite-ის მფლობელებისთვის SOCAR Prime-ის უფასო გამოწერა, 30 თეთრი ლიტრზე);
Voovly-ს პრემიუმ პაკეტი (რეცხვაზე და სასურველ ავტოსერვისში წაყვანა უფასოდ, ადგილზე რეცხვა სპეციალურ ფასად).
პაატა ლომაძე ,ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : Visa-სთან არაერთი წარმატებული ერთობლივი პროექტი გვაკავშირებს და ახალი მემორანდუმი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა. ამჯერად ჩვენი მიზანია, პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი გავხადოთ და მომხმარებლებს ისეთი ერთობლივი შეთავაზებები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზღვევით სარგებლობას გაუმარტივებს და რეალურ დამატებით ღირებულებას შეუქმნის. ავტოდაზღვევი მიმართულება ჩვენთის პრიორიტეტულია, ბაზარზე გამორჩეული პროდუქტი გვაქვს, მხოლოდ ჯიპიაის ავტოდაზღვევის მფლობელებს ყავთ პირადი ავტოექსპერტი Voovly-სგან , რომელსაც პირადი კაბინეტიდან ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიწერონ მანქანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გატანონ მას მანქანა ნებისმიერი სერვისისთვის და თვითონ დაზოგონ დრო. ჩვენი ხედვით ავტოდაზღვევა მანქანაზე ყოველდღიური ზრუნვაა და ეს თანამშრომლობაც ამ პროცესის ნაწილია, Visa-სთან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ავტოდაზღვევის ფლობის გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ და მომხმარებლებს მეტი არჩევანი, კომფორტი და სარგებელი შევთავაზოთ.
VISA GEORGIA :
ერთობლივი აქციის ფარგლებში ვიზას პრემიუმ ბარათების მომხმარებლები ავტოდაზღვევის შეძენისას ავტომატურად ერთვებიან ჯიპიაის ლოიალობის პროგრამაში. შემდეგ კი საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი სარგებელი. ჯიპიაის ლოიალობის პროგრამის ბრუნოს გაზრდილი ქულები , ან ავტომობილის მოვლის პრემიუმ სერვისების პაკეტი.
ბრუნოს ქულების არჩევის შემთხვევაში Visa Signature ბარათით გადახდისას მომხმარებელს სტანდარტული 5%-ის ნაცვლად 6% ბრუნოს ქულა დაუგროვდება, ხოლო Visa Infinite ბარათის მფლობელს 7%. ამ ქულების გამოყენებით მომხმარებელი დაზღვევის შეძენას ან სადაზღვევო პრემიის გადახდას შეძლებს.
პრემიუმ პაკეტის არჩევის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები Voovly Premium, თბილისის ზონალური პარკირების უფასო საათები, ავტომობილის რეცხვასთან დაკავშირებული დამატებითი სარგებელი და სხვა სპეციალური პირობები. Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის შეთავაზება ასევე მოიცავს SOCAR Prime-ის სრულ უფასო გამოწერას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით Visa-სა და ჯიპიაი ჰოლდინგის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. კომპანიები სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას და მომხმარებლებისთვის ახალი ერთობლივი შეთავაზებებისა და სერვისების განვითარებას გეგმავენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს საწარმოო პროცესი შეუჩერა დარღვევების გამო.
სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N5, ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.
„ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი“ – წერს სააგენტო.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ძლიერი წვიმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის ბიჭი, რომელიც დატბორილ პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა და 34 წლის მოქალაქე, რომელსაც ტროტუარზე ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა.
ოფიციალური ცნობებით, დაფიქსირდა 1277 წყალდიდობა, 15 მეწყერი, ათეულობით შემთხვევა, როცა ადამიანები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ, ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა 800-ზე მეტი სახლი.
ძლიერმა წვიმამ დატბორა გზები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები მთელი სტამბოლის მასშტაბით.
გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა ამინდთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ 2500-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს.
სტამბოლში აიკრძალა მოტოციკლებით გადაადგილება, სკოლები ორი დღით დაიხურა. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა გაავრცელა გაფრთხილება, რომლითაც სიფრთხილისაკენ მოუწოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალაქის აზიურ მხარეს.
სტამბოლის გუბერნატორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლში ბოლო 84 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.
არახელსაყრელი ამინდის გამო, სტამბოლის აეროპორტებში 46 თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ შეძლო, ავიარეისები გადაიდო.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტამბოლში 14 ოქტომბრის ღამეს დაწყებული ძლიერი წვიმა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
________________
ფოტოზე: კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან
დღეს, 15 ოქტომბერს, დილით, შავი ზღვის რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ხანძარი გაჩნდა სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Wine Trader-ზე.
მედიის ცნობით, გემი სტამბოლიდან მოდიოდა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების საზღვართან იმყოფებოდა, როდესაც დილის 7 საათისთვის ეკიპაჟმა აფეთქებებისა და გემის ზედნაშენში გაჩენილი ხანძრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ეკიპაჟის 12 წევრიდან 8 დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ეკიპაჟის წევრები.
რუმინული მედიის ცნობით, ინციდენტს წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, ნატოს წევრი ქვეყნების, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან, დრონების თავდასხმები განხორციელდა სულ მცირე ხუთ სატვირთო გემზე. ამ თავდასხმების შედეგად 23 მეზღვაური დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო შემთხვევისგან განსხვავებით, წინა შემთხვევები ნატოს ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს, თუმცა მათ გარეთ მოხდა, ბულგარეთის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში.
ბულგარეთი აცხადებს, რომ მის ტერიტორიულ წლებში დრონებით თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. ბულგარეთის მთავრობამ ამ საკითხის განსახილველად რუსეთის ელჩიც დაიბარა.
„ბოლო დროს ხშირად გვესმის – „დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა“. მშობლები იღებენ ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა ამის აფიშირება ოჯახის წევრების მხრიდან არ ხდება, რადგან მალავენ, რომ ადამიანი ზედოზირებით გარდაიცვალა“, – ამბობს ნარკოლოგი, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, ზურაბ სიხარულიძე.
რა იციან თავად მომხმარებლებმა სასიკვდილო ნარკოტიკების შესახებ და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ნაარკოტიკის მოხმარების შემცირებას ქვეყანაში? – სწორედ ამ პრობლემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ზურაბ სიხარულიძეს.
ბატონო ზურაბ, როგორ შეიძლება აღვწეროთ ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოში გვაქვს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით. რა კლავს ახალგაზრდებს თუ არსებობს ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია?
სამწუხაროდ, ბოლო დროს ბაზარზე შემოსული ნარკოტიკის შემადგენლობა არავინ იცის. მიუხედავად იმისა, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა ქვეყანაში.
სტატისტიკურად რამდენი პროცენტია ზრდა, ეს არ ვიცით, რადგან არავინ არ აკეთებს ამის კვლევას და ვართ სრულ სიბნელეში. ის, რომ ვიცოდეთ რა ნარკოტიკია, რით გარდაიცვალა ზედოზირების დროს, რამდენი გარდაიცვალა, რა აღმოჩნდა ტოქსიკოლოგიური კვლევის დროს, კარგი იქნება პრევენციისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ზოგადად გვიწევს ამაზე საუბარი.
სხვა ქვეყნებში, სადაც არის ეს სისტემები ამუშავებული ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდებს ვამბობთ მხოლოდ და კლინიკური სურათის გათვალისწინებით, ანუ რასაც გვიყვებიან ახლობლები, რომ „დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა“, ვთქვათ და რა სიმპტომები გამოვლინდა.
სასაფლაოებზე რომ გაივლი, სულ ახალგაზრდების სურათებია და ეს სულ ამ წლებში გარდაცვლილების, მაგრამ ოჯახები ამაზე არ საუბრობენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დასკვნა რომელსაც ექსპერტიზის შემდეგ აძლევენ, არ აფიშირდება. ანუ ოჯახი მალავს რა ზედოზირებით გარდაიცვალა.
მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ვინც ლაპარაკობენ ამაზე ღიად.
კი, მაგრამ, რა ოპიატი იყო არ ვიცით. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს არის ფენტანილი ან ახალი სინთეზური ნარკოტიკი, რომელმაც ბევრი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია სხვა ქვეყნებში. ანუ ისეთი ახალი გენერაცია, რომელიც ფენტანილზე უფრო ძლიერია.
თქვენ ახსენებდით ციკლორფინს, სინთეზურ ოპიოდს და ამაზეა საუბარი?
დიახ. დაახლოებით ერთი წელია რაც ევროპაში, ამერიკაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოჩნდა აქტიურად. მზადდება კუსტარულად, მაგრამ არ არსებობს ტესტები ამაზე. არ ჯდება არც ფენტანილის ტესტზე და არც მეტადონის ტესტზე. ანუ სპეციალური ტესტი სჭირდება ამას, რომ გამოიკვლიო რეალურად ეს ნივთიერება არის თუ არა.
დღეს შავი ბაზრის მოქმედება საერთოდ შეიცვალა, წარმოებაში ჩართული ჰყავთ მაღალი კვალიფიკაციის ქიმიკოსები, რომლებიც იგონებენ ამ ახალ-ახალ სინთეტიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წინა.
ეს მომაკვდინებელი კომპონენტი რაში სჭირდებათ, როგორ ფიქრობთ?
ადამიანი რომ მოკლას, ამაზე არ არის გათვლილი, უბრალოდ, უფრო მეტი შეგრძნებები აქვს ამ ახალ ოპიოდს და მათი მიზანია უფრო მეტი ადამიანი გახდეს ამაზე დამოკიდებული. ადამიანები რომლებიც მოიხმარენ, მათ ხომ არ იციან დოზირება. არადამოკიდებული ადამიანები ყოველთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან როცა არ არის ადამიანი დამოკიდებული, მისი ორგანიზმის ტოლერანტობა არის ძალიან დაბალი ამ ნარკოტიკის მიმართ.
და ზოგადად, ოპიატი არის ზედოზირების მაღალი რისკის მქონე ნარკოტიკი – ცენტრალურად მოქმედებს, თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, ჯერ ჩერდება სუნთქვა, მერე გული და ადამიანი გარდაიცვლება.
მაგალითად, ახლა ბალტიისპირეთში აღმოჩნდა ის, რომ დიაზეპამის და ქსანაქსის ტაბლეტებში იყო შერეული ახალი ტიპის ოპიატი, ნეოთიაზიდები. პრეგაბალინში იყო შერეული ეს სინთეზები და შესაბამისად, ეფექტი რა თქმა უნდა მაღალია. არადამოკიდებული ადამიანი, რომ დალევს დავუშვათ დიაზეპამის ტაბლეტს და იქ აღმოჩნდება ოპიატი, რა თქმა უნდა უზარმაზარი რისკის ქვეშაა.
ანუ პირველი მოხმარების შემთხვევაშიც შეიძლება დასრულდეს ლეტალურად?
ეს ძალიან საშიშია მათთვის, ვინც პირველად მოიხმარს, მაგრამ ოპიატის ბუნება ზოგადად ისეთია, რომ ადამიანები, რომლებიც იწყებენ მოხმარებას, ხდებიან მასზე დამოკიდებული – შემდგომში ის იწვევს მძიმე ფორმის აბსტინენციას და ისინი იძულებულები არიან კვლავ და კვლავ მოიხმარონ ეს ნარკოტიკი.
ეს ის არ არის, რომ დღეს მოვიხმარე და ხვალ არ მინდა – ისინი იძულებული არიან კვლავ და კვლავ მოიხმარონ ეს ნარკოტიკი. ახალი ტიპის ოპიატები მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ადამიანი უფრო მალე ხდება მასზე დამოკიდებული.
ხშირად გვესმის, რომ ცუდად მყოფი ადამიანი მიატოვეს, როცა გონებას კარგავს და ვერ აფხიზლებენ, რამაც საბოლოოდ ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა აღმოუჩინონ პირველადი დახმარება, რა ნაბიჯებია უნდა გადადგან მასთან მყოფმა პირებმა, რომ გადარჩეს ადამიანი?
პირველ რიგში, არ უნდა დატოვონ ადამიანი მარტო, მაგრამ მათ აქვთ საშინელი შიში იმის, რომ სასწრაფოს მოჰყვება პოლიცია. თუმცა მე ყოველთვის ვამბობ, რომ სიკვდილს დაჭერა ჯობია.
გარდა ამისა, არც იციან, რომ არსებობს პრეპარატი, ნალოქსონი, რომელიც უნიკალური ანტიდოტია ოპიატების ზედოზირების დროს. არსებობს ნაზალური სპრეები, რომელიც ასევე ეფექტურია გამოსაფხიზლებლად. გალურჯებული რომ არის ადამიანი, იმასაც რომ შეასხურო ეს სპრეი, 15-20 წუთში აფხიზლებს, მაგრამ ჩვენთან ეს ნალოქსონის სპრეი საერთოდ არ იშოვება.
ამერიკაში სადარბაზოებში დევს პირდაპირ და ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. არც ისეთი ძვირია.
ჩვენთან რატომ არ შემოაქვთ?
არ ვიცი. ეს პრეპარატი მხოლოდ ზიანი შემცირების ქსელს ჰქონდა და ურიგებდა წამალდამოკიდებულ ადამიანებს. მათ უდევთ ეს ჯიბეში ან ჩანთაში.
ახლა მგონი დეფიციტშია, რადგან სამჯერ გამოცხადდა ბაზრის კვლევა ამაზე და ჯერ ამ ქსელისთვისაც კი ვერ შეიძინეს.
დახმარებაზე რომ განვაგრძოთ, პირველ რიგში უნდა დავრეკოთ 112-ში და არ მივატოვოთ ადამიანი. ზედოზირება რომ მოხდა, შეუძლია საერთოდ არ უთხრას ოპერატორს და უთხრას, რომ გონება დაკარგა.
შემდეგ, გვერდზე უნდა დააწვინონ პაციენტი, რადგან ღებინება რომ იყოს, ეს მასები არ მოხვდეს ფილტვში, რადგან იწვევს სერიოზულ გართულებას ზედოზირების დროს.
უნდა ეცადო, რომ არ წავიდეს პაციენტი ღრმა ძილში და უნდა გამოაფხიზლონ. თუ ხედავენ, რომ სუნთქვის პრობლემაა, ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩაუტარონ.
შხაპში შეყვანა ამ დროს არ შეიძლება, რადგან საშიშია და ეს შესაძლოა ცუდად დამთავრდეს. შემოლაწუნება და ცივი წყლის შესხურება შეიძლება, მაგრამ ყველაზე მეტად საჭიროა ნალოქსინი და 112.
ჩვენი, ექიმების ძალისხმევით, ექსპერტების, ნარკოლოგების, არასამთავროების ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ ნალოქსინი ამოვაღებინეთ რეცეპტურიდან და პირველადი დახმარების კალათაშია, მაგრამ ახლა რომ დარეკო ნებისმიერ ქსელში, ნალოქსონი არსად არ არის.
თქვენი აზრით, ამას უკავშირდება გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი?
ამასაც და პოლიციის შიშსაც. მერე იწყება პანიკა, არ იციან, როგორ დაეხმარონ ადამიანს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ასევე ის, რომ ზედოზირების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მალავს. ახლა რომ მიწეროთ სამხარაულს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენი ზედოზირება იყო ქვეყანაში, არანაირ პასუხს არ მოგცემენ, რადგან როცა ზედოზირება მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს.
ფაქტობრივად, ის ქმედებები, რასაც ახორციელებენ, არის ფუჭი, რადგან ადამიანები კვდებიან.
შსს გვერდებს თუ შევხედავთ, 10-იდან 9 ნიუსი დიდი ოდენობით ნარკოტიკების ამოღებაზეა. 100-500 მილიონის ნარკოტიკებიც ამოუღიათ. რამ გამოიწვია ამხელა შემოდინება?
მოთხოვნაა და ეს არ გაჩერდება. მე ასეთი დიდი ოდენობით შემოსული ნარკოტიკი ადრე არ მახსოვს, მაგრამ შსს აკეთებს თავის საქმეს და ძალიან კარგია, რომ იღებს ნარკოტიკებს, მაგრამ ეს არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა.
კობახიძეს რომ ჰკითხა, ოპოზიციამ რა ნაბიჯები გადადგით ზიანის შესამცირებლადო, მან სახელმწიფოს მიღწევად დაასახელა ის, რომ თერაპია გადავეცით სახელმწიფოს და ფასი გავზარდეთო. ეს არის სრული აბსურდი.
ქვეყანაში არანაირი ნარკოტიკის დეფიციტი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 533 ტონა ნარკოტიკი გაანადგურეს ერთ წელიწადში. ეს არის კატასტროფა.
ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიცია, ყველაზე კარგ შემთხვევაში იღებს შავ ბაზარზე რაც ტრიალებს იმის დაახლოებით 20-30%-ს. ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში 10-დან 20%-მდეა ამოღება. ანუ ეს 535 ტონა არის იმ ნარკოტიკების მხოლოდ 10-20%-ი, რაც შავ ბაზარზე ტრიალებს.
როგორც ამბობენ, ნარკოვაჭრობა თავისუფლად ხელმისაწვდომია ონლაინშიც. კომენტარების გასაკონტროლებლად თუ შექმნეს უწყება, ნარკოვაჭრობის საკონტროლოდ არ აქვთ რესურსი? რატომ არ აკონტროლებენ?
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიოს პრობლემა. ზოგადად, დარქნეტი ძალიან კარგად მუშაობს და არავინ იცის, ვინ არის მყიდველი ან გამყიდველი. კრიპტოვალუტით ვაჭრობენ და თუ არხს რაიმე საშიშროება ექმნება, ახალ არხებს ხსნიან.
ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ არის ძალიან მაღალი მოთხოვნაა ნარკოტიკზე. ანუ ძალიან ბევრი ადამიანია მომხმარებელი და ბევრად უფრო მძიმე სურათი გვექნება, თუ სახელმწიფომ არ იფიქრა ზიანის შემცირებაზე, მკურნალობა – რეაბილიტაციაზე, პროფილაქტიკაზე.
როგორც შსს დებს 9 ნიუსს ნარკოტიკის ამოღებაზე, ასე უნდა დადოს ჯანდაცვის სამინისტრომაც 9 ნიუსი, თუ რას აკეთებს ამ მიმართულებით, რამდენი ადამიანი ჩართო თერაპიაში, რამდენს უმკურნალა, რამდენი პრევენციული ღონისძიება გაატარა, როგორც იმუშავა სკოლებში ახალგაზრდებთან, როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა ხელმისაწვდომობა არის სპორტულ დარბაზებზე და ასე შემდეგ.
ეს არის ქვეყნის სტრატეგია და არა ცალკეული ვითომ ღონისძიებები, რომელსაც საჩვენებლად აკეთებენ.
თქვენ თქვით, რომ ბაზრის კვლევა არ არსებობს. ოდესმე თუ ჩატარებულა ეს კვლევა?
არასოდეს არ ყოფილა. თუმცა იყო ერთი მომენტი, როცა იუსტიციის სამინისტროში არსებობს ასეთი ორგანიზაცია EMCDDA (European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction), რომლის დანაყოფიც გაიხსნა საქართველოში და მათ ევალებოდათ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააკეთეს ბაზრის კვლევა, რომელიც არც გამოუქვეყნებიათ.
მაგრამ შსს მონაცემებიდან ისედაც ვხედავთ, რა რაოდენობის ნარკოტიკი არსებობს ქვეყანაში. თუმცა მაინც მგონია, რომ გარკვეული ინფორმაცია იმალება და უცნობი ნივთიერებების დასახელებებს არ წერენ [რელიზებში].
პოლიციური ღონისძიებები და ჯანდაცვის, სპორტის სამინისტროს მოქმედებები თანხვედრაში უნდა იყოს. ცალკე ადამიანი ამას ვერ იზამს, რადგან ნარკოპოლიტიკა შედგება ოთხი ძირითადი სვეტისგან, ეს არის მოთხოვნის შემცირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია.
ამათ თვითონ შემოიტანეს 30 მლნ ლარის პრეპარატები და გაყიდეს. როგორც თავად თქვეს, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები იყვნენ ამაში ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ მფარველები ჰყავთ ნარკორეალიზატორებს ხელისუფლებაში და 14 დღიანი რეცეპტები რომ შემოიღეს, ჰგონიათ ამით ებრძვიან ნარკოვაჭრობას?
ცოდნა არ გააჩნიათ საერთოდ და ჰგონია, რომ აკრძალვით, რეპრესიით, დაჭერით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტენ.
14 წლის ასაკიდან არიან მომხმარებლები, თუმცა ძირითადად არიან 16-დან 35 წლამდე ადამიანები. მსოფლიოში კონცეფციები არსებობს პრევენციის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ზიანის შესამცირებლად და ჩვენც გვაქვს მიღებული 2030 წლამდე ნარკოსტრატეგია. რომ წაიკითხოთ, გაგინათდებათ გული ისეა დაწერილი ყველაფერი, მაგრამ ორი პუნქტიც არ შესრულებულა ამ სტრატეგიიდან.
ან რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა მესამე თვეა დაკეტილია სახელმწიფო ნარკოლოგიური დაწესებულება.
რატომ დაკეტეს?
არ ფუნქციონირებს, არ არის სათანადო კადრი, ვერ შეითანხმეს ვერავინ, ვინც მივიდა ორ კვირაში გაიქცა და მესამე თვეა ვერ გახსნეს დაწესებულება, რომელიც ემსახურება ნარკოლოგიის პრობლემას, ალკოჰოლიზმს, ნარკომანიას, ზედოზირებას და ასე შემდეგ.
აანონსებენ რაღაც ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებების და ნარკოლოგიურის გახსნას, ახალი კორუფციული სქემაა ალბათ. ძველი ვერ ამუშავეს და ახალს აამუშავებენ? ზარ-ზეიმით გახსნეს საუნივერსიტეტო კლინიკა და ჯერ პაციენტების მიღება არ დაუწყია. სრულიად მოშლილია ყველაფერი.
გაჩნდა სრულიად გაურკვეველი კლინიკები, არც ლიცენზია აქვთ, არც სპეციალისტები ჰყავთ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხომ გაიხსნა სავალდებულო მკურნალობის განყოფილება, მილიონები გადაიხადეს რემონტში და ზუსტად 5 თვეში დაკეტეს. გადაიტანეს ქუთაისში და არც ის ვიცით იქ რა ხდება. აბსოლუტურად მოშლილია სისტემა და ამას ეძახიან რეფორმას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
მედიის თანახმად, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება ე.წ. ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ, რაც გულისხმობდა შეტევის შეჩერებას ენერგოობიექტებზე ორივე მხრიდან, თუმცა რუსეთმა გააგრძელა შეტევა.
ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ დარტყმების შეჩერების მიუხედავად, ქვეყნის თავდაცვა 14 ოქტომბერს დარჩა რაკეტების შესახებ ამერიკული ადრეული გაფრთხილების სისტემების გარეშე და ილონ მასკის Starlink-ის საკომუნიკაციო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რაც ხელს უშლიდა ფრონტის ხაზზე სამხედრო ოპერაციებს და საშუალო რადიუსის დარტყმებს რუსულ ძალებზე.
რა ხდება?
დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებდა და ინდოეთს ტარიფები დაუწესა რუსული საწვავის შეძენის გამო, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციებს 7 აპრილამდე აჩერებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა 300 000 ტონა დიზელის დაუყოვნებლივ გამოშვებას „ამერიკულ და გლობალურ ბაზარზე“, 500 000 ტონის — ნოემბერში, კიდევ ერთი მილიონის კი- ამის შემდეგ. ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ რუსული დიზელის კიდევ სამი მილიონი ტონის „მოკლე პერიოდში“ მიწოდება დამოკიდებული იქნება ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის თავდასხმის ქვეშ არიან.
მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც წელს დიზელის ექსპორტზე აკრძალვა შემოიღო, მზად იყო ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მოემარაგებინა როგორც აშშ-ის, ასევე მსოფლიო ბაზრები, თუმცა მის განცხადებაში რაოდენობა არ იყო მითითებული.
დიზელის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა თებერვალში ომის დაწყებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა დონალდ ტრამპი გლობალურ კრიზისში რუსეთ-უკრაინის ომს ადანაშაულებს. რუსეთთან შეთანხმება ტრამპის მცდელობაა, აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასები შეამციროს, თუმცა, დარგის ექსპერტების შეფასებით, დასახელებული რაოდენობები ფასზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დარტყმებით უკრაინამ ზიანი მიაყენა დიზელის საწვავის გლობალურ მომარაგებას.
„ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის“, — განაცხადა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
იმერეთში მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა.
„დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 559 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 880. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 414 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 537 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 51 233 ერთეული [+38]
MLRS – 2 216 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 707 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 564 897 ერთეული [+1 308]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 955 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 163 324 ერთეული [+435]
სპეცტექნიკა – 4 830 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 130 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიებს არ კრძალავენ. პოლიტიკური პარტიები იკრძალება ტოტალიტარულ რეჟიმებში.
