კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

05.08.2016 • 5297
ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. ინტერაქტივი ძირითადად ჯგუფურია, ჯგუფი ჩვეულებრივ 4-5 ადამიანისგან შედგება, ისინი მწვრთნელთან ერთად ჩადიან აუზში დელფინებთან სათამაშოდ.

„ეს არის ნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა,“ – ამბობს თენგიზ წეროძე, ბათუმის დელფინარიუმის მენეჯერი, „ინტერაქტივის დროს არის ელემენტები, როცა წყალში ჩასული ადამიანი ისე გრძნობს თავს, თითქოს მწვრთნელია, მას იქვე ასწავლიან რაღაც ჟესტებს, რომელსაც აჩვენებს დელფინს და დელფინიც შესაბამის ქცევებს ასრულებს. ადამიანს შეუძლია მოეფეროს ან ჩაეხუტოს დელფინს.“
რატომ სურთ ადამიანებს დელფინებთან ახლოს ყოფნა და რატომ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ დელფინებთან ურთიერთობა? თენგიზ წეროძე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი დადებითი ემოციებია: „ემოცია, როცა ხედავ, რომ ასეთი კეთილი არსება შენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია, გეხუტება, გაძლევს საშუალებას შეეხო, იწვევს ძალიან დადებით იმპულსებს. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს დადებითი ემოციის გამო ცრემლებიც კი ერევათ“.

სწორედ ძლიერი დადებითი ემოციების გამო მიიჩნევა დელფინი ერთ-ერთ ისეთ ცხოველად, რომელთან ურთიერთობასაც თერაპიული ეფექტი აქვს, ისევე როგორც ადამიანის ურთიერთობას ძაღლთან, კატასთან და სხვა შინაურ ცხოველთან. დელფინოთერაპიას საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა, თუმცა ტრადიციული მედიცინა დელფინოთერაპიას არ განიხილავს როგორც მკურნალობის საშუალებას.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის დელფინარიუმში ხაზგასმით ამბობენ, რომ მათთან არსებული სერვისი ინტერაქტივია და არა დელფინოთერაპია, რომელიც სხვა პროგრამას საჭიროებს.

„დელფინოთერაპია რთული პროცესია. რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში, სამედიცინო შტატი უნდა გყავდეს, დაავადებები ხომ სხვადასხვაა და ამის მიხედვით უნდა მოხდეს დელფინოთერაპია. რადგან ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ უარი ვთქვით დელფინოთერაპიაზე და გვაქვს ინტერაქტივი,“ – განმარტავს თენგიზ წეროძე.

დელფინებთან ინტერაქტივი საკმაოდ ძვირადღირებულია. 15-წუთიანი ინტერაქტივის ღირებულება ერთი ადამიანისთვის 150 ლარია, 16 წლამდე ბავშვებისთვის კი 100 ლარი. მიუხედავად მაღალი ფასისა, დელფინარიუმში ამბობენ, რომ ზაფხულში დელფინებთან ინტერაქტივის ბევრი მსურველია, მათ შორის უცხოელები სჭარბობენ, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

„ძირითადად ბავშვები არიან, არის შემთხვევები, როცა ბავშვებს ჩუქნიან დელფინებთან ინტერაქტივს. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი – თუ ბავშვს არ უნდა, ეშინია წყალში ჩასვლა, არ შეიძლება დააძალო. გასაგებია მშობლების სურვილი, რომ მათ უნდათ ბავშვი ჩავიდეს წყალში, მაგრამ სტრესის მიყენება არ შეიძლება,“ – ამბობს თენგიზ წეროძე და დასძენს, რომ ასეთი შემთხვევებიც არის, როცა ბავშვს მშობელი აძალებს წყალში ჩასვლას.

დელფინებთან ინტერაქტივი ძირითადად ზაფხულშია შესაძლებელი, როცა წყალი თბილია, თუმცა, დელფინარიუმის მენეჯერის თქმით, მსურველები ზამთარშიც არიან:

„მაგალითად, ტურისტი ისლანდიიდან თუ ჩამოვა ზამთარში, მისთვის თბილა. ჩვენ აუზში ტემპერატურას არ ვუშვებთ 15 გრადუსზე ქვემოთ, ასე რომ ზოგიერთისთვის ეს მისაღებია. მაგალითად, ბალტიისპირეთში 14 გრადუსზე უკვე სეზონია გახსნილი,“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

დელფინებთან ურთიერთობის შედეგებს მედიცინა არ ცნობს, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დელფინს „მკურნალად“ მიიჩნევენ, მისი განსაკუთრებული უნარია:

„დელფინები გვხედავენ როგორც რენტგენის აპარატი. ევოლუციის პროცესში მათ გამოუმუშავდათ მთელი სისტემა, რომელსაც ჰქვია სონარი, რომლითაც ისინი ხედავენ და აქვთ სისტემა, რითაც ისინი საუბრობენ. არსებობს ხატოვანი გამოთქმა, რომ ისინი ხედავენ ყურებით, სმენით იღებენ ინფორმაციას. დელფინს შეუძლია აბსოლუტურად ბნელ გარემოში, მღვრიე წყალში, ფეხბურთის მოედნის ტერიტორიის ფართობზე იპოვოს ტენისის ბურთი, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ის არამარტო პოულობს, არამედ მთლიან ფორმას შეიცნობს, რბილია თუ მაგარია, შიგნით თუა სიცარიელე და ა.შ. ძალიან ჭკვიანები არიან, ადამიანებივით არიან, ყველას თავისი ხასიათი აქვს, ზოგს მალე ბეზრდება თამაში, ზოგი ეშმაკია, ზოგი – დამყოლი. ჩვენ მათ არაფერს ვაძალებთ. ჩვენ ვთხოვთ, თუ მას უნდა და სიამოვნებს – აკეთებს, თუ არადა – არა,“ – ამბობს თენგიზ წეროძე.

ამჟამად ბათუმის დელფინარიუმში 14 დელფინი ცხოვრობს, შავი ზღვისა და წყნარი ოკეანის აფალინები. ახალდაბადებულების გარდა ყველა მათგანს თავისი სახელი აქვს.

….

უკვე დღის ექვსის 15 წუთია. ინტერაქტივი დელფინებთან დასრულდა. ინტერაქტივის ერთ-ერთი მონაწილე, 13 წლის დავით ჩიჩუა ამბობს, რომ ძალიან დადებითი ემოციები მიიღო და კარგად გაერთო, 11 წლის სონია კი დასძენს, რომ ყველაზე მეტად მას დელფინთან ჩახუტება მოეწონა.

ინტერაქტივი ბათუმის დელფინარიუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: