კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

30.09.2016 • 8654
გამომძიებლები საშუალო განათლებით და იურისტის კვალიფიკაციის გარეშე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამომძიებელი გახდე – მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი. პოლიციის შესახებ კანონი მხოლოდ ასაკობრივ შეზღუდვას აწესებს – გამომძიებელი მინიმუმ 18 წლის უნდა იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ გამომძიებელი ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს. უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია სავალდებულო არ არის.

„იმდენად არეულ-დარეული იყო დაკავების ოქმი, მართლა ვერაფერი გავიგე, რას ედავებოდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს… პასუხი მოგვიანებით სასამართლოში მივიღე, როცა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა თქვეს, რომ მათ მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდათ,“ – გვიყვება ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი. ის ქურდობაში ბრალდებულის, ნოდარ ტატუნაშვილის ინტერესებს იცავდა, ვისზეც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატის მონაყოლის მიხედვით, გამომძიებლებმა, მათ შორის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა საქმეში არაერთი უზუსტობა დაუშვეს: „დაკავების დროს ოქმებში, როგორც წესი, აღინიშნება სხვადასხვა დრო, მაგალითად, პირის დაკავების, გამოკითხვის, ჩხრეკის, პოლიციის შენობაში მიყვანის, პოლიციის ხელმძღვანელი პირისგან ვიზირების გაცემის დრო. ეს დროები ისე იყო არეული, რომ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა… როცა მოწმის სახით მისცეს ჩვენება გამომძიებლებმა სასამართლოს, აღმოჩნდა, რომ 4 გამომძიებლიდან სამი მხოლოდ საშუალო განათლებით მუშაობდა“.

გამოირიცხებოდა იგივე უზუსტობები, ამ გამომძიებლებს რომ პროფესიული განათლება ჰქონოდათ? – ადვოკატი ფიქრობს, რომ არა, მაგრამ, როცა გამომძიებელი მხოლოდ საშუალო განათლებით მუშაობს, იმის რისკი, რომ უდანაშაულო ადამიანის უფლება დაარღვიონ, იზრდება.

გამომძიებლებს რომ უმაღლესი განათლება და იურისტის კვალიფიკაცია არ მოეთხოვებათ, დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. გვითხრეს, რომ კონკურსის დროს, ვაკანტურ პოზიციაზე უპირატესობა იმ კონკურსანტს ენიჭება, ვისაც იურიდიული განათლება აქვს. რამდენი გამომძიებელი მუშაობს ამჟამად სისტემაში უმაღლესი განათლების გარეშე და უტარდებათ თუ არა სპეციალური კურსები? – დეტალებზე კომენტარის მიღება სამინისტროსგან არ მოხერხდა.

„ყველა მეორე საქართველოში იურისტია. ისინი მუშაობენ ტაქსისტებად, სუპერმარკეტებში კონსულტანტებად… რატომ უნდა მუშაობდეს გამომძიებლად ადამიანი საშუალო განათლებით?“ – კითხულობს ზაზა ხატიაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ის მიიჩნევს, რომ გამომძიებლისთვის აუცილებელია იურიდიული განათლება, რადგან მათ აქვთ პირველადი შეხება დანაშაულის სავარაუდო ჩამდენთან, ან უდანაშაულო პირთან: „ეს არის სისტემური მიდგომა, სახელმწიფოს არ სურს პროფესიონალი კადრები სამართალდამცავ უწყებებში. თუკი ხელისუფლება ორიენტირებულია კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, რატომ უნდა ასაქმებდე გამომძიებელს საშუალო სკოლის ატესტატით. იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ იურისტები არ გვყავს“.

იურიდიული განათლების აუცილებლობას გამომძიებლობის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს – მიუკერძოებლობას უკავშირებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე. მას მიაჩნია, რომ ადამიანი ვერ იქნება მიუკერძოებელი, თუ მას სათანადო კომპეტენცია არ აქვს: „არ ვიცი, საერთოდ თუ უნდა ახსნას ვინმემ ის, რომ გამომძიებელს სჭირდება იურიდიული ცოდნა. არ ვიცი, რა ინტერესი აქვს ხელისუფლებას, როცა სისტემას არაკვალიფიციური გამომძიებლებისთვის ღიას ტოვებს. ფაქტია, რომ გამომძიებლის ინსტიტუტი წაშლილია და ის ასრულებს მხოლოდ პროკურორის დავალებებს“.

„ბათუმელები“ ყოფილ გამომძიებლებსაც ესაუბრა. სისტემაში რამდენი გამომძიებელი მუშაობდა, ვისაც იურიდიული განათლება არ ჰქონდა და ქმნიდა თუ არა პრობლემას კვალიფიკაციის უქონლობა – საგამოძიებო უწყების ყოფილმა თანამშრომლებმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს. მაგალითად, არჩილ ჯორთმენაძემ და უშანგი მიქელაძემ გვითხრეს, რომ ვისთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია, უმრავლესობას იურიდიული განათლება ჰქონდა და გამომძიებლებს ასევე უტარებდნენ გადამზადების კურსებს. უშანგი მიქელაძე: „მე პირადად მაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გამომძიებლად დანიშვნამდე გავიარე ერთთვიანი მოსამზადებელი კურსი პოლიციის აკადემიაში, რომლის შედეგადაც გამოცდა ჩავაბარე. დადებითი ქულების მიღების გარეშე, გამომძიებლად არ დამნიშნავდნენ“.

„როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ორიენტირებული პოლიციელების უმაღლეს განათლებაზე, ეს არის დამღუპველი,“ _ ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ამ თემაზე საუბრის დროს ის სხვადასხვა შემთხვევას იხსნებს, როცა გამომძიებლისთვის უწევდა იმის ახსნა, რაც მის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენს და რაც კანონში წერია: „გამომძიებელი არის სახელმწიფო ბიუროკრატიის ის წარმომადგენელი, ვისაც ყველაზე მეტად აქვს შეხება ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. მართალია, ისინი გარკვეულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ სამუშაო პრაქტიკის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, აღნიშნული მაინც არ არის საკმარისი, ვინაიდან ადამიანის უფლებები არ არის მხოლოდ პრაქტიკული სფერო, იგი მოიცავს ბევრ თეორიულ ასპექტს, სადაც საჭიროა ცოდნა და გამოცდილება.“ გიორგი ხიმშიაშვილისთვის გამონაკლისი მაშინაა მისაღები, თუ რეგიონებში კადრების მოძიება არის პრობლემა.

გადაბეჭდვის წესი