საქართველოს უკვე აქვს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის და განადგურების გამოცდილება.
1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა დაიწყეს „ზრუნვა“ მოესპოთ დაპყრობილ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და გაექროთ ყველა, ვინც მათ იდეებს არ იზიარებდა.
ბოლშევიკებს პარტიების საბოლოო აკრძალვისთვის წლები და მძიმე რეპრესიები დასჭირდათ.
ოკუპაციის პირველ წლებში შეიქმნა ასეთი ვითარება – ლეგალურად არსებობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პარტიებს, ვინც აღიარებდა საბჭოთა ხელისუფლებას და თანამშრომლობდა მასთან. ბოლშევიკებმა მოახერხეს ზოგიერთი პარტიის შიგნით განხეთქილების შეტანა (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტები და მემარცხენე ესერები), რომელთა ნაწილმა დაიწყო თანამშრომლობა რეჟიმთან და მიიღო პრესისა თუ ორგანიზაციული საქმიანობის შეზღუდული უფლება.
წამყვანი პარტიები (სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტთა ძირითადი ნაწილი), რომლებიც არ ცნობდნენ ოკუპაციას, უმკაცრესი სამხედრო-საგანგებო ზომებით გაანეიტრალეს.
აიკრძალა მათი პრესა, შეკრებები და კონფერენციები. 1921 წლის აპრილ-მაისში დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებების პირველი ტალღა.
პარტიები იძულებული გახდნენ სრულად იატაკქვეშეთში გადასულიყვნენ.
1922 წლის დასაწყისში შეიქმნა ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი – „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ (დამკომი). ხოლო 1922-1924 წლებში ბოლშევიკებმა მოახერხეს და პარტიებმა დაიწყეს ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ კამპანია.
საბჭოთა ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის მიზანი იყო არა უბრალოდ პარტიების აკრძალვა, არამედ პროპაგანდისტული სურათის შექმნა, თითქოს ქართველმა პოლიტიკოსებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი საკუთარ იდეოლოგიაზე და თავად დაშალეს პარტიები.
ე.წ. „ჩეკა“ მეტეხის ციხეში მყოფ ასობით პოლიტპატიმარს აწამებდა, აშანტაჟებდა და ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებით აიძულებდა, ბოლშევიკურ პრესაში მოენანიებინათ საკუთარი წარსული და პარტია დაეტოვებინათ.
შედეგად, 1923 წლის აგვისტოში თბილისში გაიმართა „ყოფილი მენშევიკების“ თეატრალიზებული ყრილობა, სადაც პარტიის „თვითლიკვიდაცია“ გამოცხადდა. ანალოგიური სცენარით გააუქმეს სხვა პარტიებიც, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები და თვით კოლაბორაციონისტი მემარცხენე მოკავშირეებიც კი, რომლებიც კომპარტიას შეუერთეს.
1924 წლის დასაწყისისთვის საბჭოთა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიები აღარ არსებობდნენ.
ირაკლი ხვადაგიანი
ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი ირაკლი ხვადაგიანი „ბათუმელებთან“ საუბრობს თუ როგორ გაანადგურეს ბოლშევიკებმა საბჭოთა ოკუპაციის დროს ქართული სახელმწიფოებრიობა და როგორ მოკლეს პოლიტიკური პროცესი.
როგორ და რა მეთოდებით დაიწყეს ბოლშევიკებმა ოპოზიციური პარტიების განადგურება 1921 წელს?
ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო და არა ტრაფარეტული. ოკუპაცია ხდება 1921 წლის თებერვალ-მარტში. ომის დამთავრებისა და სრული ოკუპაციის შემდეგ, როდესაც სისტემა იწყებს ტოტალიტარული ინსტიტუტების მოწყობასა და ძველი, დემოკრატიული სისტემის განადგურებას, პირდაპირი განკარგულება ან კანონი პარტიების აკრძალვის შესახებ არ მიუღიათ – გადაწყვეტილების დონეზე ასეთი რამ არ ყოფილა.
უბრალოდ, შეიქმნა დე-ფაქტო მოცემულობა: საბჭოთა სახელმწიფოში არ უნდა ეარსება პარტიებს, რომლებიც არ აღიარებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. თუმცა ამ ეტაპზე რეჟიმი თავს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა სრულიად გარანტირებულად და დომინანტად. გარე თვალისთვის მათ სჭირდებოდათ, თუნდაც ძალიან ფიქციური და მინიმალური, პლურალიზმის შირმის შენარჩუნება (რასაც, სხვათა შორის, ოფიციალური პროპაგანდით ბოლომდე აკეთებდნენ: სტალინური ტოტალიტარიზმის გავლის შემდეგაც კი საბჭოთა კავშირს ფორმალურად მართავდა არა მხოლოდ კომპარტია, არამედ „კომუნისტებისა და უპარტიოთა ბლოკი“).
თავიდანვე ასეთი დათქმა იყო: თუ არსებობს პარტია, რომელიც აღიარებს საბჭოთა ხელისუფლებას, ეთანხმება მის კურსს და თანამშრომლობს კომპარტიასთან, მას შეუძლია იარსებოს. ოკუპაციის პირველსავე კვირებში რუსულმა რეჟიმმა საქართველოში შეძლო ორი ყოფილი ოპოზიციური პარტიის შიგნით განხეთქილების შეტანა – სოციალისტ-ფედერალისტებსა და სოციალისტ-რევოლუციონერებში (ესერებში).
რამდენიმე ლიდერი და მცირე ნაწილი ჩამოსცილდა ამ პარტიებს, თავი გამოაცხადეს „მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებად“ და „მემარცხენე ესერებად“ და დაიწყეს თანამშრომლობა ბოლშევიკურ პარტიასთან. მათ ჰქონდათ არსებობის საშუალება – შეეძლოთ გაზეთის გამოცემა, ორგანიზაციის ქონა.
მაგრამ ის პარტიები, რომლებიც არ ეგუებოდნენ ოკუპაციას, დაუყოვნებლივ მოექცნენ დარტყმის ქვეშ. ეს იწყება ოკუპაციიდან ძალიან მალე.
1921 წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დაპატიმრებების პირველი ტალღა წამოვიდა. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს ლეგალურად არსებობის საშუალება აეკრძალათ: მათ აპატიმრებდნენ იმ საბაბით, რომ ანტისაბჭოთა პარტიებს წარმოადგენდნენ; აეკრძალათ პრესა და ლეგალური გამოცემები.
ცხადია, გამორიცხული და შეზღუდული იყო ორგანიზაციული საქმიანობაც – კონფერენციების ჩატარება, ყრილობის ორგანიზება თუ მოქალაქეებთან ღია მუშაობა.
ფაქტობრივად, პირველივე კვირებში, როდესაც ძირითადი, მთავარი გავლენიანი პარტიები (სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, ფედერალისტები) ცდილობდნენ მინიმალურ კომპრომისზე მაინც შეთანხმებულიყვნენ საოკუპაციო რეჟიმთან, იმ არგუმენტით, რომ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ დასაყრდენი საქართველოში, წარმოადგენდნენ მარგინალურ ძალას, რომლის ძალაუფლება მხოლოდ ხიშტებს ეყრდნობოდა, და თუ სურდათ საომარი მდგომარეობა არ გაღრმავებულიყო, მინიმალური კომპრომისი დაეშვათ პრესისა და ლეგალური არსებობის სახით, ეს მცდელობები უარით დასრულდა.
ბოლშევიკური რეჟიმისთვის პრესის თავისუფლება და არასაბჭოთა პარტიების ლეგალური არსებობა ფუნდამენტურად მიუღებელი იყო.
დაიწყო რეპრესიები.
პარტიები სრულად გადავიდნენ იატაკქვეშეთში და ეს ვითარება გაგრძელდა 1921-1922 წლების განმავლობაში. 1922 წლიდან კი, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რეჟიმი იწყებს ძლიერ, მასირებულ კამპანიას პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისთვის“.
ეს განსხვავდება პირდაპირი აკრძალვისგან: პარტიები ისედაც აკრძალულები არიან, იატაკქვეშეთში არსებობენ და 1922 წლის დასაწყისისთვის ქმნიან წინააღმდეგობის ერთიან ცენტრს – „დამოუკიდებლობის კომიტეტს“. მაგრამ რეჟიმს სჭირდება დაამტკიცოს და პროპაგანდისტულად აჩვენოს, თითქოს წინააღმდეგობა აღარ არსებობს და ეს პარტიები თვითონვე „გაიხრწნნენ“, დაიშალნენ.
საარქივო მასალების მიხედვით, 1922 წლის მეორე ნახევარში რეჟიმი აპირებდა საჩვენებელ გასამართლებას ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერებისა, თეატრალიზებულ საბჭოურ სტილში, თითქოს ეს იყო „სისხლისმღვრელი, დამნაშავე რეჟიმი“.
ამისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ. მეტეხის ციხეში მყოფმა პოლიტპატიმრებმა და პარტიის ლიდერებმა ამის შესახებ როდესაც შეიტყვეს, საპროტესტო წერილით მიმართეს რევკომს, შემდგომ უკვე სახალხო კომისართა საბჭოს. მათ განაცხადეს: „გავიგეთ, რომ აპირებთ ასეთ სასამართლოს ორგანიზებას; ცხადია, რასაც ემსახურება ეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას ერთი პირობით, პროცესი ჩატარდეს სრულიად ღია ვითარებაში და არა დახურულ კარს მიღმა, შერჩეული აუდიტორიით“.
წინააღმდეგობის მოძრაობა და პარტიები თავს იმდენად მყარად გრძნობდნენ, რომ იცოდნენ: ნებისმიერი ასეთი პროპაგანდისტული წამოწყება, თუკი ის საჯარო იქნებოდა, ავტომატურად გადაიქცეოდა თავად რეჟიმის საწინააღმდეგო სასამართლოდ. ამიტომ, და ასევე თავად კომპარტიის შიგნით არსებული განხეთქილებისა და ბრძოლის გამო (ე.წ. „ქართველ ნაციონალ-უკლონისტთა საქმე“), ეს სასამართლო პროექტი ჩავარდა და მიივიწყეს.
როდესაც 1922 წლის ბოლოს სტალინური ვერტიკალის კონსოლიდაცია მოხდა და საქართველოს კომპარტიაში სტალინის პროტეჟეების ხაზი გაბატონდა, აქედან იწყება დიდი კამპანია პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისა“.
რა მეთოდებს იყენებდნენ პარტიების ე.წ. „თვითლიკვიდაციისათვის“ და როგორ გაუმკლავდნენ ისინი ამ მეთოდებს?
ასობით და ათასობით პოლიტიკური პატიმარი გამოკეტეს ციხეებში სხვადასხვა პარტიიდან. მათზე სათითაოდ დაიწყეს ზეწოლა, ფსიქოლოგიური წნეხი, წამება, შანტაჟი. აიძულებდნენ, მიეღოთ გადაწყვეტილება: თუ ბოლშევიკურ პრესაში გამოაქვეყნებდნენ განცხადებას, რომ ტოვებდნენ პარტიას, გმობდნენ მის კურსს და ურიგდებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ.
ეს არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური განცხადებები. 1923 წლის პირველ ნახევარში ამან ბუმის სახე მიიღო. პირველი მთავარი სამიზნე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია. პარტიიდან გასულ ყოფილ წევრებს „ჩეკასა“ და კომპარტიის ზედამხედველობით ატარებინებდნენ სამაზრო და საოლქო კონფერენციებს, გამოჰყავდათ დელეგატები, ხოლო 1923 წლის აგვისტოში თბილისში ჩაატარეს ყოფილი მენშევიკების დელეგატების თეატრალიზებული ყრილობა. იქ ამ ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას, დაგმეს პარტიის წარსული და განაცხადეს, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოში აღარ არსებობს.
ეს იყო ინსტრუმენტალიზებული, დაშანტაჟებული პოლიტპატიმრების გამოყენებით დადგმული სპექტაკლი, რათა ეჩვენებინათ, თითქოს პარტიამ საკუთარი თავი თავადვე გააუქმა, რომ სისტემამ კი არ გააუქმა, არამედ თვითონ წევრებმა დაშალეს და შეუერთდნენ ხელისუფლებას.
ამის პარალელურად, ის პირველი ორი პარტიასაც, მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტები და მემარცხენე ესერები, რომლებიც აქამდე არსებობდნენ და თანამშრომლობდნენ, იმავე პერიოდში აიძულეს, თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინათ დირექტივით: „ცალკე პარტიად ყოფნა აზრს მოკლებულია, ჩვენ ყველა უნდა გავხდეთ ბოლშევიკები“. მათი ლიდერები და აქტიური წევრები კომპარტიის რიგებში მიიღეს.
ამ კამპანიით სისტემამ ველი სრულად გაასუფთავა: 1923 წლის აგვისტოში მოხდა სოციალ-დემოკრატების „თვითლიკვიდაცია“, შემოდგომაზე ეროვნულ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ესერების.
1924 წლის დასაწყისისთვის რეჟიმი უკვე აცხადებდა, რომ წინააღმდეგობა აღარ არსებობს, პარტიები აღარ არიან, თვითონვე „გაიხრწნნენ“ და მცდარი გზა აღიარეს; ხოლო თუ ვინმე კიდევ იატაკქვეშეთში რჩებოდა, მათ მარგინალურ ჯგუფებად, ავანტიურისტებად და ჯაშუშებად ნათლავდნენ.
ამ დროს მნიშვნელოვანია, თავად წინააღმდეგობის მოძრაობა როგორ მოქმედებდა: იატაკქვეშა პარტიებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გარდა რამდენიმე ლიდერისა (მაგალითად, დამფუძნებელი კრების რამდენიმე ყოფილი დეპუტატისა, რომლებმაც ვერ გაუძლეს ზეწოლას), არ გაკიცხონ ის რიგითი ადამიანები, ვინც ხელს აწერდა ამ განცხადებებს და ციხიდან გამოდიოდა.
მთავარი იყო ამ ადამიანების ფიზიკური გადარჩენა. მეტიც, იყო საიდუმლო მითითება: ვისაც მიაჩნია, რომ ციხიდან გამოსვლით შეძლებს ისევ დაუბრუნდეს იატაკქვეშეთს, გამოიყენოს ეს ჩარჩო, თავი დააღწიოს ციხეს და კვლავ ჩაერთოს ბრძოლაში. ბევრმა ასეც გააკეთა. რეჟიმიც შეშფოთებული იყო, რადგან ხედავდა, რომ თავისუფლებაზე გამოსული ხალხი კავშირს არ წყვეტდა იატაკქვეშეთთან და პირიქით, ეხმარებოდა მათ.
და მეორე მომენტი: თვით ამ პროპაგანდისტულ სცენაზეც კი, ყრილობებზე, ზოგიერთი ყოფილი პარტიული მაინც რისკავდა და ამხელდა ამ ფარსს. იყო ასეთი დავით მურმანიშვილი, ძველი სოციალ-დემოკრატი, რომელმაც წამებისა და ზეწოლის შემდეგ ხელი მოაწერა განცხადებას, გამოუშვეს ციხიდან და დელეგატად მიიყვანეს ყრილობაზე.
როგორც კი სიტყვის თქმის საშუალება მიეცა, მან პირდაპირ გააშიშვლა მთელი ეს სპექტაკლი, თქვა, რომ ეს არის „ჩეკას“ ორგანიზებული ფარსი, აქ მყოფი ყველა ადამიანი ნაწამები და დაშანტაჟებულია. მან იცოდა, რომ მისი გამოსვლა პრესაში არ დაიბეჭდებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მომავალი თაობები ამ ჩანაწერებს მაინც ნახავდნენ და ეს დოკუმენტი დარჩებოდა იმის მტკიცებულებად, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ცხადია, ამის გამო ის მაშინვე ხელახლა დააპატიმრეს.
რა როლი ჰქონდა პოლიტიკურ პარტიებს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოწყობაში, როდესაც საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით?
1923 წლის ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ თეატრალიზებული სპექტაკლების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა იატაკქვეშეთში და გააგრძელა ბრძოლა. მათ მოამზადეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება.
რეჟიმი ცდილობდა წინააღმდეგობის დისკრედიტაციას და აცხადებდა, რომ პარტიები აღარ არსებობდნენ, მაგრამ რეალობა სულ სხვა იყო. 1923 წლის ე.წ. „თვითლიკვიდაციის“ კამპანიის გარდა, პარტიების მიმართ სხვა რაიმე სპეციალური საკანონმდებლო გადაწყვეტილება არ მიუღიათ (ისინი ლეგალურად ისედაც არ არსებობდნენ). აჯანყება, მისი ჩახშობა, მასობრივი დახვრეტები და 1925 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული საჩვენებელი სასამართლო პროცესი ეხებოდა უშუალოდ აჯანყების ორგანიზატორებსა და ანტისაბჭოთა გამოსვლას და არა კონკრეტულად პარტიების სამართლებრივ გაუქმებას.
ეს პარტიები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, იატაკქვეშეთში განაგრძობდნენ არსებობას მთელი 1920-იანი წლების მეორე ნახევარშიც და 1930-იანების პირველ ნახევარშიც, 1937-1938 წლების „დიდ ტერორამდე“, რომელმაც უკვე ფიზიკურად გაანადგურა ამ მოძრაობის მონაწილეთა უმრავლესობა.
რეჟიმმა მასობრივი რეპრესიებისა და პროპაგანდის მიუხედავად, ვერ შეძლო ვერავის დარწმუნება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, რომ ეს პარტიები აღარ არსებობდნენ.
ისინი იატაკქვეშეთში ატარებდნენ ყრილობებსა და კონფერენციებს, ირჩევდნენ ხელმძღვანელ ორგანოებს, ჰქონდათ რეგულარული კავშირი საზღვარგარეთ მყოფ პარტიულ ბიუროსთან და ლეგიტიმურ მთავრობასთან, გზავნიდნენ დელეგატებსა და მიმართვებს სოციალისტური ინტერნაციონალის ყრილობებზე.
ეს პარალელური რეალობა და წინააღმდეგობის მოძრაობა 1930-იანი წლების შუამდე ცოცხალი და აქტიური იყო.
ერთპარტიული და ტოტალიტარული მმართველობა, ფაქტობრივად, 1921-1922 წლებიდანვე დამყარდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ის, რომ თუკი ვინმე ინდივიდუალურ დონეზე ჩაერთვებოდა საბჭოების ფიქციურ არჩევნებში (იმ პირობით, რომ სრულად გადამოწმებული, გაკონტროლებული და რეჟიმისთვის სანდო პირი იყო), მას არ უშლიდნენ.
1920-იანების მეორე ნახევრიდან და 1930-იანებში, ეს სისტემა სრულად ფორმალიზდა: უალტერნატივო, ფიქტიური არჩევნები, სადაც „კომუნისტებისა და უპარტიოთა ბლოკის“ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს. აქ არანაირი პოლიტიკა აღარ იყო – ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ტერორსა და ძალადობაზე დაფუძნებით აკონტროლებდა ყველა სფეროს.
დე-ფაქტო, ყველა პარტია, რომელიც არ ცნობდა საბჭოთა ხელისუფლებას, აკრძალული იყო ოკუპაციის პირველივე კვირებიდან. ეს პარტიები, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაციები, ქრებიან მხოლოდ „დიდი ტერორის“ დროს, 1937-1938 წლებში. ეს არის რეალური ქრონოლოგიური ზღვარი.
მანამდე, 1921-დან 1930-იანების ბოლომდე, ძველი პარტიები, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატები, იატაკქვეშეთში აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. ფორმალურად კი, რა თქმა უნდა, ისინი მანამდეც არ არსებობდნენ – არ არსებობდა არანაირი ინსტიტუტი, რაც კლასიკური პოლიტიკური გარემოსთვისაა აუცილებელი.
რა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვა მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრების განადგურებას საქართველოში – საზოგადოების, სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის?
ტოტალიტარულმა საოკუპაციო რეჟიმმა მოსპო სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ინიციატივების ყოველგვარი სივრცე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ე.წ. „საბჭოთა ადამიანი“ და საზოგადოება, რომელიც კასტრირებულია, დაკარგული აქვს ცოდნა, გამოცდილება და ინსტინქტიც კი, რომ საკუთარი თავი დაინახოს დამოუკიდებელ აქტორად.
ჩამოყალიბდა სისტემა, რომელსაც ადამიანი უნდა მორგებოდა. როდესაც მრავალპარტიულობა და კონკურენცია აღარ არის და ერთადერთი მმართველი სტრუქტურა ბატონობს ყველგან, იქ იწყება შიდა, ფრაქციულ-კლანური ბრძოლები. რესურსების მონოპოლიით რეჟიმი ინარჩუნებდა წესრიგს: ადამიანს არსებობისთვის სჭირდება ფუნქცია და შემოსავალი, ხოლო როდესაც ეს ყველაფერი ერთი აქტორის ხელშია, ის წყვეტს, ვის რა პრივილეგია ერგოს.
საზოგადოებას აღარ შეუძლია ეკონომიკური ალტერნატივების შექმნა, რასაც შეეძლო სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიების გაჩენა. პოლიტიკური ცხოვრება გასცდა საჯარო ველს და გადავიდა კულუარებში. ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება დღემდე რჩება პოსტსაბჭოთა საზოგადოებების მთავარ გამოწვევად.
მინდა გკითხოთ დღევანდელობასთან კავშირზეც: დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ აპირებს აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, რამდენად აყენებს ეს ნაბიჯი დემოკრატიული საფარით მოსულ ხელისუფლებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გვერდით? როგორ ხედავთ ერთპარტიული ქვეყნის მომავალს?
მსგავსება და ტენდენცია, რა თქმა უნდა, აშკარაა. თუმცა დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებთან შედარებით ბევრად უფრო პრიმიტიულად გამოიყურება: საბჭოთა რეჟიმიც კი ერიდებოდა პირდაპირ აკრძალვას და ცდილობდა გარე თვალისთვის ისე შეეფუთა, თითქოს პარტიებმა თვითონვე გააუქმეს თავი და ბუნებრივად გაქრნენ.
პირდაპირი აკრძალვა კი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემას სხვა ალტერნატივა და რესურსი აღარ გააჩნია – ეს მის გამოუვალ მდგომარეობას უსვამს ხაზს. ის პირდაპირ ამბობს: „ჩემი მოწინააღმდეგე ხარ და გკრძალავ“.
მეორე მხრივ, უდიდესი განსხვავებაა რესურსებში: საბჭოთა რეჟიმს ზურგს უმაგრებდა უზარმაზარი იმპერიული სახელმწიფო, რომელმაც სისხლის ფასად, ოპონენტების ფიზიკური განადგურებითა და დიდი ტერორით შეინარჩუნა ძალაუფლება. მას ჰქონდა ტოტალური მონოპოლია ყველაფერზე, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო გარემოც კი ხელს უწყობდა ამ რეალობის დაკანონებას.
დღევანდელი სიტუაცია კი რადიკალურად განსხვავებულია: საქართველო არ არის რუსეთის მიერ პირდაპირ ანექსირებული. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს იმ იმედით, რომ გარემო ამას ხელს შეუწყობს, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მათი ძალაუფლება ძალიან მყიფეა. რეპრესიები რეალურ შედეგს ვერ აღწევს, რადგან საზოგადოებაში შიშის დათესვას ვერ ახერხებენ – პირიქით, ეს უკურეაქციას იწვევს. ადამიანებს არ ეშინიათ პროტესტის გამოხატვის.
ხელისუფლებას არ გააჩნია ის რესურსი, რაც ჰქონდა ტოტალიტარულ სისტემას – ფიზიკური ლიკვიდაცია, ადამიანების გაქრობა, ქონების სრული კონფისკაცია. შესაბამისად, რეჟიმს არ აქვს ბერკეტი, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს.
როგორია ისტორიის გაკვეთილი – რას ასწავლის ისტორია ტოტალიტარებს?
სამწუხაროდ, ისტორია ტოტალიტარებს ვერაფერს ასწავლის. ხშირად ვხედავთ, რომ ისინი ისტორიულ გაკვეთილებს ვერ ითვალისწინებენ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან.
საკითხია, რამდენად სწავლობს ამ გაკვეთილებს თავად საზოგადოება. თუკი საზოგადოებას ესმის ეს საფრთხეები და აცნობიერებს მათ, მაშინაც კი, როდესაც მას წართმეული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ის მაინც ინარჩუნებს მზაობასა და ენერგიას წინააღმდეგობისთვის. ისტორიული გაკვეთილების გააზრება სწორედ საზოგადოების გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.
საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ მონაცემები 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);
მშენებლობა – 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).
ამავე დროს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების – 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების – 245.9 ლარით (10.5%). „საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს“ – წერს საქსტატი.
საქსტატი ადარებს 2025 წლის მონაცემებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორშიც და წერს, რომ 2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამეწარმეო, ბიზნეს სექტორს, აქ, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა.
„საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური
საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1 პროცენტით) დარგში დაფიქსირდა“ – წერს საქსტატი.
საქსტატი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.