ავარიელების სამი სოფელი საქართველოში

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, გოგონების წინადაცვეთის ტრადიციის არსებობის შესახებ ცნობამ ქართულ საინფორმაციო სივრცეს ერთი წლის წინ ტალღასავით გადაუარა. ერთი წლის შემდეგ ამ თემაზე სოფლებში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში საუბარი აღარ სურთ. ამბობენ, რომ ამბავი ჟურნალისტებმა გააზვიადეს და რეალურად აქ მსგავსი არაფერი ხდება.

ჩანთლისყურში მცხოვრებ ჯავგვარათ გაჯიევს იმ დროს შევხვდი სოფლის ორღობეში, როცა მეზობელ ქალებთან ერთად თავისი შვილის სახლიდან მოდიოდა. ძროხა იყიდა ჩემმა გოგომ და აღვნიშნეთ, ყავა და ჩაი დავლიეთო, მითხრა. როცა სოფელზე ვკითხე, თქვა, რომ ძნელად მოიპოვება კახეთში ისეთი ღარიბი სოფელი, როგორც ჩანთლისყურია.

„სკოლა არის მარტო. ბალღი რომ ავად გახდეს, წიწკაანთსერში ან ყვარელში უნდა ჩავიდეთ. ექიმი არ გვყავს. ყვარელში ბაზარში მივდივართ ყოველ კვირას. მაღაზია არ გვაქვს. არაფერი აქ არაა,“ – ამბობს ჯავგვარათი.

ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში სოციალური ფონი მართლაც საკმაოდ მძიმეა. სიღარიბე ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალშისაცემია.

ასმათ რამაზანოვას სოფელ ჩანთლისყურში შევხვდი. ერთსართულიანი, ნახევრად დანგრეული სახლის ეზოში ახალმოჭრილი ცოცხის ღეროებს არჩევდა. სოციალური დახმარება რამაზანოვის ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. ასმათს დამატებითი შემოსავალი კი, თავისი ხელით დამზადებული ცოცხიდან აქვს, რომელსაც ყვარლის ბაზარში ყიდის.

ასმათ რამაზანოვა.ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ცოცხის ღერების გადარჩევა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ცოცხის ღერების გადარჩევა. ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ჩანთლისყურში სასმელი წყლის პრობლემაა, ზოგიერთ ოჯახს აქვს, ზოგიერთს – არა. ასმათი და მისი შვილიშვილები სასმელ წყალს მეზობლიდან ეზიდებიან.

„გვიჭირს, ღარიბები ვართ, სახლი მენგრევა და არ ვიცი, როგორ შევაჩერო ეს ნგრევა, მაგრამ ყველაზე მეტად უწყლობას განვიცდით. უკვე რამდენი წელია მეზობლიდან ვეზიდებით. ის ფულს არ მახდევინებს და მერიდება უკვე. წყლის არ ქონა სოფლის საერთო პრობლემაა,“ – მიხსნის ასმათ რამაზანოვა თავის გასაჭირს.

ჩანთლისყურში, ისევე როგორც დანარჩენ ორ სოფელში, საბავშვო ბაღი არ აქვთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვები სახლში ავარიულ დიალექტზე საუბრობენ, ქართულ სკოლაში მისვლისას კი ქართულად საუბარი და სასწავლო პროგრამის დაძლევა უჭირთ.

„ბავშვები სკოლაში რომ მიდიან, ვერ ლაპარაკობენ ქართულად, იმიტომ, რომ ბაღი არ არის. მერე სკოლაში ძლივს იდგამენ ენას. მე თვითონ ქისტი ვარ, პანკისელი. მიდით აბა პანკისში და ნახეთ როგორი სიტუაციაა, სადაც კი გაიხედავ, ან ბაღია, ან სკოლა, ან მაღაზია. რა არ გინდა, რომ არ იყოს. ჩვენმა სოფელმა რა დააშავა?“ – კითხულობს ასმათ რამაზანოვა.

ავარიელები დაღესტნიდან საქართველოში საცხოვრებლად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გადმოსახლდნენ. მოგვიანებით, მეოცე საუკუნის შუა ხანებში, კიდევ ერთი გადმოსახლების შედეგად, კახეთში რამდენიმე ავარიული სოფელი გაჩნდა. დღეისათვის ავარიელები სამ სოფელში – ჩანთლისყურში, სარუსოსა და თივში ცხოვრობენ.

ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ავარიელებმა საქართველოში ჩამოსახლებისას თავიანთი ენა და ტრადიციები სრულად შეინარჩუნეს. სარუსოელი რაჟმუდინ მაგამედოვი მიხსნის, რომ კახეთში მცხოვრები ავარიული თემი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს: „თივის ენა სხვაა, ჩანთლისყურისა და სარუსოს ენა – ერთია. აი, როგორც მეგრული, ქართული და სვანურია, ისე“.

რაჟმუდინი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც სოფელს აქვს და ტრადიციებზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი განათლებაა. ავარიელებით დასახლებულ სოფელში ძნელად თუ მოძებნით ვინმეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული.

„სარუსოდან ვერ გავიხსენებ ვერავის, ვინც უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. ამთავრებენ ცხრა კლასს და მერე სახლში არიან. ძირითადად ან ოჯახში ეხმარებიან, ან კერძოდ მუშაობენ. საერთოდ, ჩვენი ხალხის (ავარიელების) ტრადიციაა კერძოდ მუშაობა, მაგალითად, ვიღაცა ფერმერია, მიწა ბევრი აქვს და მარტო ვერ ამუშავებს. მიდიან და ასე კერძოდ მუშაობენ. სწავლას დიდად არ ეტანებიან. ქალები ქალური საქმე რაცაა, ყველაფერს აკეთებენ – თოხნა, ვენახის ფურჩქვნა, დაბარვა, სიმინდის დამტვრევა, ყურძნის დაკრეფა. ახალგაზრდები ცოლს რომ მოიყვანენ, დაღესტანში მიდიან სამუშაოდ,“ – ამბობს რაჟმუდინი.

ჯავგვარათ გაჯიევი. ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

ლეკებით (ავარიელებით) დასახლებულ სოფლებში არც საშუალო სკოლა აქვთ. ლეკებს საკუთარ სოფლებში მხოლოდ ცხრა კლასის განათლების მიღება შეუძლიათ. არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კი, ლეკი ბავშვები სწავლას მეზობელ სოფლებში აგრძელებენ.

სოფელ თივში მცხოვრები ხალიბეგ მაგამედოვი იქნება ალბათ პირველი თიველი, ვინც ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლის. 14 წლის ხალიბეგი, ჯერჯერობით, სოფელ თივის ცხრაწლიან სკოლაში სწავლობს, რომლის დამთავრების შემდეგ აპირებს სწავლა ახალსოფლის სკოლაში გააგრძელოს, საშუალო განათლება მიიღოს და თბილისში, რომელიმე უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკა ისწავლოს.

„ბევრი ოცნება მქონდა, ადვოკატობა მინდოდა, მერე მსახიობობა, ბოლოს ჟურნალისტიკამ დამაინტერესა. მინდა სკოლა დავამთავრო და სტუდენტი გავხდე. ავარიელები ძირითადად არ აგრძელებენ სწავლას, ცხრა კლასს დაამთავრებენ და მორჩა. ისეთი გარემოა, რომ ბიჭებს უფრო თავისუფლება უნდათ. ჩემს კლასში რვა ვართ და ყველა ვაპირებთ საშუალო სკოლის დამთავრებას, მერე რას იზამენ, არ ვიცი,“ – ამბობს ხალიბეგი. ის იმ სირთულეებზეც საუბრობს, რა სირთულეების შესახებაც ხშირად მიუთითებენ და ეუბნებიან, რომ წარმატების მიღწევა რთული იქნება:

ხალიბეგ მაგამედოვი. ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

„ბევრჯერ, როცა რამეზე ვოცნებობდი, მაგალითად, როცა ვინმეს ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი მინდა გამოვიდე, მუდმივად მიმწარებდნენ ჩემს ოცნებას, მეუბნებოდნენ: „შენ საქართველოში ვინ დაგასაქმებს, ტყუილად ისწავლი, ჯობია წახვიდე რუსეთში, იქ ხელფასიც კარგი გექნება და სამუშაოსაც მალე იპოვი“… მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ასე არ არის – იმის გამო, რომ არ ვარ ქართველი, საქართველოში არ გამრიყავენ. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველანაირად უწყობს ხელს განათლების მიღების მსურველ ავარიელ მოსწავლეებს.

„ერთი ბავშვი დადის სოფელ ჩანთლისყურიდან ახალსოფლის სკოლაში. ყოველდღე აკითხავს მარშუტკა, მიჰყავს სკოლაში და მერე უკან აბრუნებს. სამივე სკოლაში (თივი, ჩანთლისყური, სარუსო) ერთად აღებული, ჯამში, ასი ბავშვიც არ სწავლობს. ძალიან მცირე კონტინგენტია. ცხრა კლასს რომ ამთავრებენ, ოჯახები გოგონებს სასწავლებლად მე-10-12 კლასებში აღარ უშვებენ. შეიძლება წავიდეს სასწავლებლად ბიჭი, ისიც ასიდან – ორი,“ – ამბობს ქეთევან ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლას ამთავრებენ, ოჯახების მასობრივი მიგრაცია ხდება დაღესტანში, მახაჩკალაში. ვისაც სწავლის გაგრძელება სურს, იქ აგრძელებს სწავლას, უმეტესად კი მაინც პროფესიულ სასწავლებელში მიდიან და პროფესიულ განათლებას იღებენ.

ფოტო: ბათუმელები/ მანანა ქველიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი საუკუნეა ავარიელები საქართველოში ცხოვრობენ, თავიანთი წეს-ჩვეულებები მაინც შეინარჩუნეს. პირველ რიგში, ეს ჩაცმულობას ეხება. ავარიელ ქალს ტრადიციულად გრძელი კაბა აცვია და თავზე თავსაფარი ახურავს, რომელსაც სახვევს ეძახიან. ადრე ავარიელები წელზე შემოხვეულ გრძელ სახვევსაც ატარებდნენ, რომელსაც სარტყელი ჰქვია, მაგრამ დღეს სახვევით მხოლოდ ხანდაზმულები დადიან.

„18 წელი გურჯაანში ვცხოვრობდი, მაგრამ მოსახვევის გარეშე არასდროს მივლია. ქორწილში, გასვენებაში რომ მივდიოდი, მეზობლები წამართმევდნენ (სახვევს), ჩვენთანა ხარ, ჩვენებურად იარეო. ვეტყოდი, ასე ვარ დაჩვეული და ასე უნდა ვიარო-მეთქი. თუმცა სახლში უმოსახვევოდ ვარ ყოველთვის,“ – მეუბნება თივში მცხოვრები ეთერ ალიევი და თავსაფარს ისწორებს.

არც ეთერს და არც სხვებს ავარიელებით დასახლებულ სოფელში, არ სურთ გოგონათა წინადაცვეთაზე საუბარი. საქართველოში მცხოვრებ ავარიელ თემს შორის, როგორც თავად უწოდებენ, ე.წ. „ნათლობის“ პრაქტიკის ანუ გოგონათა წინადაცვეთის შესახებ გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. მოგვიანებით საკითხი საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გოგონათა წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობა დაადასტურა.

ეთერ ალიევი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც არსებული პრაქტიკის შესახებ გახდა ცნობილი, თივში პოლიცია და ჟურნალისტები ავიდნენ. მაგამედოვასა და მისი მეზობლების მტკიცებით, ავარიელთა ძველი ტრადიცია დღეს სრულადაა დავიწყებული და გოგონებს წინადაცვეთას არავინ აღარ უკეთებს.

სახალხო დამცველის მოკვლევის მიხედვით, რომელმაც დაადასტურა „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, „გოგონების წინადაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში“.

ჩანთლისყურში მცხოვრები ჯავგვარათ გაჯიევი, მისი სხვა მეზობლების მსგავსად, სასტიკად უარყოფს სოფელში გოგონათა წინადაცვეთის ტრადიციის არსებობას. ამბობს, რომ იყო, მაგრამ ადრე, დიდი ხნის წინ და ახლა ეს ტრადიცია „გადავარდა“:

„64 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ. ჩემ დროს იყო ეგ, ბავშვი რომ ვიყავი. მე გამიკეთეს. არც მე მახსოვს, ჩემი როდის და როგორ გააკეთეს. არაა მტკივნეული, პატარაობისას ჭრიან და რა მეხსომება. ადრე ბებრები აკეთებდნენ, ახლა ყველა მკვდარია, ვინც მაგის გაკეთება იცოდა. ტყუილებს ლაპარაკობენ. მოშორდა ეგ წესი აქედან. ბიჭებში კი დარჩა, მაგრამ გოგოებს აღარავინ უკეთებს წინადაცვეთას“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი