კვირის ამბები,მთავარი

ავტობუსი ზაფხულში

06.08.2016 • 3026
ავტობუსი ზაფხულში

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით თუ გიმგზავრიათ, ალბათ უკვე იცით, თუ როგორ „გაახლოვებს“ ავტობუსი სრულიად უცხო ადამიანებთან. მთელი გზა უხერხულად დგახარ, ცდილობ ისუნთქო და ასეთივე მონდომებით ცდილობ, შენ გვერდით არსებულ სავარძლის ნარჩენს ტანსაცმელი ან საკუთარი კანი არ შესწირო. ერთი დამუხრუჭება, მოსახვევი და უცნობ ადამიანს შეიძლება ჩაეკრა. წაქცევაც შეიძლებოდა, მაგრამ ფეხზე მდგომი ხალხის მასა ამ საფრთხეს თითქმის სრულიად ანეიტრალებს. მთავარი გამოწვევა კვლავ სავარძლის ნარჩენებია გასაგები მიზეზების გამო – იქ ვერავინ ჯდება, სამაგიეროდ მარტივად შეიძლება დაეცე და დამტვრეული პლასტმასის ბასრ ზედაპირზე რაიმე დაიზიანო.

დამტვრეული სკამი ავტობუსშიგაჩერებიდან გაჩერებამდე შესაძლოა შენსავით შეწუხებულ მგზავრებს გამოელაპარაკო კიდევაც, უხერხული მდგომარეობა რომ დასძლიო. №12 ავტობუსით თუ მგზავრობ და წინ დიდი გზა გიდევს, ამის შანსი კიდევ უფრო დიდია. გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, გეტყვით, მესამედ, რომ დაგიჭერს ადამიანი და მის მხარს ხარ ჩაბღაუჭებული, შემდეგ აუცილებლად იწყება საუბარი. მგზავრების დიალოგი ძირითადად ავტობუსში შექმნილი უხერხულობის დაძლევის საშუალებაა. უხერხულობისა, რომელიც თანაბრად აწუხებთ ფეხზე მდგომ და სავარძელზე მჯდომ მგზავრებსაც, რომლებიც უმეტესწილად, ფეხზე მდგომთა მცირე ბარგს იჭერენ. „ნუ გერიდება, მომეჭიდე…“, „გუშინ დავეცი, კიდევ კარგად გადავრჩი…“, – ამ და სხვა ფრაზებით ამხნევებენ დარცხვენილი მგზავრები ერთმანეთს.

მათთვის, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით არ მგზვრობს, ეს სურათი რომ მხოლოდ ერთი რეპორტიორის გამოცდილება არ არის, ამის დასადასტურებლად საკმარისია ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის, პაატა დუმბაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ „ბათუმში, ავტობუსებში დაზიანებულია 500-მდე სავარძელი“.

ეს პრობლემა ბათუმის ავტოტრანსპორტს ახლა არ აღმოუჩენია, მაგრამ ზაფხულის სეზონისთვის სავარაუდოდ ვერ მოესწრება მისი მოგვარება. ტენდერი ახალი სავარძლების შესაძენად 13 მაისს გამოცხადდა, გამარჯვებულ კომპანიასთან შპს „კონტროლ-ა“-სთან ხელშეკრულება კი 23 ივნისს გაფორმდა. კომპანიამ 23 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს სავარძლები, მათ დამონტაჟებას ასევე დრო სჭირდება. ასე, რომ პაატა დუმბაძე ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის შეცვლიან სავარძლებს.
რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის კონდიცირებას, პაატა დუმბაძის თქმით, ბათუმში ე.წ. „მწვანე ავტობუსებს“ ქარხნულად არ გააჩნიათ კონდიცირება. „რომ შეიძლებოდეს კონდიციონერის ისე დამონტაჟება, როგორც ოთახში, კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ“, – ამბობს ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი.

პაატა დუმბაძე ასევე ამბობს, რომ ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, ბათუმში ავტობუსები შუაღამემდე, ხანდახან ღამის 2-ის ნახევრამდეც იმოძრავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: