დღესასწაული გლინტვეინის არომატით

ავტორი: თამარა მირიანაშვილი

„კარგი რა, რა ცხელი ღვინო! დაასხი, ისე დავლიოთ!“
„აი, ღვინის გაცხელება როგორ შეიძლება, შეურაცხყოფას აყენებ!“
„ბრრრ, რა დამალევინებს ცხელ ღვინოს!“

მიუხედავად იმისა, რომ გლინტვეინის, გროგის, სანგრიას და სხვა მსგავსი სადღესასწაულო/საოჯახო სასმელების შესახებ, პირველად, ჯერ კიდევ ბაბოს ძველ სამზარეულოს წიგნებში წავიკითხე, ჩვენი და განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობისგან ასეთ და სხვა მსგავს რეპლიკებს ხშირად მოისმენთ.

და მაინც, ყოველ ახალ წელს ჯიუტად ვაკეთებ გლინტვეინს და ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გჭირდებათ:

  • მშრალი ან ნახევრად მშრალი წითელი ღვინო
  • ფორთოხალი
  • მიხაკ-დარიჩინი
  • მუსკატის კაკალი
  • თაფლი

ეს ინგრედიენტები, როგორც წესი, არ იცვლება ხოლმე, თუმცა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ იექსპერიმენტოთ და დაამატოთ დაფნის ფოთოლი, კარკადე, ლიმნის ცედრა, ბრენდი და ა.შ.

უფრო დაწვრილებით კი, ოთხი ადამიანისთვის დაგჭირდებათ ერთი ლიტრი ღვინო, ერთი ფორთოხალი, ორი სუფრის კოვზი თაფლი ან შაქარი, მუსკატის კაკალი და დაფნა. გემოს გამძაფრებისთვის შეგიძლიათ ჯერ ინგრედიენტები მოხალოთ რამდენიმე წამით და შემდეგ დაამატოთ ღვინო. გახსოვდეთ, ღვინო არ უნდა ადუღდეს!

გლინტვეინი, ძველი რომაელების მემკვიდრეობა, ევროპის ქვეყნების საშობაო-საახალწლო დღეების მთავარი სურნელია. საშობაო ბაზარში გლინტვეინის სიმხურვალე და ზამთრის სუსხი ერთნაირად გიღიტინებს ცხვირში, ხელებს ცხელი ჭიქით ითბობ და საერთოდ არ გეშინია გაყინულ ქუჩებში სიარულის, გარეთ ახალი წელია და შენ გარშემო ყველგან ცხელი გლინტვეინი იხარშება, ნებისმიერ დროს გადაივსებ ჭიქას.

ხშირად კითხულობენ: „სად დავლიოთ კარგი გლინტვეინი აქ, საქართველოში“. პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს. რამდენადაც თითოეული ადამიანია ინდივიდუალური და განსხვავებული, ასევე ინდივიდუალურია გლინტვეინის მომზადების წესიც, ინგრედიენტების არჩევანიც. ერთადერთი წესი, რაც ყველა შემთხვევაში შეუცვლელია, არის ის, რომ ღვინო უნდა შეცხელდეს და არ უნდა ადუღდეს, სასურველია ავირჩიოთ მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინოები, რაც შეცხელებისას სიტკბოს გამოიღებს, ხოლო ტკბილი/სადესერტო ღვინოები კიდევ უფრო დატკბება და არც ისე სასიამოვნო დასალევია. გარდა ამისა, უფრო რთულია სხვა, დამატებითი არომატების შემოტანა და სასურველი გემოს დაყენება.

სასურველია, ღვინო იყოს ალკოჰოლის და ტანინის მაღალი შემცველობით, რათა მცირე აორთქლების შემთხვევაშიც, ალკოჰოლი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ცხელი ღვინის ნაცვლად, ცხელი ჩაი არ მივიღოთ. გაითვალისწინეთ, ალკოჰოლი აორთქლებას 173oF-ზე (რაც დაახლოებით 78oC) იწყებს, შესაბამისად, აქამდე არ უნდა მიიყვანოთ და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ღვინის თვისებები აწ უკვე ცხელ სასმელშიც.

„ღვინოს გლინტვეინზე ხომ არ გავაფუჭებ“ ტიპის ადამიანების საყურადღებოდ კი გეტყვით, რომ გლინტვეინისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის ღვინო. დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი, ფორთოხალი – იმდენად ძლიერი ინგრედიენტებია, მყისიერად დაჩრდილავს ღვინის თავდაპირველ ტონებს და შეცხელებაც თავისთავად ანელებს გემოსა და სიძლიერესაც.

დღეს, გლინტვეინი თითქმის ყველა კაფეში აქვთ, თუმცა მომზადებაში დახელოვნების რა გითხრათ, ზოგან ისე ცუდად აკეთებენ, მისხალი ალკოჰოლიც კი არ აქვს შენარჩუნებული, ზოგან ჩაის პატარა ფინჯნებით მოაქვთ, რაც ასევე ძალიან მოუხერხებელია. კარგი იქნება, თუ გლინტვეინს მიართმევთ დიდ, სქელ, ფაიფურის ან რკინის ჭიქაში, ასე, სასმელი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, ნელ-ნელა წრუპავთ და ხელებსაც ითბობთ.

თუ არჩევანზე მიდგა საქმე, მირჩევნია მეგობრები მესტუმრონ და რამე იაფიანი ღვინო ზამთრის ბრჭყვიალა სასმელად ვაქციო. ერთი ფინჯანი გლინტვეინი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაჩნდეს თოვლიც, აგიზგიზებული ბუხარიც და კარზე თოვლის ბაბუამაც დააკაკუნოს.

ფოტო: თამარა მირიანაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.